ას-804-1169-06 29 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ გ...ის” წარმომადგენელი მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ლ...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ლ...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება შპს “ლ...ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ლ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “გ...ს” დაევალა თბილისში, ... ¹40-ში მდებარე 50კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის შპს “ლ...სათვის” დაბრუნება ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობაში და იგი გამოსახლდა ზემოაღნიშნული ფართიდან, ასევე შპს “გ...ს” შპს “ლ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 9250 ლარისა და 2002 წლის მაისიდან ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2006 წლის 25 აპრილს შპს “გ...მ” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაევალათ მოსარჩელისათვის თბილისში, ... ¹40-ში მდებარე 50 კვ.მ ფართის დაბრუნება. მოსარჩელისათვის აღნიშნული ფართის მიკუთვნებისას, სასამართლო დაეყრდნო დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ შპს „გ...მ“ 1996 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ლ...საგან“ თბილისში, ... ¹40-ში მდებარე პირველ სართულზე შეიძინა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული 286 კვ.მ ფართიდან 51 კვ.მ ე.წ. პირველი სართულის, კაფე-ბარის ნაწილი, რის შემდეგაც შპს „ლ...ს“ საკუთრებაში უნდა დარჩენოდა 235 კვ.მ. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ შპს „ლ...ს“ ... ¹40-ში (პირველ სართულზე) საკუთრებაში რჩებოდა 235 კვ.მ, რის შემდგომაც დადგინდა, რომ 51 კვ.მ მიყიდვის შემდგომ შპს „ლ...ს“ პირველ სართულზე დარჩა 50 კვ.მ, რომლის ფლობის სამართლებრივი საფუძველი ვერ მიუთითა შპს „გ...მ“. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დააკისრა შპს „ლ...სათვის“ 50 კვ.მ ფართის დაბრუნება. შპს „გ...ს“ შესაგებელი ემყარებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ის ... ¹40-ში საკუთრების უფლებით ფლობდა 680 კვ.მ-ს, რომელშიც სრულად იყო შეტანილი კაზინოს შესასვლელი შემადგენელი ნაწილი ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული 50 კვ.მ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მათთვის ცნობილი გახდა გარემოება და მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ წამოიწყო მოლაპარაკება გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ფართის სანაცვლო შესრულების შემოთავაზებაზე. 2006 წლის 27 მარტს შპს „ლ...ის“ წარმომადგენელმა გ.ი-მ წარუდგინა შპს „პ...ის“ მიერ შესრულებული ... ¹40-ში მდებარე შენობის პირველი სართულის აზომვითი ნახაზი, რომლის მონაცემები ქმნიან ახალ გარემოებას. ხსენებული ნახაზის მიხედვით შპს „ლ...ის“ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართია ჯამში 211,69 კვ.მ. ახალმა მტკიცებულებამ ცხადი გახადა, რომ შპს „ლ...“ დღეისათვის მისთვის მიკუთვნებული 50 კვ.მ-ის გარეშე, ფაქტობრივად ფლობს 211,69 კვ.მ-ს. გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ შპს „ლ...“ საკუთრებაში დარჩა 235 კვ.მ. გამომდინარე ამ ფაქტობრივი გარემოებიდან და წარმოდგენილი ნახაზით შპს „ლ...“ იმისათვის, რომ აღიდგინოს თავისი უფლებები, პირველ სართულზე დარჩენილი ფართიდან პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს არა 50 კვ.მ-ზე, არამედ 23 კვ.მ-ზე, ვინაიდან 235 კვ.მ-ის შესავსებად ესაჭიროება 23,31 კვ.მ. გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში შპს „ლ...ის“ საკუთრებაში აღმოჩნდება არა 235 კვ.მ, არამედ 266,69 კვ.მ.
განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოში ახალ გარემოებასთან დაკავშირებით არ მიუთითებიათ, რაც არ ყოფილა მათი ბრალით გამოწვეული. მათი მტკიცება საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფციას ემყარებოდა. ამასთან, აზომვით მონაცემებს არც სასამართლო და არც მოწინააღმდეგე მხარე არ იყენებდა თავისი პოზიციის წარმოსაჩენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს “გ...ს” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილად უთითებს შპს „პ....ის“ მიერ თბილისში, ... ¹40-ში მდებარე პირველი სართულის შენობის შიდა აზომვის მონაცემებს, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. განმცხადებლის მოსაზრებით, ეს მონაცემები ადრე რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული საფუძვლით შესაძლებელია მხარემ განცხადებით მიმართოს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, მაგრამ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების საფუძვლებისა (423-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სამართლებრივი წანამძღვრების არსებობისას შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა გულისხმობს საქმისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების აღმოჩენას, რომელიც საქმის განხილვის დროისათვის არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო დაინტერესებული მხარისათვის და მიუხედავად იმისა, რომ მხარემ ყველა ზომა მიიღო, არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ამ გარემოებებზე. ასეთ გარემოებად განმცხადებელმა მიუთითა ... ¹40-ში მდებარე პირველი სართულის აზომვით მონაცემებზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ შპს „ლ...“ ზემოაღნიშნულ მისამართზე ფლობს 211 კვ.მ-ს. სააპლაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება მივიჩნიოთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენ კვ.მ-ს ფლობდა შპს „ლ...“, მხარისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დროს, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტმა განახორციელა ... ¹40-ში მდებარე პირველი სართულის აზომვითი სამუშაოები, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ლ...“ ... ¹40-ში ფლობდა 194 კვ.მ-ს. ამდენად, ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით შპს „ლ...“ ფაქტობრივად ფლობს 211,69 კვ.მ-ს, ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილად, ვინაიდან ამ ფაქტს საქმის განხილვის დროს ადგილი არ ჰქონია, ხოლო ახლად აღმოჩენილი შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომელიც არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ამასთან, სააპალაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ ემყარება მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის მონაცემებს, არამედ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილ იქნა საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობით. მხარეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის მონაცემები მხარისათვის ცნობილი იყო და ამ მონაცემებზე მხარეს არ მიუთითებია საქმის განხილვის დროს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით – დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, თვითონვე განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებსა და შესაგებელს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ...ს წარმომადგენელმა მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, რაც განაპირობებს ამ საკასაციო საჩივრის განაცხადს. კასატორი სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას უმართებულოდ მიიჩნევს, კერძოდ, ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება არ ემყარებოდა ამა თუ იმ ფაქტს, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულება ან საკუთრივ ეს ახალი ფაქტი, არ შეიძლება გამოდგეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ამა თუ იმ მტკიცებულების ახლად აღმოჩენილად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია არა იმას, თუ რამდენად ემყარებოდა მას გადაწყვეტილება, არამედ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი განსახილველი საქმისათვის და მასზე გადაწყვეტილების გამოტანისათვის ობიექტურად. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ადგილი აქვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მხრიდან, რაც იმავდროულად უნდა ჩაითვალოს ისეთი სახის საპროცესო დარღვევად, რომლის შედეგადაც საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა მიერ დაკავებული ფართობის მონაცემები მხარისათვის ცნობილი არ იყო და ამ მონაცემებზე მხარეს არ მიუთითებია, ვინაიდან ორივე მხარე ამ საკითხს საკმაოდ დიდი ინტერესით არკვევდა. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარე რეალურად არ ფლობდა ინფორმაციას შპს “ლ...ს” საკუთრებაში არსებული ფართობის მონაცემების შესახებ, რასაც გადმოსცემს ახლად აღმოჩენილი გარემოების სახით წარმოდგენილი მტკიცებულება. შესაბამისად, კასატორი უსაფუძვლოდ თვლის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარისათვის ამის თაობაზე ცნობილი იყო.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს “გ...ს” შეეძლო ახლად აღმოჩენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება საქმის განხილვის დროს და ამას ადასტურებს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ შპს “ლ...ს” საკუთრებაში არის 194 კვ.მ ფართობი, ამჟამად წარმოდგენილი მტიცებულებით კი დასტურდება 211 კვ.მ-ის არსებობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მხარეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ გარემოების შესახებ.
კასატორი ასევე არასწორად მიიჩნევს სასამართლოს განმატებას იმის თაობაზე, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება საქმის წარმოების დროს არ არსებობდა, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. მხარის მოსაზრებით სასამართლოს დასკვნა არასწორია, რადგან საქმის წარმოების განმავლობაში მხარის მიერ მტკიცებულებაზე მითითების შეუძლებლობაა დასაშვებობის პირობა, რაც თავისთავად შეიძლება გულისხმობდეს, იმასაც, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება შეიქმნა მხოლოდ საქმის წარმოების დასრულების შემდგომ. დასაშვებობის პირობაა გარემოების ან მტკიცებულების შემხებლობა და მასზე მითითების შეუძლებლობა და არა ამ მტკიცებულების არსებობა-არარსებობა. ხოლო ამგვარი დასკვნის გაკეთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან არის ამ მუხლში განთავსებული ნორმის აშკარად მცდარი ინტერპრეტაცია. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “გ...ს” წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული ნორმების თანახმად, 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი შპს ,,პ...ის” მიერ შესრულებული ... ¹40-ში პირველი სართულის აზომვითი ნახაზი ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან იგი არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად, ადრე ვერ იქნებოდა წარდგენილი საქმის განხილვის დროს. დადგენილია, რომ მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენ კვ.მ-ს ფლობდა შპს „ლ...“, მხარისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დროს, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტის მიერ განხორციელებული იქნა ... ¹40-ში მდებარე შენობის პირველი სართულის აზომვითი სამუშაოები, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ლ...“ ... ¹40-ში ფლობდა 194 კვ.მ-ს. ამდენად, მხარეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის მონაცემები მხარისათვის ცნობილი იყო და ამ მონაცემების უსწორობაზე მხარეს არ მიუთითებია საქმის განხილვის დროს. ამასთან, სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის მონაცემებს, არამედ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილ იქნა საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “გ...ს” წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.