Facebook Twitter

¹ ას-801-1167-06 16 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს ,, .. .. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ე, ო. ქ-ე, გ. მ-ი და ვ. ბ-ე (მოსარჩელეები)

დავის საგანი – აქციონერთა კრების ჩატარება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. თ-მ, ო. ქ-მ, გ. მე-მა და ვ. ბ-მ 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სს ,, .. .. ..” დირექტორთა წინააღმდეგ და მოითხოვეს საზოგადოების მორიგი აქციონერთა კრების ჩატარება.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით თ. თ-ის, ო. ქ-ის, გ. მ-ის და ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასა-მართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა თ. თ-მ, გ. მ-მა და ვა. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის, გ. მ-ის და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. თ-ის, გ. მ-ის და ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს ,, .. .. ..” დირექტორებს დაევალათ სს ,, .. .. ..” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევა 2004 და 2005 წლების შედეგების განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა სს ,, .. .. ..”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კასატორ სს ,, .. .. ..” წარმომადგენელს ლ. ს-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით კასატორ სს ,, .. .. ..” წარმომადგენელს ლ. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის ვადა და დაევალა ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,, .. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კასატორ სს ,, .. .. ..” წარმომადგენელს ლ. ს-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად (ს.ფ. 97-98). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით კასატორ სს ,, .. .. ..” წარმომადგენელს ლ. ს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის ვადა და დაევალა ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 110-111). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სს ,, .. .. ..” წარმომადგენელს ლ. ს-ს (ს.ფ. 112), რაც 2007 წლის 29 იანვარს ჩაბარდა სს ,, .. .. ..” (ს.ფ. 113). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 8 თებერვალს ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან სს ,, .. .. ..” წარმომადგენელმა ლ. ს-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს ,, .. .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ,, .. .. ..” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.