საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-803-1123-07 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ვ. და ქ. გ-შვილები
მ. ი-შვილი
მესამე პირი _ ა. ა-აძე
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მ. ი-შვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახის კანონით მემკვიდრეობის მოწმობისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ინ ა წ ი ლ ი :
გ.გ. და მ. ი-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1982 წლის ოქტომბრიდან. მათ შეეძინათ ორი შვილი, 1991 წლის 13 ნოემბერს – გ. გ., ხოლო 1993 წლის 15 თებერვალს კი-ქ. გ.
1998 წლის აპრილში გ. გ. გარდაიცვალა.
მ. ი-შვილი ცნობილ იქნა მემკვიდრედ ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გ. გ-ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. მის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა იმის თაობაზე, რომ მ. ი-შვილს ეკუთვნოდა მეუღლესთან ერთად შეძენილი ქონების 1\2 წილი.
გ. გ-ის მშობლებმა – ვ. და ქ. გ-შვილებმა 1999 წლის მარტში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე მ. ი-შვილის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათი ოჯახი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მ... საკრებულოში აღრიცხულია საკოლმეურნეო კომლად. კომლის წევრი იყო ასევე გ. გ., ამიტომ გარდაბნის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული საკუთრების უფლებისა და მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება. მოპასუხემ სარჩელი ცნო.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. და ვ. გ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს ნოტარიუსი ლ.გ-ის 1998 წლის 30 სექტემბერს ¹1-184 რეესტრით გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე, გაუქმდა დედოფლისწყაროს ნოტარიუსი ლ.გ-ის მიერ 1998 წლის 30 სექტებმერს ¹1-183- რეესტრით მოპასუხე მ. ი-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 1998 წლის 23 აპრილს გარდაცვლილი გ. გ-ის დანაშთ ქონებაზე (გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე).
დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 2000 წლის თებერვალში განცხადებით მიმართა ა. ა-აძემ და მიუთითა, რომ მ. ი-შვილმა 1998 წლის 8 ოქტომბერს მისგან ისესხა 40000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მის სასარგებლოდ მ. ი-შვილს დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა, ამიტომ ა. ა-აძემ მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ის, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ .... კოლმეურნეობა არ ყოფილა, ამასთან, გ.გ. მუშაობდა და 1980 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ¹3-ში, ამიტომ იგი ვერ იქნებოდა და არც ყოფილა კოლმეურნეობის წევრი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 მაისის განჩინებით ა. ა-აძის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა ზეპირი სხდომა. ამავე სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის განჩინებით გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება - ვ. გ-სა და ქ.გ-ის სარჩელის გამო მ. ი-შვილისა და დედოფლისწყაროს ნოტარიუს ლ.გ-ის მიმართ სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის შესაბამისად, საქმე თავიდან იქნა განხილული, განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დავის განხილვაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ა. ა-აძე, მან მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღრიცხვა მ. ი-შვილის სახელზე და სესხის, დაფარვის მიზნით, სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი დედოფლისწყაროს რაიონის ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული გარდაბნის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმებისა და საცხოვრებელი სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ა. ა-აძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გარდაბნის რაიონის სოფელ ....მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სესხის დაფარვის მიზნით, მისი აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.
ვ. და ქ. გ-შვილებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2001 წლის 8 მაისისა და 22 მაისის განჩინებები.
რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-შვილმაც, რომელმაც ასევე მოითხოვა იმავე სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის და 22 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. და ქ. გ-შვილების, მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივრები, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის განჩინება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელი.
გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და ა. ა-აძის დამოუკიდებელი სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განჩინებით ქ. და ვ. გ-ბის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ა-აძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინება ა. ა-აძის დამოუკიდებელი სარჩელის ხელახალი განხილვისათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-შვილის, ვ. და ქ. გ-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-აძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურებისათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები) გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ა-აძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ი-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლი; ა. ა-აძის სასარგებლოდ მერინა იაკობიშვილის სახელზე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაკისრებული თანხის - 40 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადასახდელად განხორციელდა მისი აუქციონზე რეალიზაცია, დაევალა საჯარო რეესტრის ტეროტორიულ სააგენტო სამსახურს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ. ი-შვილს ა. ა-აძის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებას, რითაც გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული გარდაბნის რაიონის სოფელ .....მდებარე საცხოვრებელ სახლზე კანონისმიერი მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების მოწმობები, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ.გ. იყო კომლის წევრი და სახლი კომლის წევრთა მიერ საერთო სახსრებით იქნა აშენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას და იგი არ განეკუთვნებოდა გ.გ-ის სამკვიდრო ქონებას.
ა. ა-აძემ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმის გამო, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ..... არ არსებობდა კოლმეურნეობა 1980 წლიდან. მან ასევე მიუთითა, რომ გ.გ.1980 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, ...... ქ. ¹3-ში, ამიტომ იგი ვერ იქნებოდა და არც ყოფილა კოლმეურნეობის წევრი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დედოფლისწყაროს ნოტარიუსის - ლ. გ-ის მიერ მ.ი-ის სახელზე 1998 წლის 30 სექტემბერს, ¹1-184 რეესტრით გაცემული საკუთრების უფლებისა და 1998 წლის 30 სექტემბერს, ¹1-183 რეესტრით გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობები, ა. ა-აძის განცხადების საფუძველზე გაუქმდა. საქმის წარმოების განახლების შემდეგ მიღებული დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი დედოფლისწყაროს ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლზე გაცემული საკუთრების უფლებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმებისა და სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამჟამად დავის განხილვის დროს არსებობს დედოფლისწყაროს ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მა.ი-ის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე გაცემული საკუთრების უფლებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობები, ასევე ძალაში შესული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ა-აძის სასარგებლოდ მ. ი-შვილისათვის 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, ასევე რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 1998 წლის 8 ოქტომბერს და სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 40 000 აშშ დოლარის მსესხებლისათვის დაბრუნების ვადად განისზღვრა ექვსი თვე, ე.ი. 1998 წლის 8 აპრილამდე მ. ი-შვილს აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინა ა. ა-აძისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა მსესხებლისათვის დაბრუნებული არ არის, ცხადია მოვალის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული იპოთეკა, გაჭიანურებულია წლების მანძილზე და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მიხედვით, იპოთეკარის, ა. ა-აძის სარჩელი, იპოთეკით დატვირთული ქონების, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, საფუძლიანია.
ვ. და ქ. გ-შვილებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ, მართალია, საქმეში მხარედ ჩააბა გ.გ-ის შვილები - ქ. და გ.გ-ები, რომლებსაც გარკვეული უფლებები გააჩნიათ სოფ. ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე და მიუთითა, რომ ა. ა-აძის დამოუკიდებელი სარჩელის გარდაბნის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-ის სახელზე არღიცხვისა და ამ სახლის აუქციონის წესით რეალიზაციის საკითხის განხილვა უშუალოდ ეხება ქ. და გ.გ-ის ინტერესებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ მიუთითა და გაითვალისწინა პირთა ინტერესები და გაურკვეველი დატოვა, თუ რატომ უნდა მოხდეს იმ სახლის რეალიზაცია, რომლის რაიმე ფორმით დატვირთვისა და რეალიზაციის აუცილებლობა ბავშვების კუთვნილ ფართის ნაწილში არ არსებობს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იპოთეკის წარმოშობის ვადას, კერძოდ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის შედეგად, მაშინ როდესაც იპითეკა წარმოიშვა მხოლოდ 2000 წლის 9 ივნისს, როდესაც უკვე არსებობდა დავა მხარეთა შორის მითითებული სესხის თაობაზე და 1999 წლის 21 დეკემბერს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ვაკე-საბურთალიოს სასამართლოს მიერ, რომელმაც განსაზღვრა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფორმა და წესი და დადგენილ იქნა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ....მდებარე იპოთეკით დატვირთული სახლი არ იქნეს მოქცეული სესხის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ა. ახობაძის მოთხოვნაზე უარის თქმა. მის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ა-აძეს უფლება არა აქვს, სადავო გახადოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ კი, ის, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ მის მიერ გაცემული სესხის ასანაზღაურებლად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ა.ახ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ა. ა-ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება ახლად აღმოჩენილ გარემოების თაობაზე, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სოფ. .... არ იყო კოლმეურნეობა, ცნობილი იყო სასამართლოსათვის ჯერ კიდევ 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გამოტანამდე და, შესაბამისად, 2000 წელს ეს ფაქტი ვერ იქნებოდა ახლად აღმოჩენილი გარემოება. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 286-ე და მე-300 მუხლები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლი, რომელიც არ გამოიყენა, ამასთან არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1515-ე და 289-ე მუხლები, რომლებიც გამოიყენა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2001 წლის 22 მაისის განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან განჩინების გამოტანისას, ნ. ბ. მოსამართლე არ იყო, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 მაისის ბრძანებულებით, მას შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1998 წლის 8 ოქტომბერს ა. ა-აძესა და მ. ი-შვილს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ა-აძემ ექვსი თვის ვადით ასესხა მ. ი-ლს 40000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად მხარეეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ. ი-შვილის საკუთრების უფლებით რიცხული გარდაბნის რაიონის სოფელ .....მდებარე საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ა. ა-აძემ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარეთლოში მ. ი-შვილის მიმართ და მოითხოვა 40000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება იპოთეკით დატვირთული სახლის რეალიზაციის გზით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარეთლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელიდაკმაყოფილდა, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული სახლი არ იქნა გამოყენებული მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება ჩაითვალა კომლის საკუთრებად და ამდენად, აღნიშნული ქონება აღარ წარმოადგენდა მ. ი-ის საკუთრებას.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარეთლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა ა. ა-აძის განცხადების საფუძველზე და საქმის წარმოების განახლების შემდეგ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი იაკობიშვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ …. მდებარე საცხოვრებელი სახლზე გაცემული საკუთრების უფლების, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმებისა და სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ, კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ … მდებარე საცხოვრებელ სახლზე გაცემული საკუთრების უფლებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე სახლის კვლავ მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვა და 1998 წლის 8 ოქტომბერს ა. ა-აძესა და მ. ი-შვილს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მისი აუქციონის წესით რეალიზაციის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
აღნიშნული ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს იპოთეკის ინსტიტუტის დანიშნულება და თავისებურება.
იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, იმედს, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). კრედიტორი აღნიშნული უფლების (იპოთეკის) მფლობელი ხდება მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება).
აღნიშნული დანაწესიდან ვლინდება იპოთეკის ინსტიტუტის მიზანი, დანიშნულება, რომლის თანახმად იპოთეკის უფლების მფლობელს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა არ აკონკრეტებს იმ კრედიტორთა წრეს, ვის მიმართაც გააჩნია უპირატესობა უზრუნველყოფილ კრედიტორს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ კრედიტორებში იგულისხმებიან ნებისმიერი პირები, რომელთაც გააჩნიათ მოთხოვნები მესაკუთრის მიმართ.
ამრიგად, ა. ა-აძეს, როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილ კრედიტორს გააჩნია უპირატესი უფლება ყველა სხვა კრედიტორებთან, მათ შორის, ვ. გ-სა და ქ.გ-თან შედარებით მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.
უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლება ასევე დაცულია პრეზუმფციით. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 297-ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციას ახალ კრედიტორზე იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლისას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი მუხლის მე-2 წინადადების დადგენილი დანაწესი ეხება არა მარტო ახალ კრედიტორს, რომელზედაც გადადის იპოთეკა და მოთხოვნა, არამედ ნებისმიერი იპოთეკის უფლებით უზრუნველყოფილ კრედიტორს.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მ. ი-შვილი რეგისტრირებული იყო გარდაბნის რაიონის სოფელ ......მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას გააჩნდა აღნიშნული სახლის განკარგვის უფლება, მათ შორის, აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვის უფლებაც. ამრიგად, ა. ა-აძეს, როგორც უზრუნველყოფილ კრედიტორს, შეუძლია დაიცვას აღნიშნული უფლება ნებისმიერი სხვა კრედიტორის წინაშე და პირველ რიგში მიიღოს თავის მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთით. აღნიშნული პრეზუმფცია ფაქტობრივად იცავს იმ გარანტიებს, რომლითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია მისი მოთხოვნა და წარმოადგენს იმ სამართლებრივ წინაპირობას, რომელზედაც დამოკიდებულია მხარეთა მიერ ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენების ბედი.
ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი კრედიტორის კეთილსინდისიერების განსაზღვრის წინაპირობას წარმოადგენს მოვალის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი.
ამრიგად, იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს თუნდაც უსწორო იყოს რეესტრის ჩანაწერი, რომლის შესახებ არ იცოდა უზრუნველყოფილმა კრედიტორმა, მიიჩნევა სწორად, რასაც საბოლოოდ მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია იპოთეკის ინსტიტუტით.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეესტრში განხორციელებულია უსწორო ჩანაწერები, რომლითაც ილახება მესამე პირების უფლებები და რომლის შესახებ არ იცოდა უზრუნველყოფილმა კრედიტორმა, ითვლება სწორია და, ამ უსწორო ჩანაწერის გამო, უზრუნველყოფილ კრედიტორს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა გარდაბნის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში 2000 წლის 9 ივნისს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამასახურის ჩამოყალიბებამდე, კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებს ახორციელებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, 2000 წლის 9 ივნისს გარდაბნის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის ფაქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს, რადგან იმ დროს სრულად არ იყო ჩამოყალიბებული საჯარო რეესტრის სამსახური.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ა. ა-აძე წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, რომელსაც გააჩნია უპირატესობა სხვა დანარჩენ კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირების უფლებებს იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მესაკუთრეს ან მესამე პირს, რომლის უფლებებიც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.
ამრიგად, ძირითადი მოთხოვნა სესხის დაკისრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უზრუნველყოფილ კრედიტორს (ა. ა-აძეს) უფლება აქვს, მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ მესამე პირს მიაჩნია, რომ ამით შეიძლება მათი უფლებები შეილახოს, უფლება აქვს, დააკმაყოფილოს ძირითადი მოთხოვნა და ამით აიცილოს მისთვის არასასურველი შედეგის დადგომა.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ა. ა-აძე წარმოადგენს იპოთეკის უფლების მფლობელს და დაუშვებელია მას არამართლზომიერად შეეზღუდოს ან სხვა გვარად წაერთვას ეს უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
ზუსტად ამ უფლების დაცვას ემსახურება სადავო სახლის კვლავ მისი მოვალის სახელზე რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა. ამდენად, სადავო სახლის კვლავ მ. ი-ს სახელზე აღრიცხვა, წარმოადგენს იპოთეკის უფლების დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული იპოთეკის უფლების მფლობელი არის ა. ა-ძე და არა მ. ი. კონკრერტულ შემთხვევაში დარღვეულია ა. ა-ის, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლება, რომლის დაცვის უფლება მას გააჩნია.
ამდენად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. ა-ის მოთხოვნა სცილდება დისპოზიციურობის პრინციპს და ამით სასამართლომ მიაკუთვნა მ. ი-ს ის, რაც მას არ უთხოვია.
არ შეიძლება ასევე გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ა-აძეს უფლება არა აქვს, სადავო გახადოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ კი, ის, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ მის მიერ გაცემული სესხის ასანაზღაურებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული სახლი არ იქნა გამოყენებული მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება ჩაითვალა კომლის საკუთრებად და ამდენად, აღნიშნული ქონება აღარ წარმოადგენდა მ.ი-ის საკუთრებას.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე გაცემული საკუთრების უფლებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე სახლის კვლავ მ. ი-ს სახელზე აღრიცხვა და 1998 წლის 8 ოქტომბერს ა. ა-აძესა და მ.ი-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მისი აუქციონის წესით რეალიზაციის საკითხი.
აღნიშნული მოთხოვნის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება ჩაითვალა კომლის საკუთრებად და ამდენად, აღნიშნული ქონება აღარ წარმოადგენდა მ.ი-ის საკუთრებას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ა-აძის მოთხოვნას გააჩნია სხვა საფუძველი, რომელიც განსხვავებულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარეთლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული მოთხოვნის საფუძვლისაგან, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში ა. ა-აძის მოთხოვნას _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის ამოღება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, საფუძვლად უდევს გარდაბნის რაიონის სოფელ .....მდებარე საცხოვრებელ სახლზე გაცემული საკუთრების უფლებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე სახლის კვლავ მარინე იაკობიშვილის სახელზე აღრიცხვა.
ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, კუმულაციურად უნდა არსებობდეს სამივე ელემენტი, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი. ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში გამოირიცხება ამ მუხლის გამოყენების წინაპირობა.
ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნვს, რომ განსახილველი მოთხოვნას გააჩნია სხვა საფუძველი, გააჩნია განსხვავებული ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ა. ა-აძე წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა გარდაბნის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში 2000 წლის 9 ივნისს, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარეთლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, მ. ი-თვის ა. ა-აძის სასარგებლოდ სესხის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ა. ა-ის მოთხოვნა საფუძვლიანად.
კასატორი მ. ი. აღნიშნავს, რომ 2001 წლის 22 მაისის განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან განჩინების გამოტანისას, ნ.ბ.მოსამართლე არ იყო, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 მაისის ბრძანებულებით, მას შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელზედაც ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლით. კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებების არსებობაზე, რომლითაც დასტურდება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტი, კერძოდ, მხარისათვის აღნიშნული აქტის კანონით დადგენილი წესით გაცნობის, ფოსტით გაგზავნის ან გამოქვეყნების ფაქტი, ასევე არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შეიძლება შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე, პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.
ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვით ეს სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დაკავშირებული აღნიშნულ გარემოებებთან და მხოლოდ ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში ამავე აქტით უნდა განისაზღვროს მისი ძალაში შესვლის მომენტი (იხ. სასამართლო პრაქტიკა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ¹202კოლ 14.062006).
ამდენად, ერთად საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.