Facebook Twitter

ას-79-425-07 5 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. რ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ყ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, იმ მოტივით, რომ მის საკუთრებაში ირიცხება თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ბინა ¹68. მოპასუხე გ. ყ-ი ადრე ცხოვრობდა მის ბინაში შემდეგ იპოთეკით დატვირთა და გაყიდა ზემოთაღნიშნული ბინა, 2003 წლის 1 ივლისს მოპასუხე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, რის შემდეგაც უკანონოდ შეიჭრა სადავო ბინაში და აგრძელებს ცხოვრებას. თ. რ-მა მოითხოვა გ. ყ-ის გამოსახლებას სადავო ბინიდან ვინაიდან მოპასუხეს არ აქვს აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლება.

თბილისის ვაკე _ საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. რ-ის სარჩელი, გ. ყ-ი გამოსახლებულ იქნა თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან, რაც გაასაჩივრა გ. ყ-მა.

თბილისის ვაკე _ საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ყ-ის საჩივარი, უცვლელი დარჩა ქ. თბილისის ვაკე _ საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე _ საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინება და გ. ყ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე დაუბრუნდა განსახილველად იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. რ-ის სარჩელი, გ. ყ-ი გამოსახლებულ იქნა თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. ყ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. ყ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, გ. ყ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა 2007 წლის 12 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში გ. ყ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.