Facebook Twitter

საქმე №529აგ-15 თბილისი

ფ-ი ა, 529აგ-15 31 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ა. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ გასაღებისათვის) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 291,6802 გრამი „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვისათვის) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ფ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა. ფ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 16 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ ა. ფ-ს შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ფ-ა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ფ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ფ-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცნია იგივე ნორმატიული შინაარსი ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანასთან“ მიმართებით და 2016 წლის პირველი ივნისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 291,6802 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე. საკასაციო პალატამ ამავე განჩინებით შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანასთან“ მიმართებით ძალადაკარგულია, კერძოდ: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც ნორმატიული თვალსაზრისით აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ა. ფ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ა. ფ-ს საქმესთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ა. ფ-ს საქმესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანასთან“ მიმართებით ძალადაკარგულია, კერძოდ: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც ნორმატიული თვალსაზრისით აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიმართ გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით გათვალისწინებული შეღავათი და მის მიმართ განსაზღვრული სანქცია და სასჯელი შესაბამისობაში მოიყვანა ახალ კანონთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა. ფ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი