Facebook Twitter

ას-792-1158-06 19 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ვ. ხ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. წ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ .. ..“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ხ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ვ. ხ-ი უკანონოდ შეიჭრა მოსარჩელის კუთვნილი შენობის ლიტერ „ა“ კორპუსის მეორე სართულის ¹2,3 და 4 ოთახებში, რომლებიც სააქციო საზოგადოების ოფსეტური ბეჭდვის საამქროსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფართს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თანმხლებ პირებთან ერთად დაკავებული ფართიდან უნდა გამოსახლდეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სადავო ფართი სს „ .. ..“ საკუთრებას არ წარმოადგენს.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ .. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ხ-ი ოჯახის წევრებთან და მის თანმხლებ სხვა პირებთან ერთად ქ.თბილისში, ... ქ.¹1-ში მდებარე სს „ .. ..“ კუთვნილი შენობის ლიტერ „ა“ კორპუსის მეორე სართულის ¹2,3,4 ოთახებიდან გამოსახლდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 4 ოქტომბერს, რა დროსაც პროცესი გადაიდო ამავე წლის 18 ოქტომბრისათვის. მხარეები სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ და ხელწერილით დაადასტურეს, რომ მომავალი სხდომის დრო მათ ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვ. ხ-მა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორმა 2005 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობაზე, რის დასადასტურებლად წარადგინა ქ.თბილისის ბავშვთა პოლიკლინიკის 2006 წლის 13 აპრილის ცნობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ს. ვ-ს ძე ხ-ი არის ხშირად მოავადე და საჭიროებს დისპანსერულ მეთვალყურეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ვ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს სასამართლოში ვ. ხ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება აპელანტის მიერ წარმოდგენილი ქ.თბილისის ბავშვთა პოლიკლინიკის 2006 წლის 13 აპრილის ცნობა, ვინაიდან მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება, რომ სადავო სხდომის დღეს ვ. ხ-ის შვილი ავად იყო და ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ.ხ-ი საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ხ-მა და მისმა წარმომადგენელმა თ. წ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ვ.ხ-ს დაკავებული აქვს ფაბრიკის არა ¹2,3 და 4 ოთახები, არამედ მხოლოდ ერთი ოთახი. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სადავო ოთახი წარმოადგენს საწარმოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტს. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კასატორის მიერ წარდგენილი ცნობა მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2006 წლის 18 ოქტომბერს ვ.ხ-ი სასამართლოში საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 18 ოქტომბრისათვის. აღნიშნულის შესახებ მხარეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით, თუმცა აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებად ვ. ხ-ი მიიჩნევს 2005 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის დღეს თავისი შვილის _ ს. ხ-ის ავად ყოფნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რომელის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.

მოცემულ შემთხვევაში ვ. ხ-ი 2005 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს თავისი მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობას, რის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა ქ.თბილისის ბავშვთა პოლიკლინიკის 2006 წლის 13 აპრილის ცნობა, რომლის თანახმად 2004 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ს. ვ-ის ძე ხ-ი არის ხშირად მოავადე და საჭიროებს დისპანსერულ მეთვალყურეობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ დოკუმენტს სწორი შეფასება მისცა, როდესაც იგი მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზის დასტურად არ ჩათვალა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება სადავო სხდომის დღეს აპელანტის შვილის ავადმყოფობისა და ექიმთან ყოფნის ფაქტი, რამაც მხარის სასამართლოში გამოცხადება და გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინება ობიექტურად შეუძლებელი გახადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დარჩა უცვლელი, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ხ-ის და მის წარმომადგენელ თ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.