¹ ას-811-1175-06 16 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – .. .. .. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ჭ-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
.. .. .. 2005 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს ,,ჭ-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა 340732 ლარის გადახდა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე - .. .. .. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე .. .. .. .
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; .. .. .. სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა .. .. .. .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კასატორ .. .. .. განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 17 036 (ჩვიდმეტიათას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით კასატორ .. .. .. გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის ვადა და დაევალა ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 17 036 (ჩვიდმეტიათას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა .. .. .. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კასატორ .. .. .. განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 17 036 (ჩვიდმეტიათას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად (ს.ფ. 258-259). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით კასატორ .. .. .. გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 17 036 (ჩვიდმეტიათას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 262-263). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა .. .. .. (ს.ფ. 264), რაც 2007 წლის 29 იანვარს ჩაბარდა კასატორს (ს.ფ. 265). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 8 თებერვალს ჩათვლით, მაგრამ მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან .. .. .. სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ .. .. .. საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
.. .. .. საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.