Facebook Twitter

ას-793-1008-08 30 ოქტომბერი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ი-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-აში

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 30 ოქტომბერს ჯ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ო. ი-ძის, ც. გ-ძის, გ. და მ. ი-ძეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან საკუთრებაში აქვს ქ. ბათუმში, ... ქ.¹36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველი სართულის ლიტ “ა” ¹8, ¹9, ¹10 და ¹11 ოთახებით, ქირავნობის უფლებით, სარგებლობდნენ მოპასუხეები. აღნიშნული ოთახები 1997 წლამდე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ-ს საკუთრებაში, რომელსაც ბინის ქირას უხდიდნენ მოპასუხეები, ხოლო მას შემდეგ, რაც ბინა ჯ. შ-ძის საკუთრებაში გადავიდა, მოპასუხეებს მისთვის ბინის ქირის საფასური აღარ გადაუხდიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. შ-ძემ მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ლიტ “ა” ¹8, ¹9, ¹10 და ¹11 ოთახებიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები _ ო. ი-ძე, ც. გ-ძე, გ. და მ. ი-ძეები გამოსახლებულ იქნენ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹36-ში ჯ. შ-ძის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლიდან.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო სახლთმფლობელობის 121/156 წილის, მათ შორის სადავო ოთახების მესაკუთრეა ჯ. შ-ძე;

მოპასუხეთა ოჯახი 1982 წლიდან ქირავნობის უფლებით სარგებლობდა სადავო ფართით, ბინის თავდაპირველ მესაკუთრეს უხდიდნენ ბინის ქირის საფასურს, ხოლო აღნიშნული ფართის ჯ. შ-ძის საკუთრებაში გადასვლის შემდგომ, დამქირავებლებმა ბინის ქირის საფასური აღარ გადაიხადეს. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოპასუხეთა სადავო ფართიდან გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ი-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლო სხდომა.

სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა ო. ი-ძის სააპელაციო საჩივრთან დაკავშირებული საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით განახლდა ო. ი-ძის სააპელაციო საჩივრთან დაკავშირებული საქმის წარმოება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით ო. ი-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ჯ. შ-ძე 1996 წლიდან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო;

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეები ფლობენ ჯ. შ-ძის საკუთრებაში არსებულ ნივთს, რასაც თავად მხარეებიც არ უარყოფენ;

სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მფლობელობა ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ, ქირავნობის უფლების საფუძველზე იყო წარმოშობილი ადრინდელ მესაკუთრესთან. თავის მხრივ, ჯ. შ-ძეს, როგორც ახალ მესაკუთრეს, არ დაურღვევია მართლზომიერ მფლობელთა ინტერესები და შესთავაზა მათ ქირის გადახდა, რაზეც მოპასუხეებმა უარი განაცხადეს იმ საფუძვლით, რომ ჯ. შ-ძე არ იყო ნივთის მესაკუთრე.

ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მესაკუთრის პრეტენზია _ სავინდიკაციო სარჩელით თავის დაცვის შესახებ, მოპასუხეებისაგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისაგან, ნივთის გამოთხოვისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ი-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი.

კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, ვინაიდან განჩინებას ხელს აწერს ის მოსამართლე, რომელსაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. ი-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელ მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ ნივთის მესაკუთრეა ჯ. შ-ძე, ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო ნივთს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეთა მფლობელობა ვალდებულებით, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე იყო წარმოშობილი ადრინდელ მესაკუთრესთან.

საპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ადრინდელ მესაკუთრესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობენ სადავო ფართს. ის გარემოება, რომ ჯ.შ-ძემ მოპასუხეებს მოსთხოვა ქირის გადახდა, არ ადასტურებს ადრინდელ მესაკუთრესთან ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.

ამდენად, სასამართლომ არ გაარკვია მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ამ ურთიერთობის პირობები და შესაბამისად არ ჩამოაყალიბა დასკვნები აღნიშნული თვალსაზრისით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს რა სამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა მოდავე მხარეებს შორის და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე სასამართლომ უნდა გაარკვიოს ხომ არ წარმოადგენს მათ შორის არსებული ურთიერთობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ი-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.