ას-818-1182-07 23 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. გ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ე. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ხ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ისა და თ. ჯ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლის 8 თებერვალს ჯ. ხ-სა და რ. გ-ს შორის დაიდო ქ.ბათუმში, ... ქ.¹31-ში მდებარე ¹19 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა გარიგების დადების მომენტისათვის მოსარჩელეს ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით გაფორმების საშუალება არ ჰქონდა და მხარეთა შეთანხმებით ჯ.ხ-მ გენერალური მინდობილობით მოსარჩელის ახლო ნათესავ დ. ი-ს გადასცა სადავო უძრავი ნივთის გასხვისების უფლებამოსილება. მოგვიანებით მინდობილობის ვადა გაგრძელდა 2002 წლის 10 თებერვლამდე, თუმცა რ.გ-მ ბინის გაფორმება ამ ვადაშიც ვერ მოახერხა. 2002 წელს ჯ. ხ-ე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე ი. ხ-ე ჰპირდებოდა მოსარჩელეს ბინის გადაფორმებას, მაგრამ რ.გ- სათვის ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელმა სადავო ბინა გაასხვისა თ. ჯ-ზე, რომელიც ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ ინფორმირებული იყო. აღნიშნული ნასყიდობის გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია, რის გამოც ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.
მოპასუხე ი. ხ-მ სარჩელი ცნო და რ.გ-ის მიერ მითითებული გარემოებანი დაადასტურა. თ. ჯ-ე კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო გარიგება ცნობილ იქნა ბათილად, რაც თ. ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა 2005 წლის 10 იანვარს აპელანტი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო სვეტლანა ფანცულაია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 15 ივნისს ი. ხ-სა და თ. ჯ-ს შორის დაიდო ქ.ბათუმში, ... ქ.¹31-ში მდებარე ¹19 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რ.გ-ე მითითებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ წარმოადგენს, კერძოდ: სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მხარე მიიჩნევდა სადავო გარიგებით თავისი უფლების დარღვევას, ვინაიდან, სადავო ხელშეკრულების დადებამდე, გასხვისებული ბინა მან შეიძინა, თუმცა რ.გ-ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმის დაცვით არ გაუფორმებია და ამავე კოდექსის 59-ე და 68-ე მუხლებით გარიგება უცილოდ ბათილია. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს ი. ხ-ის მიერ სარჩელის ცნობის ფაქტი, რადგან ფაქტობრივად, მოპასუხემ დაადასტურა არა თავის, არამედ სხვა პირის _ ჯ. ხ-ის მიერ გარიგების დადების ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი.ხ-ის მიერ სადავო გარიგების დადებულად ცნობის შემთხვევაშიც, ხელახლა დადებული გარიგება ასევე სათანადოდ უნდა დადასტურებულიყო, რაც არ მომხდარა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადგენა დაუშვებელია და ამისათვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი გარიგება. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ისეთ ნივთზე, რომელზეც რ.გ-ს არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო უფლებები არ გააჩნია და, შესაბამისად, მითითებული გარიგებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესები ვერ დაირღვეოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ არასათანდო მოსარჩელის სათანადო მხარით შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სასამართლომ, ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ გაიზიარა რ.გ-ის მოსაზრება, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცურია, ვინაიდან, საქმის მასალების თანახმად, ბინის გასხვისება მოხდა ი.ხ-ის მიერ თ. ჯ-სადმი არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით და სხვა რაიმე გარიგების დაფარვას არ ემსახურებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ხ-ის მემკვიდრე ი. ხ-მ დაადასტურა მამამისსა და რ.გ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლომ აღნიშნული პირთა მიერ სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი გაიზიარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, რ.გ-ე სადავო გარიგების გაუქმების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ წარმოადგენს და აღნიშნული ხელშეკრულებით მისი კანონიერი ინტერესები არ დარღვეულა. რაც შეეხება კასატორსა და ჯ.ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას, რ.გ-ე იმედოვნებდა, რომ სასამართლო დაადგენდა ამ გარიგების დადების ფაქტს. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინა წლების განმავლობაში იმყოფებოდა რ.გ-ის მფლობელობაში, რომელმაც იგი იმდაგვარად გადააკეთა, რომ ბინის დამოუკიდებლად გასხვისება ტექნიკურად შეუძლებელია. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სასარჩელო განცხადების არგუმენტი, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ი. ხ-მ თ. ჯ-სთან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ამ უკანასკნელის მეუღლის მხრიდან იძლებით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 15 ივნისს ი. ხ-სა და თ. ჯ-ს შორის დაიდო ქ.ბათუმში, ... ქ.¹31-ში მდებარე ¹19 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
რ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მითითებული გარიგების ბათილად ცნობა. მოსარჩელე სადავო ხელშეკრულებისადმი თავის იურიდიულ ინტერესს ასაბუთებს იმით, რომ 1996 წელს მან სადავო ბინა იყიდა მოპასუხე ი. ხ-ის მამის _ ჯ. ხ-საგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმის მიხედვით, მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ისინი თავიანთ მოთხოვნებს აფუძნებენ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში რ.გ-ს კანონით გათვალისწინებული წესით უნდა დაედასტურებინა 1996 წელს მის მიერ ჯ. ხ-საგან ქ.ბათუმში, ... ქ.¹31-ში მდებარე ¹19 ბინის ყიდვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოს უნდა დაედგინა თავად რ. გ-ისა და მოპასუხე ი. ხ-ის მიერ მიცემული განმარტებების საფუძველზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება უნდა დადასტურდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, კერძოდ, რ.გ-სა და ჯ.ხ-ს შორის წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და სადავო უძრავი ნივთის კასატორის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ რ.გ-ს ზემოხსენებული წესით სადავო ბინაზე თავისი საკუთრების უფლება არ დაუდასტურებია, არამედ განმარტა, რომ ჯ. ხ-საგან ნივთი შეიძინა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, ხოლო 59-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. მითითებული ნორმების თანახმად, ნამდვილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ფორმით გაფორმებული გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი ჩაითვლება ბათილად. როგორც ზემოთ აღინიშნა, უძრავი ნივთის ნასყიდობის გარიგებისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს წერილობით ფორმას, აღნიშნულიდან გამომდინარე, რ.გ-სა და ჯ.ხ-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირად დადების დადასტურების პირობებშიც გარიგების კანონით დადგენილი ფორმა დაცული არ ყოფილა და მათ შორის დადებული ხელშეკრულება არის უცილოდ ბათილი, არარა გარიგება, რომელსაც რაიმე იურიდიული მნიშვნელობის შედეგი ვერ მოჰყვება.
დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა 2004 წლის 15 ივნისს ი. ხ-სა და თ. ჯ-ს შორის დადებული სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ, ვინაიდან რ.გ-ე აღნიშნული ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ თ. ჯ-მ თავისი მეუღლის მეშვეობით აიძულა ი. ხ-ე სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაეფორმებინა. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თვალთმაქცურია გარიგება, რომელიც დადებულია სხვა გარიგების დასაფარად. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თვალთმაქცური გარიგება იდება არა ამ გარიგებით პირდაპირ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არამედ სხვა გარიგების დასაფარად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ რა გარიგების დაფარვას ისახავდა მიზნად სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება თ.ჯ-ის მხრიდან ი.ხ-ის იძულებას, აღნიშნული გარემოება თვალთმაქცური გარიგების ფარგლებს სცილდება და სათანადო დადასტურებას მოითხოვს, რაც არ მომხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინებით კასატორ რ.გ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაედო სახელმწიფო ბაჟის _ 1300 ლარის გადახდა, რაც კასატორს უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
რ. გ-ს დაეკისროს (საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ¹220101222 კოდი, საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდი, მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიში) სახელმწიფო ბაჟის _ 1300 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.