საქმე №507აგ-15 18 ოქტომბერი, 2016 წელი
დ. ლ., 507აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით ლ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 7 წელი და 6 თვე; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. მსჯავრდებულ ლ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2013 წლის 18 ივნისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ლ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და ლ. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 7 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
4. მსჯავრდებულ ლ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ლ. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
6. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 6 თვე და ლ. დ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. მსჯავრდებულ ლ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 10 ოქტომბრიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
9. 2015 წლის 30 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ლ. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. კასატორმა – მსჯავრდებულმა ლ. დ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან გათავისუფლება ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანასთან“ დაკავშირებით არსებული ცვლილებების გათვალისწინებით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე