Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-79-360-08 .. ივლისი, 2008 წ

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ.მ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ი-ული (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მიშენების დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ.მ-შვილმა სარჩელი აღძრა თიანეთის რაიონულ სასამართლოში თ.ი-ულის მიმართ და მოითხოვა: დაბა თიანეთში, ... ქ. ¹8-ში ორმოცბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სადარბაზოში პირველ სართულზე ბინა ¹11-ში მცხოვრები მოქალაქე თ.ი-ულის მიერ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების და ავტოსადგომზე უნებართვოდ, უკანონოდ დაშენებული ღია ფარდულის დემონტაჟი, თ.ი-ულის მიერ ორმოცბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთით, ქუჩის მხარეს, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაწყობილი დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალის გატანა და უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) გამოთხოვა ორმოცბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ყველა მესაკუთრის სასარგებლოდ.

თიანეთის რაიონული სასამართლოს 20..წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ორმოცბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გამოთხოვილი იქნა ყველა მესაკუთრის სასარგებლოდ და დაევალა თ. ი-ს ამ ნაკვეთზე თავის ბინისათვის მიშენებული ოთახის დემონტაჟი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ი-ულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.მ-შვილი ცხოვრობდა დაბა თიანეთში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ბინის მეორე სადარბაზოში, მეორე სართულზე. ხოლო მოპასუხე თ.ი-ული ცხოვრობდა მოსარჩელის მეზობლად, იმავე მისამართზე, აღნიშნული ბინის პირველ სართულზე.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თიანეთის ქალაქმშენებლობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის მიერ 20..წ. 12 დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლითაც თ. ი-ს ნება მიეცა ლოჯიის მიშენების საწარმოებლად.

დადგენილი იქნა ის ფაქტიც, რომ პროექტი შეთანხმებული იქნა თიანეთის ქალაქმშენებლობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოპასუხემ აწარმოა ლოჯიის მშენებლობა წარმოადგენდა ორმოცბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც დგინდებოდა, რომ დაბა თიანეთში, ... ქ. ¹8-ში მეორე სართულზე მდებარე ბინა ¹.. წილობრივი მონაცემებით 39\18.. წარმოადგენდა ნ.მ-შვილის საკუთრებას. აღნიშნული ამონაწერით არ დგინდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მობინადრეთა საერთო საკუთრებას.

პალატამ განმარტა, რომ სარჩელის მოთხოვნა მიშენებული ლოჯიისა და ავტოსადგომზე მოწყობილი ღია ფარდულის დემონტაჟის შესახებ იმ მოტივით, რომ ისინი აგებული იყო უნებართვოდ, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ამ საფუძვლით მოთხოვნის სუბიექტი შეიძლება ყოფილიყო შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ლოჯიის მიშენებაზე შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საცხოვრებელი სახლის დასავლეთით არსებულ მიწის ნაკვეთზე დაწყობილი დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალის გატანაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ვარაუდი, რომ აღნიშნული სამშენებლო მასალით მოპასუხეს განზრახული ჰქონდა მიშენების განხორციელება, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-შვილმა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, ანუ იგნორირება გაუკეთა მას. შეგნებულად გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ არქმშენინსპექციას უფლება არ ჰქონდა მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე გაეცა მშენებლობის ნებართვა.

კასატორის განმარტავს, რომ დარღვეულია „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი. მისი აზრით თ. ი-ს უფლება არ ჰქონდა მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე ეწარმოებინა უკანონო მშენებლობა, რომელიც წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობის ფართს

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.მ-შვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლის 39\18.. წილი, აღნიშნულით კი არ დგინდება ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მობინადრეთა საერთო საკუთრებას. აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, ვინაიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოდავე მხარეები ცხოვრობენ განლაგებულია 760 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო საკუთრებას (ს.ფ. 12). ზემოთ მითითებული ნორმისა და საჯარო რეესტრის ამ მონაცემების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა და მასზე წარმოებული ლოჯის მშენებლობა განხორციელებულია მობინადრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ უნებართვო ლოჯის მიშენებით არ ილახება ლოჯის ზემოთ მდებარე ბინის მესაკუთრის უფლებები. აღნიშნული მშენებლობით იზრდება ი-ის ინდივიდუალური საკუთრება მობინადრეთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე, რაც თავისთავად შეუძლებელია მოხდეს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ამასთან, თუ მშენებლობა წარმოებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით, მან შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა მობინადრეებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის საყოფაცხოვრებო წესით გამოყენებაში (სარეცხის გაფენის შეუძლებლობა, ანტისანიტარიის წარმოშობა) და ა.შ. ამასთან სასამართლოს უნდა დაედგინა სადავო ავტოსადგომის განლაგება საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებაში.

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. აღნიშნული კი გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს განლაგებულია თუ არა ავტოსადგომი მობინადრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ილახება თუ არა ნ.მ-შვილის უფლებები უნებართვო მშენებლობის წარმოებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ.მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.