Facebook Twitter

ას-795-1161-06 5 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. რ-ის წარმომადგენელ ი. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 14 ნოემბერს შ. გ-მ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. რ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1995 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი _ 1996 წლის 30 იანვარს დაბადებული მ. მ-ს ასული რ-ი, რომლის რჩენისთვისაც მ. რ-ის ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწვყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, და 1998 წლის 16 მაისს დაბადებული ნ. მ-ს ასული გ-ე, რომელსაც, ახლობლების ჩარევის შედეგად მოპასუხემ საკუთარი გვარი არ მისცა და უარი განაცხადა მის მამობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მამობის დადგენა და მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდევინება 1998 წლის 16 მაისს დაბადებული შვილის _ ნ. გ-ის სასარგებლოდ.

რაიონულ სასამართლოში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე შ. გ-მ მოითხოვა ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება მის მიერ უკან გამოთხოვის გამო.

მოპასუხე მ. რ-ის წარმომადგენელმა – ი. რ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. გ-სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. რ-ი აღიარებულ იქნა შ. გ-ის შვილის, 1998 წლის 16 მაისს დაბადებული ნ. გ-ის მამად. შ. გ-ის სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ უკან გამოთხოვის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ის წარმომადგენელმა ი. რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. რ-ის წარმომადგენლის ი. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ აპელანტს ფაქტობრივი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან ნ. გ-ის დაბადებამდე და იგი არის მისი პირველი შვილის მამა. ასევე დაადგინა, რომ მხარეები, ბავშვის დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც, ერთობლივ საოჯახო მეურნეობას აწარმოებდნენ და ზრუნავდნენ ბავშვების აღზრდაზე, რაც მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ის წარმომადგენელმა ი. რ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. რ-ის წარმომადგენელ – ი. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

მ. რ-ის წარმომადგენლის ი. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხე შ. გ-მ წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. რ-ის წარმომადგენელ _ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის წარმომადგენელ _ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მამობის დადგენასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. რ-ის წარმომადგენელ – ი. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. რ-ის წარმომადგენელ _ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.