Facebook Twitter

ას-814-1178-06 7 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ .. .. ..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ .. .. ..“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის ოქტომბრიდან მ. ღ-მა მუშაობა დაიწყო მოპასუხე დაწესებულებაში ... უფროს მასწავლებლად ყოველთვიურად 96 ლარის ანაზღაურებით. მოსარჩელემ არაერთხელ უშედეგოდ მიმართა მოპასუხეს, გაეცნო მისთვის სამუშაოზე მიღების დოკუმენტი. 2005 წლის იანვრის ბოლოს მოსარჩელეს შეატყობინეს, რომ იგი სამსახურიდან განთავისუფლებულია. მ. ღ-მა მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შრომის წიგნაკისა და ანაზღაურების მისაღებად, რაზეც უარი მიიღო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელე სამუშაოზე მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი სემესტრით. ამასთან, მ. ღ-ს სამეცნიერო ხარისხი არ გააჩნდა. მას შემდეგ, რაც 2004 წლის 10 ნოემბერს უნივერსიტეტმა აკრედიტაცია ვერ გაიარა, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც არ ჰქონდათ სამეცნიერო ხარისხი, გათავისუფლდნენ სამუშაოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “.. .. ..” რექტორის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹29 ბრძანებით მ. ღ-ი მიწვეულ იქნა მითითებულ უნივერსიტეტში 2004-2005 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ლექციების კურსის წასაკითხად, რა დროსაც აპელანტს მიჰყავდა სალექციო კურსი და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და შრომის კანონთა კოდექსის მე-18-19 მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 10 ნოემბრის „უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის აკადემიური დონის სრულყოფისა და ახალგაზრდა სამეცნიერო პედაგოგიური კადრების მომზადების ღონისძიებათა შესახებ“ ¹39 ბრძანებით მ. ღ-ი სამუშაოდან არ გათავისუფლებულა, არამედ იგი გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ რექტორის მითითებული ბრძანებით მხარეთა შორის ერთი სასწავლო სემესტრით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობა შეწყდა, ხოლო სხვა შრომითი ხელშეკრულების დადების ნება მხარეებს არ გამოუხატავთ. სააპელაციო პალატამ შრომის კანონთა კოდექსის 422-ე და 37-ე მუხლებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ აპელანტის სამუშაოდან დათხოვნისას პროფკავშირის თანხმობა და მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ მუშაკის წინასწარი გაფრთხილება საჭირო არ იყო, რადგან ვადიანი შრომითი ურთიერთობისას ხსენებული ნორმებით დადგენილი პირობა არ მოქმედებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლისა და 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ბრალეულობა არ დადასტურებულა. პალატამ დაადგინა, რომ შრომის წიგნაკის გაცემაზე უარი ეთქვა არა აპელანტს, არამედ მის ძმას, რომელსაც განემარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უნდა მიიღოს უშუალოდ მუშაკმა, ხოლო აპელანტისათვის შრომის წიგნაკის გაცემაზე ადმინისტრაციის უარი საქმის მასალებით არ დადასტურებულა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ღ-ის მოთხოვნისამებრ, 2006 წლის იანვრიდან აპელანტის შრომის წიგნაკი ერთვის საქმეს, თუმცა მის მისაღებად მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ღ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი, როდესაც არ გამოითხოვა მ. ღ-ის მიერ მითითებულ მტკიცებულებათა _ სახელფასო უწყისების დედნები და არ დაკითხა მოწმეები. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, ვინაიდან განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც თავისი დასკვნები ეყრდნობოდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მ. ღ-ი სამუშაოდან განთავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის მისაღებად უნივერსიტეტში არ გამოცხადებულა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის მე-18-19 მუხლები და მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, ისევე, როგორც ამ ხელშეკრულების პირობები, უსაფუძვლოდ დაადგინა. მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტებით გათვალისწიებული საფუძვლები. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, 41-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და 98-ე მუხლი.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.