ას-807-1171-06 26 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფონდი “ .. ..”
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაA
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ქ-მ 2001 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფონდი “ .. ..” მიმართ და მოითხოვა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1994 წლის ივლისიდან მუშაობდა ფონდ “ .. ..”. 2001 წლის 6 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა სამუშაოდან. 1995 წლის 1 ივნისიდან ყოველწლიურად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ფორმდებოდა ხელშეკრულებით. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 65-ე მუხლსა და 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მას ფონდმა უარი განუცხადა 1994-2000 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების დღეების ანაზღაურებაზე.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ა. ქ-ს უარი ეთქვა მოპასუხე ფონდი “ .. ..” მიმართ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების დღეების თანხის 7476,84 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლობის მოტივით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფონდს “ .. ..” ა. ქ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 821.56 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ფონდ “ .. ..”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი და ფონდ “ .. ..” შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
ა. ქ-მ 2006 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 2141-ე მუხლის თანახმად მუშაკის ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება დათხოვნისას გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის საკითხებზე დასაშვებია არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 25 მაისს მიღებული ახალი შრომის კოდექსით გაუქმებულია შრომის კანონთა კოდექსის 2141-ე მუხლი და ახალი შრომის კოდექსის მეხუთე თავში, რომელიც არეგულირებს მუშაკის შვებულებაში წასვლისა და ანაზღაურების პირობებს, არ არის მითითებული 2141-ე მუხლის შინაარსის მქონე ნორმა. საქართველოს შრომის კოდექსით გაუქმებულია 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსი, რომლის საფუძველზეც გამოიტანა გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლომ და ასევე მის ნორმებს დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოც. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 426-ე მუხლის მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ა. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ახალმა შრომის კოდექსმა ახლებურად დაარეგულირა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობები, გააუქმა რა შვებულებისათვის კომპანსაციის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ორი წლისათვის, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ეფუძნება საკანონმდებლო აქტს _ შრომის კანონთა კოდექსს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ აქტს არ წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ქ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სხვა ორგანოს დადგენილებაში მოიაზრება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებიც. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რაც ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ფონდმა “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად არ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.