¹ას-802-1017-08 22 იანვარი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. მ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სამტრედიის ... საჯარო სკოლაE (მოპასუხე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. მ-იამ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სამტრედიის ¹... საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, ასევე შელახული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა. მოსარჩელის მითითებით, იგი 2007 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა სამტრედიის ¹... საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის, ასტრონომიისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების პედაგოგად. 2007 წლის 15 თებერვლის ბრძანებით იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო: ბრძანების საფუძველი გახდა მოსწავლეთა საჩივარი და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, თუმცა ბრძანებაში მითითებული არ არის სკოლის რომელ ორგანოში, დირექტორთან თუ სამეურვეო საბჭოში შევიდა მოსწავლეთა განცხადება მისი სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სკოლის წესდების მე-15 მუხლში მითითებულია, რომ მოსწავლეთა საჩივარი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევისას შედის სკოლის დირექტორთან, რომელიც მას განიხილავს ორი კვირის ვადაში. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ განცხადება განხილულ იქნა კრებაზე, რომელზეც მოსწავლეებმა და მშობლებმა მოითხოვეს გ. მ-იას სამუშაოდან განთავისუფლება. მოსარჩელის მითითებით, საჯარო სკოლის წესდებით მშობელთა კრება არ არის კომპეტენტური ორგანო გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედება ბრძანებას მასწავლებლის განთავისუფლების თაობაზე. გ. მ-იას განმარტებით, დირექტორმა ბრძანების გამოცემისას დაარღვია საჯარო სკოლის წესდების მე-15 მუხლი, „საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 95-ე მუხლის მეორე ნაწილი და 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. მისი აზრით, აღნიშნული მუხლების დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია და მან მოითხოვა 2007 წლის 15 თებერვლის ¹25 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით, გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-იამ. მან მიუთითა, რომ პედსაბჭო არ არის უფლებამოსილი ორგანო, იმსჯელოს პედაგოგის განთავისუფლების საკითხზე, არა აქვს უფლება, სხდომაზე დაისწროს მოსწავლე და მშობელი. მოცემულ შემთხვევაში კი პედსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და მშობლები, გადაწყდა მისი განთავისუფლების საკითხი, რაც საფუძვლად დაედო ბრძანება ¹25-ს. აღნიშნული არის კანონის უხეში დარღვევა და ბრძანების გაუქმების უდავო საფუძველი, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დირექტორმა მოსწავლეების განცხადება განსახილველად არ გადასცა კომპეტენტურ ორგანოს – სამეურვეო საბჭოს. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მოსაზრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. მ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.