ას-798-1013-08 26 თებერვალი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ხ-შვილი, ი. ც-შვილი, ზ. გ-ძე და სხვები
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება.
დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2006 წლის 27 ივნისს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. ხ-შვილმა, ი. ც-შვილმა, ზ. გ-ძემ და სხვებმა თერჯოლის რაიკოოპერატივისა და თერჯოლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურის (შემდგომში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პროვატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო) მიმართ და მოითხოვეს ქონების გადაცემის შესახებ 2006 წლის 16 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით მ. ხ-შვილის, ი. ც-შვილის, ზ. გ-ძისა და სხვების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინებით დადგინდა, რომ აღნიშნული საქმის განხილვა უნდა წარმართულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თერჯოლის რაიონულ სასამართლოში 2008 წლის 31 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომლის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოედქის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელი და არც რაიმე მიზეზი გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია. თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მ. ხ-შვილის, ი. ც-შვილის, ზ. გ-ძისა და სხვების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის რაიკოოპერატვისა და თერჯოლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს შორის (შემდგომში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო) 2006 წლის 16 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ქონების გადაცემის შესახებ.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ იგი იმყოფებოდა იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ამბოლატორიული მკურნალობისათვის, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა საქართველოს იმერეთის სამხარეო პათოლოგიათა ცენტრის 2008 წლის 12 თებერვალს გაცემული ცნობა.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საჩივარი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ მიიჩნია საპატიო მიზეზად, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2008 წლის 11 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა მათი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამედიცინო დოკუმენტის შინაარსიდან, კერძოდ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, სრული საფუძველი ჰქონდა მოპასუხის წარმომადგენელ მ. კ-ძის ავადმყოფობა ჩაეთვალა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპროცესო კანონით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ხ-შვილმა, ი. ც-შვილმა, ზ. გ-ძემ და სხვებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება საპროცესო ნორმების დარღვევით გამოიტანა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორთა აზრით, სამედიცინო ცნობაში თვალნათლივ არის მითითებული, რომ მ. კ-ძე იმყოფებოდა ამბოლატრიულ და არა სტაციონალურ მკურნალობაზე, სააპელაციო სასამართლომ კი ყოვლად უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომლიც არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმებს. ამასთან, სასამართლო მთლიანად დაეყრდნო მოპასუხე მხარის მტკიცებულებებს, ისე, რომ არ გამოუკვლევია მათი ნამდვილობა და სიყალბე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ხ-შვილის, ი. ც-შვილის, ზ. გ-ძისა და სხვების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ (ტ.2 ს.ფ. 24). ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებები, რომელიც მოპასუხის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა მათი წარმომადგენლის ავადმყოფობა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იმერეთის სამხარეო ინფექციურ-პათოლოგიათა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (ტ.II ს.ფ. 47) ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელი მ. კ-ძე სასამართლო სხდომის დღეს ამბოლატორული მკურნალობისათვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში – დიაგნოზით მწვავე ნაწლავური ინფექცია. სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე საპატიოდ უნდა მიეჩნია, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ავადმყოფობის მითითების შემთხვევაში, ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე, კასატორის მიერ წარმოდგენილ ცნობაში კი აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ ყოფილა. ამასთან, არც დოკუმენტის შინაარსი, კერძოდ, დასმული დიაგნოზი, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მ. კ-ძის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელი იყო, ვინაიდან მითითებული ცნობის თანახმად, იგი ამბოლატორიული წესით მკურნალობდა, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა და შეეძლო აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა.
რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საპატიო მიზეზად აპელანტის მიერ მითითებული გარემოებანი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. ხ-შვილის, ი. ც-შვილის, ზ. გ-ძისა და სხვების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
უცვლელად დარჩეს თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.