Facebook Twitter

ას-79-412-09 7 აპრილი 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «გ.” დირექტორ ჯ. ო-იანის და მისი წარმომადგენლის თ. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს «გ.” სარჩელის გამო მოპასუხე შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიმართ, ფულადი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის კანონით დადგენილი პროცენტის დაკისრების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის _ 1172.8 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 17 თებერვალს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლება.

უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

2009 წლის 10 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა, სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლება.

უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

ამავე წლის 30 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო ღია სს კავკასიის განვითარების ბანკის თბილისის ფილიალის ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს «გ.” ანგარიშზე არის 92.55 ლარი, შესაბამისდ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის წინას «გ.” წარი გადახდისაგან გათავისუფლება.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «გ.” დირექტორ ჯ. ო-იანის და მისი წარმომადგენლის თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.