საქმე №525აგ-15 თბილისი
მ-ი დ. 525აგ-15 24 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დ. მ-ი, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი.
დ. მ-ს 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
დ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, რაც სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით და მსჯავრდებულს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ. მ-ს 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
დ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 7 ივლისიდან.
3. 2015 წლის 11 ნოემბერს მსჯავრდებულმა დ. მ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დ. მ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა დ. მ-ს გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში და 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე. საკასაციო პალატამ ამავე განჩინებით შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დ. მ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ. მ-ი პირობით ვადამდე - 5 თვითა და 8 დღით ადრე - 2016 წლის 29 იანვარს გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასჯელის სხვა რომელიმე სახე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სანქცია სასჯელის სახედ, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ალტერნატივის სახით ითვალისწინებს ჯარიმასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.
6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. მ-ს უკვე სრულად აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი რომელიმე სხვა ალტერნატიული სასჯელით აღარ არსებობს. ამდენად, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის ნაწილში ჩაითვალოს სასჯელმოხდილად, ხოლო ამავე მუხლით დანიშნული დამატებითი სასჯელისა და დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებული დ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის ნაწილში ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი