Facebook Twitter

ას-798-1120-07 30 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. პ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ნ. პ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ზ. კ-ს მიმართ და მოითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აწ გარდაცვლილი დის _ ლ. პ-ს მემკვიდრეებად ცნობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. კ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მამა ს. კ-მ 2000 წლის 3 მარტიდან _ თავისი მეუღლე ლ. პ-ს გარდაცვალებიდან მიიღო ლ.პ-ს სამკვიდრო და ფლობდა მას 2002 წლის 8 მარტამდე _ საკუთარ გარდაცვალებამდე. განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, დასახელებული განცხადების განხილვისას ისინი მოეწვიათ მხარედ.

ზ. კ-მ ასევე სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, ავადმყოფობისა და ძმის გარდაცვალების გამო, გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და მამის _ ს. კ-ს მემკვიდრედ ცნობა.

მითითებული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მამის სამკვიდროს მიღების ვადა აღუდგა, ხოლო მ. და ნ. პ-ების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. და ნ. პ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით მ. და ნ. პ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სენაკში, ... ქ.¹12-ში მდებარე სახლი იყო ლ. პ-ს საკუთრება. ეს უკანასკნელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. კ-სთან, გარდაიცვალა 2000 წლის 3 მარტს და მეუღლე ს. კ-ს გარდა პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის დებს _ მ. და ნ. პ-ებს ლ.პ-ს სამკვიდროზე უფლებები არ გააჩნდათ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტთა მითითება, რომ ს.კ-ს სიცოცხლეში მეუღლის სამკვიდროს მოწმობა არ აუღია, ამდენად, მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო უნდა გაიხსნას ლ.პ-ს ქონებაზე. სასამართლო დაყრდნო ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილს და ჩათვალა, რომ ს. კ-მ ლ.პ-ს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღო. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ს.კ-ა 2002 წლის 8 მარტს გარდაიცვალა და მისი პირველი რიგის მემკვიდრეა ზ. კ-ა, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს მამის სამკვიდრო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.კ-ს მოთხოვნა ავადმყოფობის გამო მამის სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა მ. და ნ. პ-ების მოთხოვნა სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლები საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილან. სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეთა კანონიერ ინტერესებს არ შეხებია. უფრო მეტიც, განმცხადებლებს გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ და ს.კ-ს მიერ ლ.პ-ს სამკვიდროს მიღება პირდაპირ დაადასტურეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. პ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც მიიჩნია, რომ ს.კ-ს გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა ამ უკანასკნელის მემკვიდრეობა. ფაქტობრივად, ს.კ-ს დასახლებეული ნორმის საფუძველზე სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია და ვერც მემკვიდრეობით გადასცემდა ვინმეს. ლ.პ-ს მემკვიდრეები კი არიან მ. და ნ. პ-ები, რადგან ლ.პ-ს გერი _ ზ. კ-ა მის მემკვიდედ ვერ ჩათვალება. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი, ვინაიდან ს.კ-ს კანონით დადგენილ ვადაში მეუღლის სამკვიდროს მიღება არ უცდია. მან იცოდა, რომ სადავო ქონება პ-ების საერთო საკუთრება იყო. ამდენად, ს.კ-მ აღნიშნული ქონების მიღებაზე უარი თქვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ. პ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ.კ-მ განცხადებით მიმართა პალატას, რომელსაც დაურთო წერილობითი მასალების ქსეროასლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მემკვიდრედ ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ემყარება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება ზ. კ-ს მიერ წარმოდგენილ წერილობით მასალებს, ისინი მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, განცხადებაზე თანდართული წერილობითი მასალები 5 ფურცლად უნდა დაუბრუნდეს ზ.კ-ს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. პ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ზ. კ-ს დაუბრუნდეს წერილობითი მასალები 5 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.