Facebook Twitter

საქმე №58აგ-16 1 სექტემბერი, 2016 წელი

ე. თ., 58აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 27 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით თ. ე-ს ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენი გაუქმდა და თ. ე. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; თ. ე-ის მიმართ არსებული სხვა გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად.

6. 2016 წლის 4 და 11 იანვარს მსჯავრდებულმა თ. ე-მა შუამდგომლობებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განაჩენები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება თ. ე-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

8. ამავე განაჩენით საქართველოს სსსკ-ის 299-ე მუხლის საფუძველზე პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მსჯავრდებულების – ლ. კ-ას, ნ. და-სა და ი. ა-ის მიმართ და უცვლელად დარჩა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განაჩენები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლისა და 1 მარტის განჩინებები ლ. კ-სა და ნ. დ-ის მიმართ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენი და 2013 წლის 1 მარტის განჩინება ი. ა-ის მიმართ შეიცვალა: ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ძირითად სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათით, რომლის ხანგრძლივობა ყოველდღიურად არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ი. ა-ეს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით; ი. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა.

10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ი. ა-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 აპრილიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს, 2011 წლის 15 სექტემბრისა და 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენები ი. ა-ის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

11. კასატორი – მსჯავრდებული თ. ე. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას მოქმედი საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ თ. ე-ს, დაბადებულს ---- წლის -- -------ს, დანაშაულის ჩადენის დროს - 2011 წლის 19 აპრილს ვინაიდან იყო 16 წლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით.

4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.

5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

6. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, თ. ე-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თ. ე-ვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი. ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე რაც შესაძლოა ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო, კასატორი არ უთითებს.

7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე