ას-809-1024-08 10 თებერვალი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ვ. ბოკუჩავა
კასატორი _ მ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. და ე. მ-ძეები (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ვ. ხ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საერთო საკუთრების უფლების გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. და ე. მ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ ქ.ბათუმში, . . . ქ.¹29-ში მდებარე ¹2 ბინაზე საერთო საკუთრების გაუქმებისა და რეალური 5/6-ის წილის გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო ბინის 5/6 საკუთრების უფლებით ეკუთვნით მოსარჩელეებს, ხოლო 1/6 _ მოპასუხეს. მხარეთა შორის არის დაძაბული ურთიერთობა, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მათ უნდა გამოეყოთ საერთო საკუთრების 85 კვ.მ 4-ოთახიანი ბინიდან რეალური წილი. ამასთან, დასაშვებია, რომ ბინის გაყოფისას მ. მ-ძის სასარგებლოდ არ იქნეს დაცული ფართის ზუსტი წილობრივი ოდენობა, ასევე მოსარჩელემ მოპასუხეს თავისი სახსრებით მოუწყოს სველი წერილები და ცალკე შემოსასვლელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბინიდან რეალური წილის გამოყოფის წინააღმდეგია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. და ე. მ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმში, . . . ქ.¹29-ში მდებარე საერთო საკუთრების ¹2 ბინა გაიყო რეალურად შპს «ა.» მიერ საქმეში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კერძოდ, მოპასუხეს გამოეყო ბინის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე 16,30 კვ.მ ერთი ოთახი და შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე 1,34 კვ.მ ფართი, 2,08 კვ.მ შესასვლელი დერეფანი დარჩა საერთო სარგებლობაში, მოსარჩელეს დაევალა გაყოფის შემდგომი რეკონსტრუქციის განხორციელება პროექტის მიხედვით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, . . . ქ.¹29-ში მდებარე ¹2 ბინის ნაწილის მესაკუთრეა ე. მ-ძე, ამავე ბინის 1/3 ეკუთვნის ე. მ-ძეს, ხოლო 1/6 _ მ. ჩ-ძეს. მ. ჩ-ძის კუთვნილი 1/6 წილი მიიღო მ. მ-ძემ. 2006 წლის 27 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იდეალური წილის 1/6-ის მფლობელს ეკუთვნის 8,73 კვ.მ საცხოვრებელი და 5,58 კვ.მ დამხმარე, სულ 14,31 კვ.მ ფართი, ხოლო 5/6-ის მფლობელს ეკუთვნის 43,65 კვ.მ საცხოვრებელი და 27,9 კვ.მ დამხმარე, სულ 71,55 კვ.მ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, რეალურად სადავო ფართის გაყოფის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, კერძოდ, 1/6 წილის მფლობელს უნდა მიეცეს 14,42 კვ.მ ¹35 ოთახი და შესასვლელი გაუკეთდეს ეზოს მხრიდან, სველი წერტილების მოწყობა კი შეიძლება ¹35 ოთახში ერთ მხარეს მისი გადატიხვრის შედეგად. შპს «ა.» მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით, ბინის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს 16,30 კვ.მ, ხოლო მარცხნივ _ 1,34 კვ.მ ოთახები, რომლებიც გამოეყო მ. მ-ძეს, 2,08 კვ.მ შესასვლელი დერეფანი კი დარჩა საერთო სარგებლობაში. რეკონსტრუქციის ხარჯები დაეკისრა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, 963-ე მუხლის პირველი წინადადებით და გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ სადავო ბინა შპს «ა.» მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით მართებულად გაიყო, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით სწორადაა განსაზღვრული სადავო ფართის გაყოფის წესი და სხვაგვარად წილის გაყოფა შეუძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის მოსაზრება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და მიიჩნია, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზისა და შპს «ა.» დასკვნები კატეგორიულია და დასახელებული ნორმით გათვალისწინებული დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი, როდესაც უარი უთხრა კასატორს ექსპერტიზის დანიშვნაზე. ამ დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, 2006 წლის 27 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შესასვლელი კარის გამიჯვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი შესასვლელი კარი გაკეთდება ეზოს მხრიდან, ხოლო მეორე, ცენტრალური კარი დარჩება უცვლელად. შპს «ა.» დასკვნით კი დგინდება, რომ შესასვლელი კარის გამიჯვნა შესაძლებელია, თუ ერთი შესასვლელი კარი გაკეთდება ეზოს მხრიდან, შესასვლელი დარჩება საერთო სარგებლობაში, მოწინააღმდეგე მხარის კარი გაკეთდება შიგნით, ხოლო არსებული საერთო შესასვლელი კარი კი _ შეიცვლება ლითონის დასაკეცი გისოსიანი კარით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ბინის გეგმის მონაცემები ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მონაცემებს არ ემთხვევა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს «ა.» დასკვნის საფუძველზე კასატორის კუთვნილი წილის რეკონსტრუქცია, ვინაიდან მ. მ-ძისათვის გამოყოფილ ფართში არ არის შექმნილი საცხოვრებელი პირობები და სამზარეულოსა და სააბაზანოს მოწყობის ადგილი არ რჩება. ასევე მიუღებელია საერთო შესასვლელისა და გისოსებიანი კარის არსებობაც, ვინაიდან კასატორისათვის განკუთვნილი ოთახიდან საპირფარეშომდე გასავლელია საერთო დერეფანი, რომელიც გისოსებიანი კარის მიღმა სადარბაზოში გამვლელთაგან ვიზუალურად დაცული არ არის. სააპელაციო სასამართლოს სადავო ფართი იმდაგავარად უნდა გაეყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს თავისი შესასვლელი გაეკეთებინა ეზოს მხრიდან, რაც 2006 წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნითაც შესაძლებელია, ხოლო კასატორი ისარგებლებდა ცენტრალური შესასვლელი კარით და ამ კართან არსებულ დერეფანში მოიწყობდა სამზარეულოსა და აბაზანას. სასამართლომ სადავო ბინიდან წილის გაყოფისას არასწორად მიიჩნია, რომ მ. მ-ძეს ეკუთვნის სახლის 1/6, ვინაიდან კასატორს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ეკუთვნოდა უძრავი ნივთის 1/2. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1307-ე, 1337-ე, 1450-ე, 1424-ე, 1515-ე, 312-ე, 125-ე მუხლები, 129-ე მუხლის მესამე ნაწილი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის თებერვლის ¹107 დადგენილების მე-7 მუხლი. ამდენად, საქმეზე უნდა ჩატარდეს ახალი ექსპერტიზა, სადაც სწორედ და ობიექტურად იქნება ასახული საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სადავო ნივთი იმგვარად გაიყოფა, რომ მოსარჩელემ თავისი შესასვლელი კარი გააკეთოს ეზოს მხრიდან, კასატორი ისარგებლებს ცენტრალური შემოსასვლელი კარით და ამ კართან არსებულ დერეფანში მოიწყობს სველ წერტილებს. აღნიშნულით მ. მ-ძეს შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს კუთვნილი ფართით და თავიდან აირიდოს ე. მ-ძის შეურაცხყოფის ფაქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას ამოწმებს რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1), მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დაცვითაა გამოტანილი, კერძოდ:
მოცემულ საქმეზე დადგენილია რა, რომ მ. მ-ძის წილი საზიარო უფლებაში წარმოადგენს უძრავი ნივთის _ საცხოვრებელი სახლის 1/6-ს, ხოლო ე. მ-ძის _ 5/6-ს, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლები, რომელთა მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, სადავო საზიარო საგნის მესაკუთრეთა წილისდა მიხედვით ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფის შესაძლებლობა ღირებულების შემცირების გარეშე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება ექსპერტის დასკვნას.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის თაობაზე. აღნიშნული ნორმით კანონი ითვალისწინებს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული პირობების არსებობისას, კერძოდ, დამატებითი ექსპერტიზა დაინიშნება, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, ხოლო განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საგულისხმოა, რომ ორივე _ განმეორებითი და დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა ხდება სასამართლოს ინიციატივით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიმართ არასათანადოობის გამო ხელახალი ექსპერტის დასკვნის დანიშვნის აუცილებლობა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან არ დადგენილა და ამგვარი გარემოების არსებობა არც კასატორს დაუსაბუთებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოყენების გზით. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოსაგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტის დასკვნა წარადგინონ სასამართლოში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარეს შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად დაიცვას თავისი უფლებები საქმის განხილვისას და წარადგინოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება. კანონით მინიჭებულ უფლებათა რეალიზაცია მხარეს აძლევს საშუალებას, დაასაბუთოს თავისი პოზიციის სისწორე და ჯეროვნად დაიცვას სადავოდ გამხდარი უფლება. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებათა გამოუყენებლობა იწვევს მხარის თუნდაც რეალურად დარღვეული კანონიერი უფლების დაცვის შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძეს მითითებული კანონიერი უფლებები საქმის პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ გამოუყენებია, შესაბამისად, მ. მ-ძის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ექსპერტიზის დასკვნის უსწორობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
მიზანშეუწონელია საკასაციო საჩივრის არგუმენტის გაზიარება, რომ სასამართლოს განჩინებით გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნით ბინის რეკონსტრუქციის ვარიანტი კასატორისათვის მიუღებელია, რადგან მისთვის გამოყოფილ ფართში არ არის შექმნილი არანაირი საცხოვრებელი პირობები. როგორც ზემოთ აღნიშნა, მ. მ-ძეს საზიარო უფლებაში განსაზღვრული აქვს 1/6 წილი. ექსპერტის დასკვნით, სადავო ფართიდან რეალურად მას განესაზღვრა თავის წილზე მეტი ფართი, კერძოდ, ნაცვლად 14,31 კვ.მ-ისა, 16,30 კვ.მ. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობის თაობაზე, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კასატორმა გასაჩივრებული განჩინებით იმაზე მეტი ფართი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად და კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნტის საფუძველზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კასატორის გათავისუფლებას კანონის ზემოხსენებული დანაწესი არასწორად დაედო საფუძვლად, ვინაიდან იგი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდი პირის გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძის ინვალიდობის ფაქტი არ დასტურდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (კასატორის ოჯახის წევრების _ მეუღლისა და შვილის ინვალიდობა, უმუშევრობა ს.ფ. 144-146) საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმ გარემოების დასადგენად, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
მ. მ-ძე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისაგან ქონებრივი მდგომარეობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.