Facebook Twitter

ას-810-1129-07

16 მაისი, 2008 წ

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ჯ-იანი

წარმომადგენლები - მ.კ-ძე, ზ.ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ-ია

წარმომადგენელი - დ.ა-იანი

გასაჩივრებული განჩინება - Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . ივლისის განჩინება

დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

.. . .. .20.. წ. Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ.ჯ-იანმა კ.კ-იას წინააღმდეგ.

მოსარჩელემ მოითხოვა: კ.კ-იას დაეკისროს .. . .. . 20.. წ. ტელეკომპანია „უ-ის“ საინფორმაციო გამოშვება „ .......... “, პირდაპირი ეთერით მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით და იმ სახით, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

კ.კ-იას დაეკისრს .. . .. . 20.. წ. გაზეთ „რ-ში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში - „კ-ძეს მაშინ მოვხსნი, როცა საჭირო იქნება“ - მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით და იმ სახით, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .. . .. . 20.. წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფის ნაწილში.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .. . .. . 20.. წ. დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე კ.კ-იას წარმომადგენელმა დ.ა-იანმა იშუამდგომლა დამატებითი მოსამზადებელი სხდომის ჩატარების შესახებ, იმ გარემოების შესამოწმებლად, ადგილი ჰქონდა თუ არა განსახილველ შემთხვევაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პოლიტიკურ დებატებს მხარეთა შორის. ამ გარემოების დასადასტურებლად მან სასამართლოს წარუდგინა 20.. წ. სექტემბრის თვეში საინფორმაციო გამოშვება „ ......... “ მიერ გავრცელებული ვიდეომასალა.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის .. . .. . 20..წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე კ.კ-იას წარმომადგენლის დ.ა-იანის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე მ.ჯ-იანი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული საჯარო პირი. დადგენილია მისი წევრობა იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის საბჭოში, ხოლო წარმოდგენილი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ როგორც საბჭოს წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობდა 20.. წ. სექტემბრის თვეში საზოგადოების ფართო ყურადღების ქვეშ მოქცეულ მსჯელობებში სასჯელაღსრულებითი დაწესებულების საავადმყოფოდან პაციენტების სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ პუნქტით, საჯარო პირად მიიჩნევა პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოების ყურადღება. იყო რა მონიტორინგის საბჭოს წევრი, მ. ჯ-იანი ფლობდა გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე რიგითი მოქალაქე ცალკეულ საკითხთან _ სასჯელაღსრულებით დეპარტამენიტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამ მოვლენებზე საჯაროდ გამოთქვამდა თავის აზრს. აქედან გამომდინარე, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თაობაზე მიმდინარე მსჯელობისას მისი სტატუსი არ შეიძლება გაიგივებულ იქნას რიგითი მოქალაქის სტატუსთან.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია, რომ როგორც საჯარო პირი, მ. ჯ-იანი პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობდა. შესაბამისად, მისი მონაწილეობით მიმდინარე დისკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პოლიტიკურ დებატად არ ჩაითვალა და დადგინდა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის .. . .. . 20.. წ. გადაწყვეტილებით მ.ჯ-იანის სარჩელი მოპასუხე კ. კ-იას მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სამაუწყებლო კომპანია „უ-ის“ პირდაპირ ეთერში .. . .. . 20.. წ. მოპასუხის მიერ გავრცელებულ იქნა სარჩელში აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ. კერძოდ, გამონათთქვამები - „მ.ჯ-იანი უშუალოდ ერეოდა, უხეშად არღვევდა თავის უფლებამოსილებას, თვითონ წერდა დასკვნებს კონკრეტულ ადამიანებზე კომისიის გვერდის ავლით“, „ამაზე ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება, რის შემდეგაც გაირკვევა, ამას აკეთებდა ლამაზი თვალების გულისთვის, თუ ეს სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც მიაგნო ამ სინდისგარეცხილმა ადამიანმა“ და ა.შ.

.. . .. . 20.. წ. გაზეთ „რ-ში“ გამოქვეყნდა მოპასუხის ინტერვიუ, რომელშიც აღინიშნა: „ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ფსიქიატრიულ დასკვნებზე ძალიან დიდი ფული კეთდებოდა. სიგიჟის ცნობას მათ აძლევდნენ, ვისაც არ ეკუთვნოდა. ეს ქალბატონი სწორედ საკუთარი ინტერესისათვის მოკალათდა ამ მონიტორინგის საბჭოში“. „სამედიცინო დასკვნებზე პასუხს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმები აგებენ, მათი უფროსი ღულაძე იყო, თანამზრახველები კი ჯ-იანი და სხვები. აღებული ფული ან ჩემთან უნდა მოეტანათ, ან თავად უნდა დაეტოვებინათ. ჩემთან არაფერი მოუტანიათ“ და ა.შ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე მითითება. სასამართლომ აღნიშნა, რომ 20.. წ. .. ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც მე-18 მუხლით მოწესრიგებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად გადაწყვიტა. კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით შემოტანილ იქნა ცილისწამების ცნება. ამ ნორმით, ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ცილისწამების მიმართ კანონი ადგენს მე-18 მუხლისაგან განსხვავებულ მტკიცებულებათა სტანდარტს. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება, ვინაიდან იგი არის სპეციალური და ახალი კანონი და მოიცავს ძველი კანონით (ანუ მე-18 მუხლით) მოწესრიგებულ ურთიერთობას.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკითხი, რომელზედაც პოლემიკა წარმოიშვა და რასაც მოჰყვა საბოლოოდ მოპასუხის ინტერვიუები და განცხადებები, 20..წ. სექტემბრის თვეში, საზოგადოების ფართო ყურადღების საგანს წარმოადგენდა. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო კასეტების ჩანაწერებით დადგენილია, რომ 20..წ. სექტემბრის თვეში მართლაც მიმდინარეობდა ფართო დისკუსია წამოჭრილ საკითხებზე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ პუნქტით, საზოგადოებრივი ყურადღება წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობას) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. შესაბამისად, საზოგადოებას გააჩნდა მრთლზომიერი ინტერესი, მიეღო ინფორმაცია (მათ შორის მინისტრისაგან) განსახილველ საკითხებზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ ნიშანთა ერთობლიობის ჩამონათვალს, რაც იძლევა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედებაში ყველა ნიშნით ერთდროული არსებობა, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხიმგებლობას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოს პრეცედენტული სამართალი და ჩათვალა, რომ მ.ჯ-იანს, როგორც საჯარო პირს, უნდა გამოეჩინა კრიტიკის თმენის ვალდებულება. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჯ-იანმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მითითება, რომ არ არსებობს კოლიზია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლასა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებს შორის.

20.. წ. .. ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რითაც რადიკალურად შეიცვალა ის ნორმატიული ბაზა, რომელიც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეჟიმს აწესრიგებდა. აღნიშნულმა კანონმა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დარეგულირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად გადაწყვიტა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტით განმტკიცებულია ცილისწამების ცნება: ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ანუ მოსარჩელე თვლის, რომ კ.კ-იას მხრიდან მ.ჯ-იანის მიმართ ცილისწამება განხორციელდა. ცილისწამების შემთხვევაში პირის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის საკითხები დარეგულირებულია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით, ისე საქართველოს კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ურთიერთობას არეგულირებს სხვადასხვა, მაგრამ იერარქიის ერთი და იგივე საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (ამოქმედდა .. . .. . 19.. წ.), კერძოდ მისი მე-18 მუხლი; და 20..წ. .. ივნისს მიღებული საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, ერთი და იგივე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელიც სადავო საკითხის გადაწყვეტისას წარმოადგენს უფრო ახალ და სპეციალურ კანონს. სასამართლომ ასევე სწორად განმარტა კანონის ნორმები. გადაწყვეტილებაში მართებულადაა აღნიშნული, რომ მ.ჯ-იანის სასარჩელო მოთხოვნები გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, მთლიანად გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის არსიდან და არ შეესაბამება ახალი და სპეციალური კანონის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ცილისწამების განხორციელების გამო მოპასუხისათვის განსაზღვრულ სანქციას. სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს მ.ჯ-იანის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები აწესებს საკითხის განსხვავებულ რეგლამენტაციას, ადგენს განსხვავებულ მტკიცების სტანდარტს, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ცილისწამების ობიექტი _ კერძო პირი, თუ საჯარო პირი, მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ის, რომ იგი საჯარო პირია, დადგენილია Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის .. . .. . 20.. წ. განჩინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა მოსარჩელე საჯარო პირად და გამოიყენა სადავო საკითხის გადასაწყვეტად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შშესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი. სააპელაციო პალატამ ასევე ჩათვლა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ საკითხი, რომელზედაც პოლემიკა წარმოიშვა და რასაც მოჰყვა საბოლოოდ მოპასუხის ინტერვიუ და განცხადებები, 20..წ. სექტემბრის თვეში საზოგადოების ფართო ყურადღების საგანს წარმოადგენდა. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო კასეტების ჩანაწერებით დადგენილია, რომ 20..წ. სექტემბრის თვეში მართლაც მიმდინარეობდა ფართო დისკუსია სასჯელაღსრულებითი დაწესებულების საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანის საკითხებზე და აღნიშნულზე მიმართული იყო საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა). შესაბამისად, საზოგადოებას გააჩნდა მართლზომიერი ინტერესი, მიეღო ინფორმაცია (მათ შორის მინისტრისაგან) განსახილველ საკითხზე.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანია, თუ სახეზეა შემდეგი კუმულაციური პირობები:

1. თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ;

2. ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა;

3. განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

კუმულაციური პირობები თავისთავად გულისხმობს, რომ საჭიროა მათი ერთდროულად არსებობა პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამდენად, განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლისა, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მტკიცების ტვირთი შებრუნებულია. მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა.

პირველი პირობის შესახებ მ.ჯ-იანმა სასამართლოს წარუდგინა რიგი მტკიცებულებები, რომ იგი არ არის ეჭვმიტანილი, თანამზრახველი, რომ მას ბრალი არ ედება კანონის დარღვევაში - საქართველოს გენერალური პროკურატურის 28.10.2005წ. წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ჯ-იანი დაკითხულ იქნა მოწმის სახით. ანუ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომ კ.კ-იას განცხადება შესაძლოა შეიცავდა მცდარ ფაქტს მის ეჭვმიტანილობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის მეორე პირობას, მოსარჩელის აღნიშვნით, კ. კ-იას მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მას მიაყენა ზიანი, მოსარჩელემ მისთვის ზიანის მიყენებით კუთხით სასამართლოს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა.

მესამე პირობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იგი თავად შეიცავს ორ ალტერნატიულ საფუძველს: 1. რომ განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, 2. ან რომ მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამდენად, მესამე პირობის არსებობა მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ამ საფუძვლებიდან ერთ-ერთის არსებობით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ კ-იასათვის გავრცელებული ფაქტების მცდარობა წინასწარ იყო ცნობილი და ვერც ის, რომ კ-იამ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის .. .. .20.. წ. ბრძანებით დადგენილია, რომ მოპასუხე კ.კ-იამ საჯარო განცხადების გაკეთებამდე მიიღო ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად. კერძოდ, მისი .. .. .20... წ. ბრძანებით დადგინდა იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში .. .. .20.. წ-დან .. . .. .20.. წ-მდე პერიოდში გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმება. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი. საქმეში წარმოდგენილია ასევე აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგების ამსახველი .. .. . .20.. წ. დასკვნა. იგი შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელე მ.ჯ-იანის ქმედებაზეც.

სააპელაციო პალატა ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი განამტკიცებს გამოხატვის თავისუფლებას, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც თავად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობა, სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ღია, თავისუფალი დისკუსიები, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული განვითარება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით ზოგადად განმარტებულია კრიტიკის თმენის ვალდებულება, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკოსებს ეკისრებათ. მოგვიანებით, ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ვალდებულება საჯარო მოხელეებზეც ვრცელდება. საჯარო მოხელეები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური უფლებამოსილებით, პოლიტიკოსების მსგავსად ექვემდებარებიან დასაშვები კრიტიკის უფრო ფართო ზღვარს, ვიდრე კერძო პირები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ 19..წ. თომა ლუსემბურგის წინააღმდეგ 20.. წ. და განმარტა, რომ რადგან დადგენილია, რომ მ.ჯ-იანი წარმოადგენს საჯარო პირს, მიზანშეწონილად ჩათვალა საჯარო პირის მიმართ იგივე სტანდარტის გამოყენება, რაც პრეცედენტული სამართლით საჯარო მოხელეებისთვისაა დადგენილი. სასამართლო დაეყრდნო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლითაც ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა დ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საჯარო პირის მიმართ იგივე სტანდარტი, რაც პრეცედენტული სამართლით საჯარო მოხელეებისთვისაა დადგენილი.

საჯარო მოხელეთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით სარგებლობის უფლება პრეცედენტული სამართლითაც განმტკიცებულია. სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ კონვენციის გარანტიები საჯარო მოხელეებზეც ვრცელდება. „საჯარო მოხელეები ფიზიკური პირები არიან და, ამდენად, ექცევიან მე-10 მუხლის დაცვის ქვეშ“ (ფოგტი გერმანიის წინააღმდეგ, 19.. წ. აბზაცი 43,53), შესაბამისად, საჯარო მოხელეებსაც აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ კ-იას ჰქონდა უფლება, გამოეხატა თავისი აზრი, მის სამინისტროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო ასეთი მოსაზრების მიმართ მ.ჯ-იანს, როგორც საჯარო პირს, უნდა გამოეჩინა კრიტიკის თმენის ვალდებულება.

ყოველივე აღნიშულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ .. . .. . 20.. წ. გადაწყვეტილებაში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჯ-იანმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი;

გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოსამართლემ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობას აწესრიგებს ერთდროულად ორი კანონი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და ადგენს იმ უფლებათა დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კი იცავს პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ადგილი არ აქვს კოლიზიას, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი და დაცულია სხვა უფლებები, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით კი სხვა უფლებები;

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მეორე და მესამე პირობა არ დასტურდებოდა.

კასატორის აზრით სადავო არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დასკვნების გაყალბებასა და სამარცხვინო მაქინაციებში მონაწილეობის დაბრალება, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის, შეურაცხყოფის და მორალური ზიანის მიმყენებელი იყო; კასატორის მოსაზრებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინფორმაციის საკმარის და სათანადო ზომად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით (ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციით ), პირს უფლება ჰქონდა სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, შემლახველი ცნობების უარყოფა, თუ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებდა, რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამებოდა. 20..წ. .. ივნისს ამ მუხლში შევიდა ცვლილებები, რომლითაც მე-18 ითვალისწინებს ამ უფლებათა დაცვას ,,კანონით დადგენილი წესით”.

20..წ. .. ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. ამ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით შემოტანილ იქნა ცილისწამების ცნება. ამ ნორმით, ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ანუ მოსარჩელე თვლის, რომ კ.კ-იას მხრიდან მ.ჯ-იანის მიმართ ცილისწამება განხორციელდა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ადგენს განსხვავებულ მტკიცების სტანდარტს, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ცილისწამების ობიექტი - კერძო პირი, თუ საჯარო პირი. მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ის, რომ იგი საჯარო პირია, დადგენილია სასამართლოს მიერ და აღნიშნულს კასატორი არ ხდის სადავოდ.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანია, თუ სახეზეა შემდეგი კუმულაციური პირობები:

1. თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ;

2. ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა;

3. განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

კუმულაციური პირობები გულისხმობს, რომ საჭიროა მათი ერთდროულად არსებობა პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამდენად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მის შესახებ, ამ განცხადებით მას მიადგა ზიანი და მოპასუხე ბრალეულად მოქმედებდა;

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა იმის დასადასტურებლად, რომ კ.კ-იას მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მას მიაყენა ზიანი, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ კ-იასათვის გავრცელებული ფაქტების მცდარობა წინასწარ იყო ცნობილი და ვერც ის, რომ კ-იამ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის .. ... .20.. წ. ბრძანებით, მოპასუხე კ.კ-იამ საჯარო განცხადების გაკეთებამდე მიიღო ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად. კერძოდ, მისი .. . .. . 20.. წ. ბრძანებით დადგინდა იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში .. . .. . 20.. წლიდან .. . .. . 20.. წლამდე პერიოდში გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმება. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი. საქმეში წარმოდგენილია ასევე აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგების ამსახველი .. . .. . 20..წ. დასკვნა, რომლითაც დასტურდება დეპარტამენტში არსებული დარღვევები. დასკვნა შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელე მ.ჯ-იანის ქმედებაზეც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კ-იას ბრალეული მოქმედება, არ არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო სასამართლო თვლის, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.ჯ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.