Facebook Twitter

№60აგ-16 21 ნოემბერი, 2016 წელი

მ. გ., 60აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. მ-ს, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. 2016 წლის 25 იანვარს მსჯავრდებულმა გ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ გამოტანილია უსაფუძვლოდ; განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ირიბი მოწმის ჩვენებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული; ასევე შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მიეცა უფლება, გაესაჩივრებინა განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში; მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა; გარდა ამისა, მისი საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. კასატორი – მსჯავრდებული გ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს სხვა საფუძვლებთან ერთად იმ მოტივითაც, რომ სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ გ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულია 1960 წლის 30 დეკემბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2009 წლის 9 ოქტომბრის კანონის – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები ირიბი ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, რაც უსაფუძვლოა და არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის სიტყვების: ,,სასამართლო განაჩენს საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იყო სასამართლო სხდომაზე“ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ მოცემული წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, უზენაესი სასამართლო ითხოვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეექმნა ფაქტობრივი საფუძვლები საქმისწარმოების განახლებისათვის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში (სხვა საფუძვლებთან ერთად) კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ-ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

4. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა გარემოებებს, კერძოდ - განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მას არ მიეცა უფლება, გაესაჩივრებინა განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, მისი საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია - საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საპელაციო სასამართლოს არგუმენტებს აღნიშნულ საკითხებზე და მიუთითებს:

· ორი მსაჯულის მონაწილეობით სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გათვალისწინებული იყო ,,უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–8 მუხლის მე–2 ნაწილით. მსაჯულები აირჩიეს 1991 წელს, ხოლო მათი უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, კერძოდ, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ამდენად, საქმის განმხილველი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის არსებობა მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული.

· საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი, უნდა არსებობდეს ამ კონკრეტულ საქმეზე. მოცემულ საქმეზე კი მსაჯულთა მონაწილეობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია.

· სისხლის სამართლის საქმის დაკარგვა ასევე ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის მოთხოვნებიდან.

· რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მითითებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მას შეუზღუდა განაჩენის გასაჩივრების უფლება საკასაციო ინსტანციაში, რითაც დაარღვია მისი უფლებები საქმის ორ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით, აღნიშნული გარემოება ასევე არ წარმოშობს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ვინაიდან გ. მ-ის მიმართ საქმის სასამართლო განხილვა წარიმართა 1960 წლის რედაქციის საპროცესო კოდექსით, რომლის 337–ე მუხლის მე–5 ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევდა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას საკასაციო წესით. შესაბამისად, იმ პერიოდში მოქმედი საპროცესო ნორმები არ დარღვეულა.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე