ას-797-1163-06 18 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ხ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-ე-ნ-ა, დ. ნ-ი (მოპასუხეები)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-მ 2005 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ი. ს-ე-ნ-სა და დ. ნ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1996 წლის 1 თებერვალს მოპასუხეებს სესხის სახით გადასცა 2400 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ მოთხოვნისთანავე. ხელშეკრულების თანახმად სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ყოველთვიური სარგებელი ძირითადი თანხის 2400 აშშ დოლარის 10%-ის ოდენობით, ხოლო ძირითადი თანხა უნდა დაებრუნებინათ მოთხოვნისთანავე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება და შეწყვიტეს სარგებლის გადახდა. 1996 წლის 1 თებერვლიდან დღემდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის სახით მიღებული აქვს მხოლოდ 1500 აშშ დოლარი, ნაცვლად 25920 აშშ დოლარისა. მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 407-ე და 414-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას მიღებული ექნებოდა 28320 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს მოპასუხეების მიერ მიყენებულ ზიანს. გადახდილი 1500 აშშ დოლარის გამოკლებით მოპასუხეებს დარჩენილი აქვთ 26820 აშშ დოლარის გადახდა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ი. (დ.) ს-ე-ნ-ს და დ. ნ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 11268 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ს-ე-ნ-სა და დ. ნ-ს ლ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2990,25 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ სესხის არსებობა არ დასტურება მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ხ-ის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ლ. ხ-მ ფული ასესხა არა ი. და დ. ნ-ებს, არამედ ბანკს, ხოლო ი. და დ. ნ-ები აღნიშნულ სამართალურთიერთობაში შუამავლებს წარმოადგენდნენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ნ-სა და ლ. ხ-ს შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმად ი. ნ-ა ვალდებული იყო ლ. ხ-სათვის გადაეხადა 2050 აშშ დოლარი, ამასთან გარიგება არ იყო სასყიდლიანი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ლ. ხ-ე ი. ნ-ს ფულადი თანხის გადახდას მოსთხოვდა, ი. ნ-ა ვალდებული იყო გადაცილებული დროისათვის გადაეხადა კანონით განსაზღვრული პროცენტი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მინიმალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს ისე, რომ ამან კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება არ გამოიწვიოს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ აღნიშნულ სარგებელთან გონივრულ შესაბამისობაშია საპროცენტო სარგებელი წლიური 36%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 3%-ს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან ლ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში 2003 წლის 17 ივნისს და ამ დროიდან მოითხოვა ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ი. ნ-საც 2003 წლის 17 ივნისიდან უნდა დაეკისროს პროცენტი გადაცილებული დროისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ი. ნ-ს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2003 წლის 17 ივლისს, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ლ. ხ-ის სასარგებლოდ ვალდებულების ძირითადი თანხის 2050 აშშ დოლარისა და 2003 წლის 17 ივლისიდან 2005 წლის 22 მარტამდე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. ი. ნ-ს მიერ ლ. ხ-სათვის გადახდილი 300 აშშ დოლარის გამოკლებით ი. ნ-ს ვალმა ლ. ხ-ის მიმართ შეადგინა 2990,25 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია), რადგანაც მხარეები არ შეთანხმებულან დავის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტაზე. მხარეთა შორის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2003 წლის 17 ივლისს, ანუ იმ დროს როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უკვე ძალაში იყო. შესაბამისად, ბაღდათის რაონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ხ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, 1996 წლის 1 თებერვალს მან დ. ნ-თან შეთანხმების საფუძველზე დ. და ი. ნ-ებს, იგივე დ. ს-ს, გადასცა სესხის სახით 2400 აშშ დოლარი, ყოველთვიური 10%-ის სარგებლის დარიცხვით, რასაც ადასტურებს დ. ს-ე თავისი ხელწერილით. კასატორის განმარტებით ნ-ების მტკიცებით ი. ნ-ა მუშაობდა სახელმწიფო ბანკში, რაც შემდგომში მცდარი აღმოჩნდა და იგი სინამდვილეში ეწეოდა მევახშეობას და არც კასატორის თანხა ჰქონდა შეტანილი ბანკში; მოვალეები პროცენტს შეთანხმებისამებრ იხდიდნენ და პირადად იკისრეს რამოდენიმეჯერ ვალდებულება სესხის დაბრუნების თაობაზე. მიუხედავად კასატორის სიტემატური მოთხოვნისა, 1996 წლიდან ნ-ებმა ვალდებულება არ შეასრულეს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ კასატორსა და ნ-ებს შორის არსებულ ურთიერთობას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, არასწორად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება იყო გაფორმებული ბანკთან და მოპასუხეები იყვნენ შუამავლები; სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და გაიზიარა მხოლოდ დ. ს-ე-ნ-ს ზეპირი განმარტება და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა ვალდებულების შესრულება მოითხოვა 2003 წლის 17 ივლისს, სასამართლოში სარჩელის აღძვრისას, რაც არასწორია, რადგან კრედიტორი მოვალეებს ვალდებულების შესრულებას 1996 წლიდან თხოვდა. სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღების ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად დატოვა ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და განიხილა მხოლოდ ნ-ების საჩივარი, რომელზედაც ბაჟი გადახდილი არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ. ხ-ს 1996 წელს არ უსესხებია 2400 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-იანი სარგებლით უშუალოდ ი. და დ. ნ-ებისათვის. სასამართლომ თვით მოსარჩელის და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ჩათვალა, რომ ლ. ხ-მ ზემოაღნიშნული თანხა ი. და დ. ნ-ების მეშვეობით შეიტანა ბანკში;
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი 1996 წლიდან 2003 წლამდე მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ ყოველთვიური პროცენტის დაკისრებაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ხ-მ 2002 წლის 23 აგვისტოს ხელწერილში მიუთითა, რომ მან იმავე დღეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოში ჩაიბარა ი. ს-საგან გამოგზავნილი 350 აშშ დოლარი და ი. ს-ს გადასახდელი დარჩა 2050 (ორიათას ორმოცდაათი) აშშ დოლარი (ტ. I ს.ფ. 115). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ხელწერილის საფუძველზე სწორად ჩათვალა, რომ 2002 წლის 23 აგვისტოს კრედიტორმა ხელწერილით დაადასტურა თავისი მოთხოვნის ოდენობა მოპასუხის მიმართ; ამ ხელწერილში პროცენტის თაობაზე კი საერთოდ არ არის მითითებული, რის გამოც სააპელაციო პალატამ იგი უპროცენტო სესხად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ ამ ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ ვინაიდან მასში არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დრო, ამიტომ ი. ნ-ა ვალდებული იყო ლ. ხ-ის მიმართ ვალდებულება შეესრულებინა მოთხოვნისთანავე (ს.ფ. 248). სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვათ არა 1996 წლიდან, არამედ 2003 წლის 17 ივლისიდან, როცა ლ. ხ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება (ტ.II ს.ფ.1).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად კი სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3%-ის გადახდა, რაც 61,5 აშშ დოლარს შეადგენს. სასამართლომ აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი მოპასუხეებს 20 თვის და 5 დღის გათვალისწინებით დააკისრა, რაც შეადგენს (61,5X20)+(61,5X5)+2050=3290,25 აშშ დოლარს. სასამართლომ 3290,25 აშშ დოლარს გამოაკლო ი. ნ-ს მიერ ლ. ხ-სათვის გადახდილი 300 აშშ დოლარი (IV ტომი ს.ფ. 103) და საბოლოოდ მოსარჩელის სასარგებლოდ 2990,25 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა სოლიდარულად ი. და დ. ნ-ებს, რადგან მათი სოლიდარული ვალდებულება სადავო არ გამხდარა სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს სწორად დააკისრა ლ. ხ-ის სასარგებლოდ ძირითადი თანხა 2050 აშშ დოლარი და ამ თანხის პროცენტი 2003 წლის 17 ივლისიდან 2005 წლის 22 მარტამდე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.