ას-817-1104-09 28 დეკემბერი, 2009 წ.
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ნ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გორის რაიონის სოფელ ვარიანში ცხოვრობდნენ მოსარჩელის ბაბუა _ ა. მ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის 8 ივნისს და ბებია _ მ. მ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 20 სექტემბერს. მათი გარდაცვალების შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებას დაეუფლნენ შვილები _ მოსარჩელის დედა ლ. ნ-შვილი და დეიდა _ მ. მ-ძე. დებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 2005 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ და მისმა დედამ _ ლ.ნ-შვილმა მ. მ-ძისგან შეიტყვეს, რომ ალ.მ-ძემ თავისი ქონება უანდერძა თავის შვილიშვილს _ ალ.ნ-შვილს. 2006 წლის 8 დეკემბერს ნოტარიუს მ. კ-ძესთან აღმოაჩინეს ა. მ-ძის მიერ 1997 წლის 12 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმადაც მოანდერძემ მთელი თავისი ქონება – გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე სახლი უანდერძა მოსარჩელეს _ ა. ნ-შვილს. ამჟამად სამკვიდრო ქონება ირიცხება მოპასუხის სახელზე და ანდერძის აღსრულება შეუძლებელია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა მკაცრად აწესრიგებს სამკვიდროს მიღების წესს. ა.ნ-შვილმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მან სამკვიდროს მიღების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა. მამკვიდრებელი ა. მ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 8 ივნისს, მოსარჩელემ კი, მხოლოდ 2005 წლის 19 ოქტომბერს მიმართა განცხადებით გორში მოქმედ სამ ნოტარიუსს და პასუხით 2006 წლის 8 დეკემბრამდე არ დაინტერესებულა, მაშინ, როცა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹321 ბრძანების 45-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი მსგავს საკითხებზე პასუხს სამი დღის ვადაში გასცემს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელემ არასაპატიოდ გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა და საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მან იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ალ.ნ-შვილს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა, რაც მ.მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ალ.ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. მ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 8 ივნისს. მ. მ-ძეს (ქორწინებამდელი გვარი მ-ძე) სადავო ქონება მიღებული აქვს საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, როგორც კომლის წევრს. გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე ქონება რეგისტრირებულია მ. მ-ძის სახელზე. 1997 წლის 12 სექტემბერს ა. მ-ძემ მოსარჩელე ა. ნ-შვილს უანდერძა მთელი თავისი ქონება და სახლი, რომელიც მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ვარიანში. ა. ნ-შვილისთვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წლის ოქტომბერში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელისათვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2006 წლის 8 დეკემბერს მ. კ-ძისაგან 1997 წლის 12 სექტემბერს შესრულებული ანდერძის გადაცემის გზით, რადგან, მოსარჩელისავე განმარტებით, ანდერძის არსებობის შესახებ მან შეიტყო 2005 წლის ოქტომბერში. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 1442-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა ანდერძის არსებობის შესახებ, ანუ 2005 წლის ოქტომბრიდან. პალატამ დაადგინა, რომ მან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 2007 წლის 9 იანვარს მიმართა. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება საპატიო მიზეზებით იყო გამოწვეული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალ.ნ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული სახის გადაწყვეტილება ალ.ნ-შვილის მიმართ არ არსებობს, არამედ გორის რაიონულმა სასამართლომ მხარის სარჩელი დააკმაყოფილა 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ კასატორმა ალ.მ-ძის ანდერძის შესახებ 2005 წლის ოქტომბერში შეიტყო. ალ.ნ-შვილის მითითებით, 2005 წლის ოქტომბერში მისი დედისა და დეიდის ჩხუბის დროს მ.მ-ძემ განუმარტა, რომ, მიუხედავად ალ.მ-ძის მიერ ქონების კასატორისათვის დატოვებისა, მოპასუხე არ შეუშვებდა მათ სადავო სახლში. ამის შემდეგ კასატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არკვევდა, თუ რა სახით დაუტოვა ბაბუამ სადავო უძრავო ქონება, ანდერძით თუ ჩუქების ხელშეკრულებით, ვინაიდან მ.მ-ძის სიტყვიერი განმარტება ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართვის საფუძველს არ წარმოადგენდა. რეალურად ბაბუის ანდერძის შინაარსი ალ.ნ-შვილმა შეიტყო 2006 წლის 8 დეკემბერს სანოტარო ბიუროში ანდერძის გაცნობის შემდეგ. კასატორი წლების განმავლობაში სოფელ ვარიანში არ ყოფილა და ნოტარიუსებს განცხადებით მიმართავდა მისი დედა საკუთარი სახელით, შესაბამისად, ანდერძის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სანოტარო ბიუროში მისვლისას და სასამართლოს აღნიშნული დროიდან ერთ თვეშივე მიმართა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2000 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა კასატორის ბაბუა _ ა. მ-ძე. მისი სამკვიდრო ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მიიღო კასატორის დეიდამ _ მ. მ-ძემ და აღირიცხა მესაკუთრედ. 1997 წლის 12 სექტემბერს შედგენილი ანდერძით ა. მ-ძემ მთელი თავისი ქონება უანდერძა ა. ნ-შვილს. ა. ნ-შვილისთვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წლის ოქტომბერში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ა. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი ცალსახად განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების წესს და ადგენს, რომ გარდაცვლილი პირის როგორც კანონისმიერი, ისე ანდერძით მემკვიდრე ვალდებულია, სამკვიდროს მისაღებად მამკვიდრებლის გარდაცვალების _ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის ვადაში განცხადებით მიმართოს ნოტარიუსს ან ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს. მითითებული ვადის დარღვევისას სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ითვალისწინებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ამდენად, სამკვიდროს მისაღებად კანონმდებლის მიერ დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, გაუგრძელოს მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვადის გაშვების მიზეზი საპატიოა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ალ.მ-ძის ანდერძის შესახებ ალ.ნ-შვილმა შეიტყო 2005 წლის ოქტომბერში, რის საწინააღმდეგოდაც კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. ასეთ პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული ალ.ნ-შვილის მოსაზრება, რომ იგი 2006 წლის 8 დეკემბრამდე არკვევდა, თუ რა სახით დაუტოვა ბაბუამ ქონება. ამ საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს ნოტარიუსი, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის დროულ ინფორმირებას სამემკვიდრეო უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ალ.ნ-შვილს შეეძლო ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით დაედგინა სამემკვიდრეო უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო სამკვიდროს მიღების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების ფაქტი ა. ნ-შვილმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით ვერ დაადასტურა.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო ალ.ნ-შვილის მიმართ გამოტანილ იქნა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება. კასატორის აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის წესით გორის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ 2007 წლის 3 ივლისს. მითითებული გადაწყვეტილება მ.მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და სააპელაციო პალატამ მის კანონიერებაზე მართებულად იმსჯელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ა. ნ-შვილის მოთხოვნა სადავო ვადის გაგრძელების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.