ას-809-1173-07 5 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. დ-მ და ა. მ-მა მოპასუხე შპს “ .. .. ..” ბათუმის ფილიალის წინააღმდეგ და მოითხოვეს “ .. .. ..” ბათუმის ფილიალის დირექტორის მიერ მიღებული ¹45 და ¹54 ბრძანებების გაუქმება, თანამდებობებზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 2003 წლის პირველი ივნისიდან მუშაობენ აღნიშნულ ორგანიზაციაში. ფილიალის 2005 წლის 27 მაისის ¹45 ბრძანებით ადრე არსებული ხელშეკრულების მოქმედება შეუწყდა ყველა უბნის უფროსს, ინჟინერს, აღმრიცხველსა და რეალიზაციის ტექნიკური ჯგუფის ყველა წევრს. რეორგანიზაციის მოტივით და ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, თითოეული თანამშრომელი დატოვებულ იქნა თავის თანამდებობაზე. ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, აგრძელებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2005 წლის პირველი ივლისის ბრძანებით, მათთან შეთანხმების გარეშე, უკანონოდ იქნენ გადაყვანილი სხვა სამუშაო ადგილას. 2005 წლის 11 ივლისის ¹54 ბრძანებით კი, შრომის შინაგანაწესის დარღვევის მოტივით, დადგინდა, რომ მოსარჩელეებთან ხელშეკრულებები აღარ გაფორმდებოდა. ა. მ-ისა და მ. დ-ის განმარტებით, ისინი უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული სამსახურიდან, რადგან არანაირ დისციპლინის დარღვევას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ასევე ბრძანება უკანონოა, რადგანაც ა. მ-ი, ბრძანების გამოცემისას, შვებულებაში იმყოფებოდა და მისი გათავისუფლება კანონით არ შეიძლებოდა. ამას გარდა, გათავისუფლების შესახებ ბრძანება პროფკავშირებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
2005 წლის 12 აგვისტოს, მოსარჩელეებმა დამატებითი სარჩელით მოითხოვეს ადმინისტრაციის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე და ასევე აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში მისაღებ და ფაქტობრივად მიღებულ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება.
2005 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელეებმა კვლავ გაზარდეს მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხის მიერ 2005 წლის 2 აგვისტოს მიღებული ¹62 ბრძანების ბათილად ცნობაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და მ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ .. .. ..” ბათუმის ფილიალს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა _844 ლარის და 97 თეთრის, ხოლო მ. დ-ის სასარგებლოდ 439 ლარისა და 51 თეთრის გადახდა. მასვე დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების გადახდა 95 ლარის ოდენობით და ასევე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით. ხოლო სარჩელი დარჩენილი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და მ. დ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოწინააღმდეგე მხარემაც და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით, ხელფასის არასწორად დარიცხვის ნაწილში, მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 2005 წლის 27 მაისის ¹45 ბრძანებით, მართალია მუშაკებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულების მოქმედება, მაგრამ ორგანიზაციას ისინი სამუშაოდან არ გაუთავისუფლებია, მხოლოდ გააფრთხილა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე სისტემაში მიმდინარე სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ასევე დაადგინა, რომ 2005 წლის 11 ივლისის ¹54 ბრძანებით, მართალია მოსარჩელეებთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება, მაგრამ, ბრძანების შემდეგაც, მხარეთა შორის ფაქტიური შრომითი ურთიერთობები გრძელდებოდა და ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სამუშაოდან არ გათავისუფლებულან და შესაბამისად, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და მ. დ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხე შპს “ .. .. ..” წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.