ბს-1001-587(კ-05) 14 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 10 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს “მ-მა” ქ. ქუთაისის თვითმმართველობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიმართ. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003წ. 2 იანვარს შპს “მ-სა” და ქ. ქუთაისის თვითმმართველობის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “მ-ი” იწოდებოდა მომწოდებლად, ხოლო მოპასუხე მყიდველად. ხელშეკრულების თანახმად, მომწოდებელი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა შესაბამისი რაოდენობის და დასახლების მედიკამენტი მისადმი დაქვემდებარებული აფთიაქიდან, რის შემდეგაც მყიდველი ვალდებული იყო შესაბამისად გადაეხადა მედიკამენტების შესაბამისი ღირებულების თანხა, ზედნადებზე მითითებულ დროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად, გადაუხდელ თანხაზე ყოველ გადაცდენილ დღეზე დაერიცხებოდა საერთო თანხის 0,5% ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით.
2003წ. ხელშეკრულების თანახმად მყიდველმა მიიღო 42880, 23 ლარის ღირებულების მედიკამენტები, აქედან, 2003 წელს ჩაირიცხა მედიკამენტების ღირებულების 35264 ლარი, ხოლო 2004წ. _ 6500 ლარი, ე.ი. მყიდველისგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომიდნარე, გადასახდელად დარჩენილი იყო 1116,23 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს უნდა გადაეხადა ყოველ გაცდენილ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%, რაც შეადგენს 14345,21 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. ქუთაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისთვის 14345,21 ლარის დაკისრებას.
მოპასუხე ქ. ქუთაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილია შპს “მ-ის” ანგარიშზე 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დავალიანებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო იმავე მოტივზე მითითებით, რაზეც აპელირებდა ქ. ქუთაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “მ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ქ. ქუთაისის თვითმმართვეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის შპს “მ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 36,23 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის და აღნიშნულით დარღვეულია სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმული დროსა და ადგილას”.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მითითება გააკეთა სკ-ის 404-ე და მე-400 მუხლის “დ” პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, “მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება ის, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება”. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან შესრულების ვადა მხარეების მიერ არ დადგენილა, ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს ზედნადების შედგენის თარღი, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისათვის საჯარიმო სანქციის გადახდის დაკისრების საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მა”. სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და აშკარად მიკერძოებული, რადგან სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, თუ რა ვადაში უნდა ჩამორიცხულიყო მოპასუხისგან მიღებული მედიკამენტების თანხა, რაც შეეხება ზედნადებს, მასზე არავითარი თანხის ჩამორიცხვის ვადა მითითებული არ არის.
აპელანტმა განაცხადა, რომ სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნულის მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან მსჯელობა, თითქოს ხელშეკრულებაში მითითბული “გადახდის ვადა” ზუსტად ასეთი ტერმინით უნდა ყოფილიყო ზედნადებზე მითითებული, კანონშეუსაბამო და გაუმართლებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 07 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 11 მაისის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განჩინება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ვადაგადაცილების გამო მოპასუხისათვის საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ, რადგან სასაქონლო ზედნადებში მითითებული არ არის უნაღდო ანგარიშსწორებით (კონსიგნაციით) თანხის ჩარიცხვის დრო, რითაც ფაქტობრივად არ არის დაცული მისი შევსების წესი, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ადრე მოქმედი) 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა გამოწერა სავალდებულოა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, რომლის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რო მოვალის მიერ ვადა გადაცილებული არ არის, რადგან მოცემულ საქმეზე, რაიმე კონკრეტული ვადა ვალდებულების შესრულების არც ხელშეკრულებით და არც სასაქონლო ზედნადებით დადგენილი არ არის, ხოლო სკ-ის 365-ე მუხლით იმ შემთხვევაში, “თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყონებლივ შეასრულოს”.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მა”. საჩივარში კასატორი მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იგნორირებულია შპს “მ-ის” უფლებები, რის საფუძველზეც სასამართლოს მხრიდან გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხისათვის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 13228,92 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2003წ. 2 იანვარს შპს “მ-სა” (მიმწოდებელი) და თვითმმართველობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს (მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, “გამყიდველი” კისრულობდა ვალდებულებას “მყიდველისათვის” მიეწოდებინა შესაბამისი რაოდენობისა და დასახელების მედიკამენტები, ხოლო მყიდველი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, კონსიგნაციის პირობით მედიკამენტის გაცემისას ჩაერიცხა მედიკამენტების საფასური მიმწოდებლის ანგარიშზე ზედნადებზე მითითებული დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცდენილ დროზე დაერიცხებოდა სართო თანხის 0,5 %.
კასატორ შპს “მ-ს” უარი ეთქვა ყოველ გადაცდენილ დროზე 0,5 %-ის დარიცხვაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი ზედნადები არ შეიცავდნენ მითითებას თანხის ჩარიცხვის ვადაზე.
კასატორის პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ Aშემოწმებულ იქნა უარის თქმის მოტივები, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორს მართებულად ეთქვა უარი ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზედნადები თავისი ბუნებით წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს სრულად იქნეს აღრიცხული გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე. ზედნადები არ შეიცავს მითითებას მყიდველის ვალდებულებაზე თანხის გადარიცხვის თაობაზე.
სკ-ის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი ვერ ადასტურებს ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არსებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის დარეგულირება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს მართებულად ეთქვა უარი საჯარიმო თანხის დაკისრებაზე.
ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს ვალდებულებაზე ემსჯელა მისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, შემდეგს: სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საგულისხმოა, რომ კასატორი სარჩელის საფუძველზე ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრებას, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით პრინციპულად განსხვავდება ზიანისაგან. ამდენად, სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ უფლებამოსილებას ემსჯელა იმ მოთხოვნაზე, რაც მოსარჩელეს არ დაუყენებია. სსკ-ის 407-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს უარი უთხრას კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინება;
3. შპს “მ-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 569,12 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.