Facebook Twitter

¹ას-812-1099-09 9 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს ,,ეკა” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-ური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ეკამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ურის მიმართ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მიყენებული ზიანის _ 37480 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს “ეკა” სამეწარმეო რეეესტრში დარეგისტრირდა 1996 წლის 6 თებერვალს. საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენდნენ საწესდებო კაპიტალის 80%-ის მესაკუთრე პ. დ-შვილი და 20%-ის მესაკუთრე ლ. ბ-ური. ამჟამად საზოგადოების დირექტორია პ.დ-შვილი. 2006 წლის 25-26 დეკემბრის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოპასუხე საზოგადოებიდან გაირიცხა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2001 წლის 15 ოქტომბრის ¹9 ბრძანებით შპს “ეკას” დირექტორმა გ. დ-შვილმა დააკმაყოფილა ლ. ბ-ურის განცხადება და იგი საზოგადოების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გ.დ-შვილი ვეღარ ასრულებდა დირექტორის მოვალეობას და საზოგადოებას მოპასუხე ხელმძღვანელობდა. ლ.ბ-ურმა შპს “ეკას” დირექტორის მოვალეობის შესრულებისას თავისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, დროულად არ გადაიხადა სახელმწიფო გადასახადები, დაყადაღების რეალური საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ქონებას. მოპასუხის უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად შპს “ეკას” საგადასახადო ორგანოებმა დაარიცხეს საურავი 1180 ლარის ოდენობით. საგადასახდო დავალიანება საბოლოოდ დაფარა ახალმა დირექტორმა პ. დ-შვილმა. 2003 წლის 13 მარტიდან 2004 წლის 7 ივლისამდე მოპასუხემ სს “საქართველოს ბანკში” არსებული საზოგადოების ანგარიშიდან, დივიდენდის გაცემის მიზნით, შპს-ს სახელით გაიტანა 36300 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხემ შეიტანა საწარმოს სალაროში და იქიდანაც დივიდენდის გაცემის საფუძველზე გაიტანა, თუმცა რეალურად დივიდენდი საზოგადოების პარტნიორთა შორის არ განაწილებულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა ლ.ბ-ურის მიერ შპს “ეკასათვის” ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ეკას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პარტნიორი ლ.ბ-ური გარიცხულ იქნა შპს ,,ეკადან”, ლ.ბ-ურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36300 ლარის გადახდა, ხოლო 1180 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში შპს ,,ეკას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლი 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე პალატის 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით ლ.ბ-ურის საჩივრის საფუძველზე ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. პალატამ თავისი დასკვნა დააფუძნა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მიერ გაცემულ 2008 წლის 24 დეკემბრის ¹4827/08 ცნობას, რომლის თანახმად ლ.ბ-ური არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მიცემული აქვს ინვალიდობის პირველი ჯგუფი და, მობილურობის მკვეთრი შეზღუდვის გამო, იგი სახლსაა მიჯაჭვული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.ბ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ეკას” სარჩელი პარტნიორ ლ. ბ-ურის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ლ.ბ-ურს შპს ,,ეკას” სასარგებლოდ დაეკისრა 29040 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „ეკა“ შეიქმნა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 6 თებერვლის ¹2\4-425 დადგენილებით. საზოგადოების თავდაპირველი პარტნიორები იყვნენ გ. დ-შვილი და ლ. ბ-ური. ამჟამად შპს „ეკას“ პარტნიორებს წარმოადგენენ 80% წილის მესაკუთრე პ. დ-შვილი, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოების დირექტორი და 20% წილის მესაკუთრე ლ. ბ-ური. 2001 წლის 15 ოქტომბრის ¹9 ბრძანების საფუძველზე შპს „ეკას“ დირექტორმა გ. დ-შვილმა დააკმაყოფილა ამავე საწარმოს სექციის გამგე ლ. ბ-ურის განცხადება და იგი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანა. 2005 წლის 20 მაისის მდგომარეობით შპს „ეკას“ გააჩნდა ვალდებულება თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მათ შორის, საურავის სახით დარიცხული თანხა და საწარმოს მიეცა გაფრთხილება საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ 2003 წლის 13 მარტიდან 2004 წლის 7 ივლისამდე ლ. ბ-ურმა სს „საქართველოს ბანკიდან“ შპს “ეკას“ სახელით გაიტანა 36 300 ლარი. 2006 წლის 25-26 დეკემბრის შპს „ეკას“ პარტნიორთა კრების ¹1 ოქმის თანახმად, კრებაზე განხილულ იქნა ლ. ბ-ურის, როგორც პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საკითხი. კრებას ესწრებოდა თავად ლ. ბ-ურიც. საზოგადოების 80% წილის მქონე პარტნიორის მხარდაჭერით ლ. ბ-ური შპს „ეკას“ პარტნიორთა რიგებიდან გაირიცხა. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატის 2009 წლის 1 აპრილის სხდომაზე აპელანტ ლ. ბ-ურის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების სახით 36300 ლარის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება 7260 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის დაკმაყოფილების ნაწილში. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს “ეკას“ დირექტორმა პ. დ-შვილმა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არ უარყოფდა სადავო თანხის 20%-ის ლ. ბ-ურისათვის კუთვნილების ფაქტს, ხოლო დანარჩენი თანხა საზოგადოების საკუთრებაა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მისთვის 36300 ლარის ანაზღაურების შესახებ სადავოდ ხდის რა მხოლოდ 7260 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარე ცნობს სააპელაციო საჩივარს, ლ. ბ-ურს მოსარჩელე შპს “ეკას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 29040 ლარის ანაზღაურება. პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ლ. ბ-ურის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის ნაწილშიც. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ლ. ბ-ურის მიერ საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელებული მოქმედებით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება და პარტნიორებს შორის უნდობლობის ჩამოყალიბება ლ.ბ-ურის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველს წარმოადგენს. პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უკიდურესი ღონისძიებაა, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას. შპს „ეკას“ წესდების 5.9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პარტნიორთა კრების მიერ პარტნიორის გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისაა დასაშვები, მოსარჩელის მითითებით კი, 2003 წლიდან ლ. ბ-ური, საზოგადოების მეორე პარტნიორის, დირექტორ გ.დ-შვილის თანხმობით ახორციელებდა საზოგადოების ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას, ფაქტობრივად ეწეოდა საქმიანობას, რაც დაკავშირებული იყო დირექტორის უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან. მოსარჩელის მოთხოვნაც ლ.ბ-ურის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის თაობაზე გამომდინარეობს იმ საფუძვლებიდან, რომ მან ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელებისას გამოიჩინა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და საზოგადოებას ზიანი მიაყენა. პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიმართ წამოყენებული პრეტენზიები ემყარება საზოგადოების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობათა არასწორად განხორციელებას, რაც ლ.ბ-ურის, როგორც პარტნიორის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებაზე არ მეტყველებს, შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან ლ. ბ-ურის მიერ თანხის გატანისა და მისი დივიდენდის სახით გაუცემლობის ფაქტს, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ბ-ური თანახმაა, აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს საზოგადოებას კუთვნილი წილის პროპორციული დივიდენდის გამოკლებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის არგუმენტზე პარტნიორთა შორის უთანხმოებისა და სერიოზული დაპირისპირების არსებობის შესახებ, რაც თავისთავად არასახარბიელოა და შესაძლებელია, უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების საქმიანობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება პარტნიორებს შორის შემდგომი საქმიანობისა და თანამშრომლობის შეუძლებლობად, შესაბამისად, ვერც აღნიშნული პარტნიორის გარიცხვის საფუძველი ვერ გახდება, რადგან ასეთი გარემოება პარტნიორის მონაწილეობის შესაძლებლობას საზოგადოების მართვაში არ გამორიცხავს და ასეთ შემთხვევაში, პარტნიორს შეუძლია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის მოპასუხის მიმართ ისეთი უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საფუძველს, როგორიც პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვაა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.ბ-ურის საზოგადოებიდან გარიცხვაზე უარის თქმის ნაწილში შპს ,,ეკამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო სასამართლომ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგში სრულიად უკანონოდ გააუქმა. აპელანტმა წარადგინა შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობაში მითითებული არ არის იმ მიზეზის შესახებ, რომელიც გამორიცხავდა მხარის გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინების შესაძლებლობას. წარმოდგენილ ცნობაში მითითებული სამედიცინო დაწესებულება წარმოადგენს შპს-ს, რომლის სახელით მოქმედების, მათ შორის, ცნობის გაცემის უფლებაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხოლოდ დირექტორს აქვს, ცნობა კი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის _ მკურნალი ექიმის მიერ და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მხარეთა შორის ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედებდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისა და პარტნიორთა ურთიერთდამოკიდებულების საფუძველი არის პარტნიორთა შორის ნდობა. ლ. ბ-ურის მიერ საზოგადოების ფინანსური სახსრების ვითომდა დივიდენდის სახით გაცემისათვის ბანკიდან გამოტანასა და მითვისება კი უდავოდ იწვევს პარტნიორთა უნდობლობას, მიმართულია საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც ერთმნიშვნელოვნად პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველია. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითებინა სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს “ეკას” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ეკას” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარიცხვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ეკას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს “ეკას” დირექტორ პ. დ-შვილის მიერ 2009 წლის 22 სექტემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ეკას” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს “ეკას” დაუბრუნდეს შპს “ეკას” დირექტორ პ. დ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.