Facebook Twitter

¹ას-798-1164-06 12 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს “ .. .. ..” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჭ. თ-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება

დავის საგანი - თანხის გადახდევინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2000 წლის 5 დეკემბერს სს „ .. .. ..“, შპს „ჭ. თ-სა“ და შპს „პ-ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „პ-მა“ თავისი აქტივი 1.745 329 ლარზე გადასცა შპს „ჭ. თ-ს“. ამ უკანასკნელმა მოიპოვა უფლება სს „ .. .. ..“ მითითებული თანხის მოთხოვნაზე, ხოლო შპს „თ-ი“ და შპს „პ-ი“ ურთიერთანგარიშსწორებაზე ცალკე შეთანხმდნენ. 2000 წლის 26 ოქტომბერს შპს „ს-მა“ შპს „ჭ. თ-ს“ წერილობითი თხოვნის საფუძველზე სს „ .. .. ..“ გადაურიცხა 1 მილიონი ლარი. 2000 წლის 5 დეკემბერს შპს „ს-ს“ შპს „ჭ. თ-სა“ და სს „ .. .. ..“ შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „ .. .. ..“ ჩარიცხული ერთი მილიონი ლარი „ს-მა“ გადახდილად ჩაუთვალა სს „ .. .. ..“. შპს „ჭ. თ-მა“ 1 მლ. ლარის გადახდა ივალდებულა „ს-სათვის“. სს „ .. .. ..“ და შპს „ჭ. თ-ი“ ურთიერთანგარიშსწორებაზე შეთანხმდნენ ცალკე, რითაც სს „ .. .. ..“ 1 მილიონი ლარით გაეზარდა დავალიანება შპს „ჭ. თ-სადმი“.

შპს „ჭ. თ-მა“ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით. ქუთაისის სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 12 ივლისს მიიღო გადახდის ბრძანება, რომლის თანახმად მოვალე სს „ .. .. ..“ განმცხადებლის შპს „ჭ. თ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანება 2 649 786 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

სს „ .. .. ..“ გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი (პროტესტი), რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა 2001 წლის 12 ივლისის გადახდის ბრძანება და შპს „ჭ. თ-ის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით სს „ .. .. ..“ და შპს „ჭ. თ-ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რომელმაც 2005 წლის 22 ივლისს განსჯადობის წესის დაცვით საქმე განსახილველად გადაუგზავნა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ჭ. თ-ის“ სარჩელი. სს „ .. .. ..“ დაეკისრა დავალიანების 2 535 186,5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „.. .. ..“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით სს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. .. ..“ წარმომადგენელმა ლ. ს-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები და შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სს „ .. .. ..“ წარმომადგენელს ლ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 50 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით სს „ .. .. ..“ წარმომადგენელს ლ. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სს „ .. .. ..“ წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს „ .. .. ..“ წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სს „ .. .. ..“ წარმომადგენელს ლ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 147-148).

ამავე პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და სს „ .. .. ..“ წარმომადგენელს ლ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში ზემოთმითითებული ხარვეზის შევსება (ს.ფ.160-161).

მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე სს „ .. .. ..“ წარმომადგენელს ლ. ს-ს გაეგზავნა 2006 წლის 18 დეკემბერსა და 2007 წლის 12 იანვარს (ს.ფ. 149, ს.ფ.162), ხოლო კასატორს განჩინებების ასლები პირადად ჩაბარდა 2006 წლის 21 დეკემბერსა და 2007 წლის 16 იანვარს (ს.ფ.150, ს.ფ.163). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 26 იანვრის ჩათვლით, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს „ .. .. ..“ წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. .. ..“ წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.