Facebook Twitter

ას-800-1166-06 28 მარტი, 2006 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ფ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ. ფ-მ ვალდებულება იკისრა დ. ქ-სათვის დაემზადებინა კარ-ფანჯარა და მოეპირკეთებინა ფართი. მოპასუხემ შესრულებული სამუშაო არ მოიწონა და მოსარჩელეს დამატებითი ანაზღაურების დაპირებით დაავალა კარ-ფანჯრის გადაღებვა. სამუშაოს შესრულების მიუხედავად, მოპასუხეს საზღაური სრულად არ გადაუხდია. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა დ.ქედელიძისათვის 852 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ფ-მ და მისმა წარმომადგენელმა რ. ფ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შ. ფ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. ამასთან, რ. ფ-ს დამატებით დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი რ. ფ-ს ჩაბარდა 2006 წლის 4 იანვარს, ხოლო შ. ფ-ს _ ამავე წლის 28 თებერვალს, თუმცა მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ფ-ისა და მის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შ. ფ-ისა და მის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიან ვადაში მისი გამოსწორება.

საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი რ. ფ-ს ჩაბარდა 2006 წლის 4 იანვარს, ხოლო შ. ფ-ს _ ამავე წლის 28 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორსა და მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ფ-ისა და მის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ფ-ისა და მის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება