Facebook Twitter

¹ას-794-1116-07 14 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – გასასვლელი დახმარების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ზ-მა 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “.. ..ის” მიმართ და მოითხოვა გასასვლელი დახმარების სამი თვის ხელფასის კომპენსაციის 1050 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2005 წლის 19 აგვისტოს დაინიშნა შპს “.. ..ის” ფილიალ “... გადაყვანის” სავაგონო უბანში, საქვაბეში ...ის თანამდებობაზე ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული თანამდებობიდან გადმოყვანის წესით. მისი საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 350 ლარს. 2006 წლის 1 მარტიდან საკონტრაქტო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასასვლელი დახმარება 1 თვის ხელფასი არ მოუციათ, ასევე “ბ” პუნქტის თანახმად არ გადაუხდიათ 2 თვის ხელფასი გასასვლელი დახმარების მიცემის გაუთვალისწინებლად. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება გათვალისწინებულია შრომის კანონთა კოდექსის 2000 წლის ცვლილებებით. რაც შეეხება ახალ 2006 წლის 25 მაისის შრომის კანონთა კოდექსს იგი მოსარჩელეზე ვერ გავრცელდება, რადგან კანონს უკუქცევითი ძალა არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ზ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით ვ. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე ამომწურავად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატა. ასევე თვლის, რომ სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად და ამომწურავად მითითებისა და ანალიზის შემდეგ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად ერთი თვის გასასვლელი დახმარებისა და ამავე მუხლის “ბ” პუნქტის შეასაბამისად 2 თვის ხელფასის დაკისრებას მოპასუხეზე იმ საფუძვლით, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების შესაბამისად ჩათვალა, რომ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით და შრომით მოწყობამდე ორი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით მიეცემათ იმ მუშაკებს, რომელთაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “.. ..ის” ფილიალი “... გადაყვანის” დირექტორის 2006 წლის 1 მარტის ¹1631/გ ბრძანებით ვ. ზ-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2006 წლის 1 მარტიდან საკონტრაქტო ვადის გასვლასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი გაათავისუფლეს სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით, მასზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების მოქმედება ვერ გავრცელდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ზ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლების “ა” და “ბ” პუნქტები, თუმცა კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ გასასვლელი დახმარება მუშაკს ეძლევა ყველა შემთხვევაში ერთი თვის მაინც. კასატორმა ახალი შრომის კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ-თან შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა თავისი ინიციატივით, რაეც იგი თანახმა არ იყო. კასატორმა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, მოცემული საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიცნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს “.. ..ის” წარმომადგენელმა თავის მოსაზრებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული შემთხვევაში დავის საგანია გასასვლელი დახმარების ანაზღაურება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საკითხზე დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.