საქმე №530აგ-15 6 მარტი, 2017 წელი
მ-ი გ, 530აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 22 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 13 ოქტომბრიდან იმავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
4. 2015 წლის 13 ნოემბერს მსჯავრდებულმა გ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენების გადასინჯვის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული გ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, მის მიმართ დადგენილი განაჩენების გადასინჯვასა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა 20,42 გრამი ნედლი „მარიხუანა“, რომელიც გამომშრალი, მაქსიმუმ, 10 გრამი იქნებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე