Facebook Twitter

საქმე №506აგ-15 თბილისი

ყ-ე თ, 506აგ-15 31 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. ყ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. ყ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით - 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მსჯავრდებულ თ. ყ-ს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის პირველი სექტემბრიდან იმავე წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის განაჩენით თ. ყ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ყ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 13 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2015 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ყ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ყ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ყ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შეცვლა არასაპატიმრო სასჯელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 30 მაისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე და შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ თ. ყ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ თ. ყ-ს საქმესთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ თ. ყ-ს საქმესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ყ-ს მიმართ გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. ყ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ თ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ თ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი