Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-804-1019-08 30 დეკემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ქ-აია

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-აძე, გაზეთ “ახალი ქუთაისის” რედაქტორი ი. ბ-იძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის საგანმანათლებო რესურსცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაკები _ ვ. პ-იძე და მ. (ც.) ღ-ავა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ მშობლის უფლების ჩამორთმევა, უკანონოდ შეწყვეტილი მზრუნველობის აღდგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება, შვილის დაბრუნება, ბავშვთან ურთიერთობის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-აიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-აძის, გაზეთ “ახალი გაზეთის” რედაქტორ ი. ბ-იძისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაკების _ ვ. პ-იძისა და მ. (ც.) ღ-ავას მიმართ და მოითხოვა მ.სალდაძისათვის არასრულწლოვანი გრიგოლ გვიშიანის დედობის უფლების ჩამორთმევა, გრ.გ-ზე მზრუნველობის აღდგენა და ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოპასუხეთათვის სოლიდარულად მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლიდან მოსარჩელის შვილი _ დ. გ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ს-აძესთან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინა ორი შვილი _ ა. და გრ.გ-ები. მეუღლის ოჯახში ცხოვრებისას მ.ს-ემ გამოავლინა უარყოფითი თვისებები, მუდმივი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო, 1999 წლიდან დ. გ. იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახი და საცხოვრებლად რუსეთში გადასულიყო. დედის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო ვერც გრ.გ-მა და სახლიდან გაიქცა. 2003 წლის ზაფხულის არდადეგები გრ.გ-მა გაატარა ბებიასთან, რის შემდგომ მ.ს-ემ ბავშვი საცხოვრებლად თავისთან აღარ მიიღო, რის გამოც ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების უფროსის 2003 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მცირეწლოვან გ.გ-ნს მზრუნველად ბებია _ ნ. ქ-აია დაენიშნა. 2004-2006 წლებში ბავშვი ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მამასთან, რუსეთში გადავიდა, თუმცა 2006 წლის ოქტომბერში მოსარჩელე იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი, ხოლო საქართველოში მომავალი გ.გ. 11 დღის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იქნა დაკავებული. სამშობლოში დაბრუნებულ გრ.გ-ს დახვდა მ. ს-აძე და ბავშვი მცირე ხნით თავისთან წაიყვანა, თუმცა შვილმა, მოპასუხის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების, ბებიასთან საუბრისა და შეხვედრის აკრძალვის გამო, კვლავ საკუთარი ნებით დატოვა დედა და მოსარჩელესთან დაბრუნდა. მ.ს-ემ, შვილზე შურისძიების მიზნით, “ახალი გაზეთის” რედაქტორ ი. ბ-იძის დახმარებით, გამოაქვეყნა გრ.გ-ის შეურაცხმყოფელი სტატია, რითაც მძიმე მორალური ზიანი მიაყენა ბავშვს. ქუთაისის საგანმანათლებო რესურსცენტრის თანამშრომელ მ.ღ-ას უკანონო დასკვნის საფუძველზე 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-აიას არასრულწლოვან გრ.გ-ზე მზრუნველობა შეუწყდა.

მ. ს-აძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილის აღსაზრდელად მისთვის დაბრუნება, ხოლო ნ. ქ-აიასათვის გრ.გ-თან ურთიერთობის აკრძალვა შემდეგი დასაბუთებით: მ.ს-სა და დ.გ-ნს შორის ქორწინება შეწყდა და მ.ს. იძულებული გახდა, ორ შვილთან ერთად დაეტოვებინა მეუღლის ოჯახი, ვინაიდან მოსარჩელე ნ. ქ-აიას საქციელი უარყოფითად მოქმედებდა ბავშვების ფსიქიკაზე, მას ხშირად მიჰყავდა სახლში უცხო პირები და იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. 2003 წელს, სასწავლო წლის დასრულებისას, ნ.ქ-მ სკოლაში მიაკითხა გრ.გ-ს და თვითნებურად წაიყვანა თავისთან. აღნიშნულის შემდეგ მ.ს. არაერთხელ უშედეგოდ შეეცადა ბავშვის დაბრუნებას. გრ.გ-ს ბებიასთან ერთად ნორმალური საცხოვრებელი არ გააჩნია, ისინი ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობენ. ნ.ქ. კი ბავშვით სპეკულირებს და აცხადებს, რომ იგი უპატრონოა. მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სათანადო აღზრდა-განვითარებას, რის გამოც გრ.გ. აღსაზრდელად უნდა დაუბრუნდეს დედას.

მოპასუხე ი.ბ-ემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო საგაზეთო სტატია შეადგინა მ. ს-აძემ და მას აღნიშნულში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. სარჩელი არ ცნეს არც დანარჩენმა მოპასუხეებმა და განმარტეს, რომ ნ.ქ-ას მიერ გრ. გ-ის მზრუნველობის მოპოვებისათვის დასახელებული გარემოებანი არ დადასტურდა, ფაქტობრივად ბავშვი მიტოვებული არ იყო, მას ჰყავდა დედა, რომელსაც სათანადო პირობები გააჩნდა შვილის აღსაზრდელად, ამდენად, სადავო მზრუნველობა კანონიერად გაუქმდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-აიას სარჩელი და მ. ს-აძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. ს-აძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ მ.ს-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, არასრულწლოვანი გ.გ. დაუბრუნდა დედას _ მ. ს-აძეს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ს-აძე და დ.გვიშიანი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და 1995 წელს შეეძინათ შვილი _ გრ.გ. 1999 წლიდან მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და 2003 წლამდე გრ.გ. ცხოვრობდა დედასთან. 2003 წლიდან ბავშვი საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან, ხოლო 2004-2006 წლებში _ მამასთან, ქ.მოსკოვში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ.ქ-ას მოთხოვნა მ.ს-თვის დედის უფლების ჩამორთმევის შესახებ. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ წინაპირობებს, რაც შესაძლოა მშობლის უფლების ჩამორთმევას საფუძვლად დაედოს, კერძოდ, კანონმდებელი მშობლის უფლების ჩამორთმევას უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევს და უკავშირებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას, რაც გამოიხატება მშობლის მიერ მშობლის მოვალეობის შესრულებისაგან სისტემატურად თავის არიდებაში, მშობლის უფლების არაჯეროვნად გამოყენებაში, ბავშვისადმი უდიერ დამოკიდებულებაში, მშობლის ამორალური საქციელით ბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენასა და მშობლის ქრონიკულად ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ ყოფნაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ქ-მ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რაზედაც ზემოხსენებული ნორმა უთითებს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2003 წლამდე, 8 წლის განმავლობაში, გრ.გვიშიანი სწორედ დედასთან იზრდებოდა. სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად ჩათვალა ნ.ქ-ს მოთხოვნა ბავშვზე მზრუნველობის უკანონოდ გაუქმების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მზრუნველობის დანიშვნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების ¹25 გადაწყვეტილებით საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ “ბავშვის მამა გასულია რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, დედის ადგილსამყოფელი კი უცნობია”. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ ნ. ქ-აიას გრ.გ-ზე მზრუნველობა შეუწყდა მ. ს-აძის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან მოითხოვა შვილის აღსაზრდელად მისთვის დაბრუნება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1304-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გრ.გ-ის მიმართ ნ.ქ-ას მზრუნველობა სავსებით კანონიერად შეწყდა, რადგან ის საფუძველი, რის გამოც მზრუნველობა დაინიშნა, აღარ არსებობს. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება მოპასუხეთათვის ნ.ქ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლები განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ შემთხვევებს, მოცემულ შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული გარემოებების არსებობა ნ.ქ-ას სათანადოდ არ დაუდასტურებია. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე “ახალი გაზეთის” რედაქცია, ისევე, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის განათლების განყოფილება და რესურსცენტრის სოციალური მუშაკი მ.ღ. კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დასახელებულ მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო კოდექსის მე-18 ან 413-ე მუხლებით დადგენილ სიკეთეთა ხელყოფას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გრ.გ-ზე ნ. ქ-აიას მზრუნველობის კანონიერად გაუქმების პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის შესაბამისად, ბავშვი აღსაზრდელად უნდა გადაეცეს დედას _ მ. ს-აძეს. სასამართლომ ყურადღება გაამხვილა საქმის განხილვისას დაკითხული სპეციალისტის განმარტებაზე, რომ “ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ავცდებით ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას, თუ ბავშვი ბებიასთან დარჩება, ეს უარყოფითი ზეგავლენა მოგვიანებით იჩენს თავს, დედასთან შეგუება შესაძლოა თავიდან გაუჭირდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩადგება...”. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შინაგანი რწმენის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და კანონის მოთხოვნების საფუძველზე ჩათვალა, რომ მ.ს-ის მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ მ.ს-ის მოთხოვნა ნ.ქ-თვის გრ.გ-თან ურთიერთობის აკრძალვის თაობაზე, ვინაიდან ნ.ქ-ს, როგორც ბავშვის ბებიას, კანონი ანიჭებს შვილიშვილთან ურთიერთობის უფლებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ს-ეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.ქ-თან ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს და ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ქ-აიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემეობანი, როდესაც მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული მშობლის უფლების ჩამორთმევის წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ფაქტობრივად, დადასტურდა მ.ს-ის მიერ მშობლის მოვალეობის შესრულებისათვის თავის არიდებისა და მისი არაჯეროვნად გამოყენების, ბავშვის ცემისა და წამების ფაქტები. სასამართლომ არ გაითვალისწინა თავად არასრულწლოვანი გრ. გ-ის აზრი, რითაც დაარღვია “ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-12-13 მუხლები. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ბავშვის ინტერესები და მათ წინ მშობლის უფლებები დააყენა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ.ს-ემ მიმართა რესურსცენტრს ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით, რეალურად რესურსცენტრის თანამშრომლებმა მოიძიეს მ.ს-ის ადგილსამყოფელი, რის შემდეგ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ბავშვისათვის დედობა გაეწია. აღნიშნული დადასტურებულია საქმის მასალებით. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს უარი, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება მ.ს-ის, ი.ბ-ის, მ.ღ-სა და ვლ.პ-ის მიერ როგორც გრ.გ-ის, ისე კასატორისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, სასამართლოს ი.ბ-თვის უნდა დაეკისრებინა მის გაზეთში გამოქვეყნებული წერილის საწინააღმდეგო საპასუხო ცნობების გამოქვეყნება.

2008 წლის 15 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები 19 ფურცლად.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ს-აძე და დ.გ. იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და 1995 წელს შეეძინათ შვილი _ გრ. გ. 1999 წლიდან მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და 2003 წლამდე გ.გვიშიანი ცხოვრობდა დედასთან. 2003 წლიდან ბავშვი საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან, ხოლო 2004-2006 წლებში _ მამასთან, ქ.მოსკოვში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების ¹25 გადაწყვეტილებით გ.გ-ის მზრუნველად დაინიშნა ბებია ნ. ქ-აია, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ “ბავშვის მამა გასულია რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, დედის ადგილსამყოფელი კი უცნობია”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-აიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, ხოლო ამავე კოდექსის 1206-ე მუხლის შესაბამისად, მშობლის უფლების ჩამორთმევა უკანასნკელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის ინიციატივით. ამავე მუხლით დადგენილია გარემოებები, რომელთა საფუძველზეც დასაშვებია მშობლის უფლების ჩამორთმევა. მშობლის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენებისას უტყუარად უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდან არც საქმის მასალებით და არც საკასაციო საჩივრით არ დასტურდება მ.ს-ის მიმართ ამგვარი ღონისძიების გამოყენების საფუძვლიანობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორი ვერ უთითებს და ასევე ვერ ასაბუთებს მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბავშვის უფლებათა კონვენციის დარღვევაზე. კასატორი უთითებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის”Aმე-12-13 მუხლების დარღვევაზე, სათანადოდ ვერ ასაბუთებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მითითებული დარღვევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად ნ.ქ. ვალდებული იყო, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაედასტურებინა დასახელებული კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევა სააპელაციო პალატის მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის რესურსცენტრის მიერ მზრუნველობის შეწყვეტის კანონიერების თაობაზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილია შემდეგი: გ.გვიშიანის მზრუნველად ნ.ქ-ას დანიშვნა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ არასრულწლოვანი გ.გ-ის მამა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ხოლო დედის ადგილსამყოფელი უცნობია (ტ I ს.ფ.6). სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლად უთითებს იმ გარემოების მოსპობას, რამაც მზრუნველის დანიშვნა გამოიწვია, ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, მზრუნველობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იქნა შეწყვეტილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები ან დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე გაზეთის რედაქცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის განყოფილება, ასევე რესურსცენტრის სოციალური მუშაკი მ.ღ. მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, რის გამოც არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლებით დადგენილ სიკეთეთა ხელყოფა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება სარჩელზე მოპასუხეთა მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურებისა და იმავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილის საწინააღმდეგო საპასუხო ცნობების გამოქვეყნების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო. სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლი მშობელს უფლებას ანიჭებს, მოითხოვოს არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში ნ. ქ-აიას არასრულწლოვან გ. გ-ზე მზრუნველობა შეუწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც სამზრუნველო პირის მასთან ცხოვრება კანონიერ საფუძველს არის მოკლებული, აღნიშნული გარემოება კი მშობელს ანიჭებს არასრულწლოვანი შვილის მასთან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები ვერ იქნება განხილული და გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე. ნ. ქ-აიას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2008 წლის 15 დეკემბერის განცხადებაზე დართული მასალები 19 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ქ-აიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2008 წლის 15 დეკემბერს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები 19 ფურცლად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.