¹ას-794-1160-06 23 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ქ-ეE(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. რ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ნაგებობის აღება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. რ-ის მიმართ უკანონო ნაგებობის აღებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მის ბინასთან დაიწყო უკანონო მშენებლობა, მიისაკუთრა მის მიერ აშენებული ფართი, სამზარეულოს წინ ამოაშენა კედელი, რის გამოც ოთახში სინათლე და ჰაერი არ შემოდის. ოთახში გაჩნდა ნესტი. მან მოითხოვა მოპასუხის მიერ აშენებული ნაგებობის აღება და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ქ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. ქ-ემ. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ემ. მან მიუთითა, რომ განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის გადადების შესახებ. 2006 წლის 16 მაისს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ პროცესის დაწყებამდე გახდა ცუდად და ვერ დაესწრო პროცესს. მან სასამართლოში წარმოადგინა ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 16 მაისს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ.80). 2006 წლის 16 მაისს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა ლ. ქ-ე, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.86). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. ქ-ემ და მიუთითა, რომ 2006 წლის 16 მაისს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ პროცესის დაწყებამდე ცუდად გახდა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა პროცესი. გარდა ამისა, 15 მაისს შეიტანა სასამართლოში განცხადება საქმის გადადების თაობაზე, ასევე წარმოადგინა ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ (ს.ფ.94). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ლ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.96).
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლის 15 მაისს მართლაც მიმართა სასამართლოს ლ. ქ-ემ საქმის გადადების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. მან განცხადებასთან ერთად წარმოადგინა ცნობა ავადმყოფობის შესახებ, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს « .......... პოლიკლინიკის” მიერ ლ. ქ-ის სახელზე ცნობა არ გაცემულა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ლ. ქ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ქ-ეEსასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.