Facebook Twitter

ას-807-1022-08 19 მარტი, 2009 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ი. და ი. ბ-შვილები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. გ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხარჯების ანაზღაურება და თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 16 აპრილს, რ. გ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. და ი. ბ-შვილების მიმართ და მოითხოვა 20000 მანეთის ეკვივალენტი ლარის, საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულების – 35792 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება, ასევე მოპასუხეთა შორის 2005 წლის 29 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1989 წელს ი. ბ-შვილსა და რ. გ-ძეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე ი. ბ-შვილმა რ. გ-ძეს მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა, სანაცვლოდ რ. გ-ძემ გადასცა 20000 მანეთი. დარჩენილი თანხა კი უნდა გადაეხადა შემდგომში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ფულის გადახდის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ, შეძენილი უძრავი ქონება იყო არა ბ-შვილის საკუთრება, არამედ მისი დედის თ. ბ-შვილის საკუთრება, რის გამოც გართულდა სახლის გადაფორმება. მოპასუხემ უძრავი ქონება მის სახელზე დაარეგისტრირა 1996 წლის 28 ივნისს, რის შემდეგაც მოითხოვა უფრო მაღალი ფასის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი. ბ-შვილმა 2005 წლის 25 დეკემბერს სადავო სახლი აჩუქა ი. ბ-შვილს, რომელმაც მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება სადავო ბინიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელე მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზეპირი გარიგების შემდეგ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზედაც დაიხარჯა 35 792 ლარი, რის შედეგადაც სახლის ღირებულებამ შეადგინა 70000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. და ი. ბ-შვილებს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თანხის - 31746 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასა და საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 35792 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ბ-შვილს, რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 35792 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 1989 წელს ი. ბ-შვილსა და რ. გ-ძეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე ი. ბ-შვილმა რ. გ-ძეს მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა, ხოლო რ. გ-ძემ გადასცა 20000 მანეთი, დარჩენილი თანხა კი უნდა გადაეხადა შემდგომში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა ი. ბ-შვილის, როგორც მესაკუთრის მოთხოვნა, რ. გ-ძე, მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, ვინაიდან ი. ბ-შვილი წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა, თავისუფლად განეკარგა ქონება, შესაბამისად, არ არსებობდა ჩუქების დამაბრკოლებელი გარემოებები და ი. და ი. ბ-შვილებს შორის ჩუქება კანონშესაბამისი იყო, ხოლო მოთხოვნა ამ ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე კი უსაფუძვლო.

პალატამ განმარტა, რომ ი. ბ-შვილმა, როგორც მესაუკუთრემ დასაჩუქრებულს, მისი თანხმობით უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებად ქონება. ქონების გადაცემის თაობაზე ნება გამოვლენილ იქნა, იგი მიიღო ი. ბ-შვილმა და კანონით მისთვის, როგორც მესაკუთრისათვის, მინიჭებული უფლების გამოყენებით ამ ქონებიდან გამოასახლა რ. გ-ძე. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე და 525-ე მუხლის პირველსა და მეორე ნაწილებზე.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ი. ბ-შვილის ინტერესი, მისი ქონება გადაეცა შვილისათვის, რომელიც ზრუნავდა მასზე და ცხოვრობდა მასთან, არ შეიძლება იყოს გაუმართლებელი.

პალატამ არ გაიზიარა ი. ბ-შვილის მითითება რ.გ-ძის მიერ 1990 წელს ნასყიდობის - 10000 მანეთის ოდენობით გადახდის შესახებ, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-ძემ, ი. ბ-შვილს, სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობისათვის, 1989 წელს გადაუხადა 20000 რუსული მანეთი, რაც გამორიცხავს ი. ბ-შვილის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ.ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულებაა 70000 ლარი, ხოლო 1989 წლიდან სახლისათვის ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებაა 35792 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. და ი. ბ-შვილებმა.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, და 244-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა დადგენილი ნასყიდობის მიზნით გადაცემული თანხის ოდენობა და აღიარებულ იქნა მხოლო 10000 მანეთის მიღება. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, ი. ბ-შვილს ასევე დააკისრა თანხის გადახდა, რომელიც არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რის საფუძველზეც რ.გ-ძე ითხოვდა თანხის ანაზღაურებას.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ი. და ი. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენი., რომ 1989 წელს ი. ბ-შვილსა და რ. გ-ძეს შორის, ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება ქ. ბათუმში, ... ქ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე, რომლის თანახმად ი. ბ-შვილმა რ.ი გ-ძეს გადასცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო რ. გ-ძემ - 20000 მანეთი. დარჩენილი თანხა კი უნდა გადაეხადა შემდგომში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენი., რომ ი. ბ-შვილმა ჩუქების ხელშეკრულებით აღნიშნული საცხოვრებელი სახლი გადასცა თავის შვილს - ი. ბ-შვილს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენი. დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის განხილვის დროს არ გაარკვია მოსარჩელის მოთხოვნები ერთდროულად ორივე მოპასუხის წინააღმდეგ იყო მიმართული თუ არა, კერძოდ, თანხების დაკისრებას მოსარჩელე ითხოვს ორივე მოპასუხისაგან, თუ მხოლოდ ი. ბ-შვილისაგან. (მაგალითად, ს.ფ. 63, 80 მოსარჩელე თანხების დაკისრებას ითხოვს მხოლოდ ი. ბ-შვილისაგან და არა ი. ბ-შვილისაგან. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო სარემონტო ხარჯებს აკისრებს ი. ბ-შვილს).

ამდენად, აღნიშნული საკითხის დაცვა საბოლოოდ უზრუნველყოფს პროცესუალური თანასწორობის პრინციპის დაცვას, რადგან მოსარჩელეს აქვს უფლება, სასამართლო წესით მოთხოვნა წაუყენოს მოპასუხეს, ხოლო მოპასუხეს უფლება აქვს, თავი დაიცვას მის მიმართ წაყენებული მოთხოვნისაგან.

ბ-შვილი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ექსპერტისთვის არ არის ცნობილი სახლის თავდაპირველი მდგომარეობა და ფასი (სფ. 62).

საკასაციოო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო გადაწყვეტილება სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო სასამართლო უთითებს გადაწყვეტილებაში ამ დასკვნაზე, მაგრამ არ იკვლევს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს აღნიშნული დასკვნა თავად მიიჩნია დაუსაბუთებლად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ბუნდოვანია, კერძოდ, გამოკვლევითი ნაწილი არ შეიცავს მითითებას, თუ რაზე დაყრდნობით იქნა დასკვნა შედგენილი ან როგორ იქნა შეკრებილი ჩატარებული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოწვეულიყო სხდომაზე ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის 2007 წლის 16 მარტს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის ექსპერტი _ კ-ია. მიუხედავად ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას (ს.ფ. 188).E

აღნიშნული გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში, მხოლოდ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, რა დროსაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მხარეთა პროცესუალური უფლება-ვალდებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. და ი. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.