Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-799-1121-07 27 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,კ-ის” გენერალური დირექტორი მ. კ-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე---შ. მ-შვილის სამკვიდროს მმართველის ი. მ-შვილის წარმომადგენელი შ. ა-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა -- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს ,,კ-ის” დამფუძნებელმა შ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა შპს ,,კ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მისი რეგისტრაციის გაუქმება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით შ. მ-შვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს ,,კ-ში” ლიკვიდატორად დაინიშნა ზ. ჩ-ია, რომელსაც დაევალა სალიკვიდაციო პროცესის წარმართვა და ამის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა შპს ,,კ-ის” დირექტორმა მ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს ,,კ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასმართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინება.

პალატამ დაადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინება შპს „კ-ის“ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესს არ შეხებია.

პალატამ მიიჩნია, რომ 1991 წლის 16 ივლისს დაფუძნებული შპს „კ.“ და 1997 წლის 17 ივნისს დაფუძნებული შპს „კ.“ არის ორი დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელთაც ერთმანეთთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ, ანუ 1997 წლის 17 ივნისს დაფუძნებული შპს „კ.“ არ არის 1991 წლის 16 ივლისს დაფუძნებული შპს „კ-ის“ სამართალმემკვიდრე.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ 1997 წლის 17 ივნისს დაფუძნებული შპს ,,კ-ის“ წესდების შეცვლილ ვარიანტში მითითებულ იქნა, რომ იგი წარმოადგენს 1991 წლის 26 ივნისს დაფუძნებული შპს „კ-ის“ სამართალმემკვიდრეს, თუმცა ეს ჩანაწერი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა 1991 წელს დაფუძნებული საწარმოს სამართალმემკვიდრე, თუ 1991 წელს რეგისტრირებული საწარმო, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, 1996 წლის 31 დეკემბრამდე ხელახლა გატარდებოდა რეგისტრაციაში, ვინაიდან შპს „კ-მა“ ეს ვადა გაუშვა, მან დაკარგა ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად 1997 წლის 17 ივნისს რეგისტრირებული შპს „კ.“ არის ახალი, დამოუკიდებელი საწარმო.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა და ეს განჩინება ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინების საფუძველზე და სხვა მოთხოვნა 1997 წლის 17 ივნისს რეგისტრირებული შპს „კ-ის“ მიმართ მოსარჩელეს არ დაუყენებია, შესაბამისად არსებულ დავაში მოსარჩელეს აპელანტის მიმართ მოთხოვნა არ ჰქონია.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,კ-ის” გენერალურმა დირექტორმა მ. კ-აძემ.

კასატორის განმარტებით, 1991 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის ¹17 დადგენილებით შეიქმნა ერთობლივი საზოგადოება „კ.“, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ (რეესტრი ¹19). ერთობლივი საწარმოო „კ-ის“ დამფუძნებლები გახდნენ: ... სანაოსნო – 17%, ფოთის საზღვაო ვაჭრობა – 24%, ... ნავსადგური – 12%, საფრანგეთის ფირმა „ჟ.დ.“ – 30%, ... მორინტორგი – 17%-იანი წილით. შ. მ-შვილი დამფუძნებელი არ არის. 1996 წლის 11 სექტემბერს 2 დამფუძნებელს შეეცვალათ სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, ... მორინტორგი და .. სანაოსნო საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად ერთობლივი საწარმოო „კ-ის“ გამგეობის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹1) ცვლილებები გატარდა უკვე იმჟამად მოქმედი ახალი კანონის შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში. საზოგადოების დამფუძნებლები და წილები განაწილდა შემდეგნაირად: ს\ს ... ნავსადგური – 5%, საფრანგეთის ფირმა „ჟ.დ.“ – 55%, ს\ს „ი.“ – 40%. აქაც დამფუძნებელი შ. მ-შვილი არ არის. აღნიშნული არ გაითვალისწინა სასამართლომ.

კასატორის განმარტებით, მომსახურე ბანკების მიერ ისინი აღიარებული არიან 1991 წლის 16 ივლისს დაფუძნებული შპს ,,კ-ის” უფლებამონაცვლედ.

ასევე კასატორის განმარტებით, 2002 წლის 25 ოქტომბერს ფოთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფოთის საქალაქო საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ შპს ,,კ-ს” დაეკისრა 38012 ლარი. აღნიშნული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით.

კასატორის აზრით, ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, ფოთის სასამართლომ, ქუთაისის საოლქო სასამართლომ და საქართველოს უზენაეს სასამართლომ შპს „კ-ზე“ იმსჯელა, როგორც 1991 წლის 16 ივლისს დაფუძნებული შპს ,,კ-ის” უფლებამონაცვლეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები¸გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „კ-ს“ ინტერესს 2005 წლის 11 ივლისის განჩინება არ შეხებია უსაფუძვლოა. იმ პირობებში, როდესაც შპს „კ-ის“ წესდების 1-ელ მუხლში მითითებულია, რომ 1997 წლის 17 ივნისს რეგისტრირებული შპს „კ.“ შექმნილია შპს „კ-ის“ რეორგანიზაციის შედეგად „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე და წარმოადგენს აღნიშნული საწარმოს სამართალმემკვიდრეს, შეუძლებელია ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ 1997 წელს რეგისტრირებულ შპს „კ-ს“ არ გააჩნია ინტერესი მოცემულ დავასთან მიმართებაში.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ასეთ საწარმოთა მიმართ გავრცელდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5.8 მუხლით გათვალისწინებული დებულებანი, კერძოდ კი ამ ნორმის საფუძველზე დაიშვა საწარმოთა რეგისტრაციის გაუქმება საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე. სწორედ აღნიშნულ ნორმას იყენებს ფოთის რაიონული სასამართლო აღნიშნული დავის განხილვისას. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ ნორმაში მითითებულ მესამე პირთა წრე არ არის განუსაზღვრელი და არ შეიძლება საწარმოთა რეგისტრაციის გაუქმებაზე ნებისმიერმა პირმა შეიტანოს სარჩელი. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირთა განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო განიხილავს იმ პირის სარჩელს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლება ან კანონიერი ინტერესი დაირღვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველ რიგში სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზე თუ რომელი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავადაა მიმართული შ. მეგრელიშვილის სარჩელი.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო აცხადებს ამა თუ იმ არარეგისტრირებული საზოგადოების ლიკვიდაციას, გამოკვლეული უნდა იქნას ამ საზოგადოების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა. კერძოდ რა სახით არსებობს იგი, ხომ არ ფუნქციონირებს იგი როგორც არარეგისტრირებული იურიდიული პირი, ხომ არ არის ეს საზოგადოება დაშლილი („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 14.12 მუხლი), როგორია საზოგადოების პარტნიორთა დამოკიდებულება ამ პროცესისადმი და შემოწმდეს საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილება მოცემული ეტაპისათვის.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევა-შემოწმების გარეშე შეუძლებელია საწარმოში გამოცხადდეს ლიკვიდაცია და შესაბამისად მოხდეს საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,კ-ის” გენერალური დირექტორის მ. კ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.