Facebook Twitter

საქმე №543აგ-15 თბილისი

რ-ი გ, 543აგ-15 31 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. რ-ს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამავე კოდექსის 64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე საბოლოოდ გ. რ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე - 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. რ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 28 აპრილიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ გ. რ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა გ. რ-ა და მისმა ადვოკატმა ე. მ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენები:

· მსჯავრდებული გ. რ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან;

· მსჯავრდებულ გ. რ-ს მოსახდელად განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობით ჩათვლილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენით დადგენილ პირობით მსჯავრს და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით - 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. რ-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების („მარიხუანის“) მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე და შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ გ. რ-ს საქმესთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ გ. რ-ს საქმესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. რ-ს ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დაკმაყოფილდა, რაც წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნის იდენტურია, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ არ გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით დადგენილი შეღავათი, რადგან ახალი კანონით მსჯავრდებულ გ. რ-ს მდგომარეობა არ უმჯობესდება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი