Facebook Twitter

ას-821-1184-06 19 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს “ .. ..“

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. და კ. ბ-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. და კ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ .. .. ..” მიმართ თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1969-71 წლებიდან ისინი მუშაობდნენ ...ში. თ. ბ-ს ეკავა ... სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კ. ბ-ს _ თბილისის ფილიალის მთავარი ... თანამდებობები. 2004 წლის აპრილში შეტყობინებით ისინი გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. 2004 წლის 11 აპრილს შპს “ .. .. ..“ კადრების აღმასრულებელი დირექტორის _ ი.დ-ს ხელმოწერილი შეტყობინებით მათ ეცნობათ, რომ განთავისუფლების შესახებ გაფრთხილება იყო შეცდომა. იმავე წლის 18 აპრილს მოსარჩელეებს კვლავ შეატყობინეს ფილიალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შესაძლო განთავისუფლების თაობაზე, ხოლო მაისში მათ ეცნობათ, რომ 2004 წლის 23 აპრილს ¹33 ბრძანების შესაბამისად მიღებული ¹11 ცირკულარის მიხედვით, ფილიალების ლიკვიდაციის გამო, ისინი თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან. 2004 წლის 4 მაისის ¹12 ცირკულარით დადგინდა 1 ივლისიდან ფილიალების სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ძველი თანამშრომლების სამუშაოზე უვადო კონტრაქტებით სამსახურში მიღება. მოსარჩელეები კი შპს „ .. .. ..“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹101\კ და ¹131\კ ბრძანებებით დათხოვნილ იქნენ სამუშაოდან, რითაც ადმინისტრაციამ უხეშად დაარღვია შპს „ .. .. ..“ და საქართველოს დარგობრივ პროფკავშირებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნები. მოსარჩელეებმა მიუთითეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად მუშა-მოსამსახურის განთავისუფლება ხდება ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს, სადავო შემთხვევაში კი შპს „ .. .. ..“ მოხდა სტრუქტურული ცვლილებები და არა ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მათ ჰქონდათ სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. მხარის განმარტებით, მათ ორჯერ შეიტანეს განაცხადი 2004 წლის მარტსა და აპრილში .. .. .. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ისინი არავის გამოუძახია. თ. და კ. ბ-ებმა მოითხოვეს შპს „ .. .. ..“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹131\კ და ¹101\კ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ .. .. ..“ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების მმართველი დირექტორის 2004 წლის 23 აპრილის ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა .. .. .. თბილისის ფილიალი, სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ, ამიტომ მოსარჩელეები გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა არ დაურღვევია, დაცულ იქნა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა სადავო შრომითი ხელშეკრულების მოშლაზე პროფკავშირისაგან თანხმობის მიღების შესახებ. მოსარჩელეთა განთავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები არ დარღვეულა, ვინაიდან სასამართლომ მოახდინა თბილისის ფილიალის ლიკვიდაცია და ამორიცხა იგი სამეწარმეო რეესტრიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები. შპს-ში განხორციელდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია მისი ფილიალების ლიკვიდაცია, რაც საფუძვლად დაედო მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და კ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ .. .. ..“ გენერალური დირექტორის სადავო ბრძანებები გაუქმდა, თ.ბ-ა აღდგენილ იქნა შპს „ .. .. ..“ თბილისის ფილიალის სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო კ. ბ-ა _ შპს „ .. .. ..“ თბილისის ფილიალის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთათვის მათი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ .. .. ..” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 6 ივლისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შპს “ .. .. ..” გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “ .. .. ..”. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი შეიტანა უზენაეს სასამართლოში და მიუთითა, რომ შპს “ .. .. ..” წარმომადგენელი დანიშნულ დროს მივიდა სასამართლოში, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში ვერ გამოცხადდა, რადგან სასამართლოს შესასვლელი დაკეტილი იყო. მეორე შესასვლელის ძებნასა და შენობაში შესავლას კი დიდი დრო დასჭირდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს “ .. .. ..” საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 5 ივნისს. საქმის განხილვა გადაიდო 2006 წლის 6 ივლისს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ პროცესის გადადების შესახებ, მათ შორის, შპს “ .. .. ..” წარმომადგენელი ზ. ე-ა ხელწერილით გაფრთხილებულ იქნა საქმის გადადების შესახებ (ს.ფ.292). 2006 წლის 6 ივლისს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა შპს “ .. .. ..”, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.297). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “ .. .. ..” და მიუთითა, რომ 2006 წლის 6 ივლისს .. .. წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ ვერ შეძლო სასამართლოს დარბაზში შესვლა. შენობაში შესასვლელი კარი დაკეტილი აღმოჩნდა, რის გამოც დაგვიანებით შევიდა სასამართლოში (ს.ფ.308). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს “ .. .. ..” საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.336).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლოში.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს “ .. .. ..” წარმომადგენელმა პროცესის დღეს 12.59 საათზე შეიტანა განცხადება სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ დიდი დრო დასჭირდა მეორე შესასვლელიდან სასამართლოში შესვლას და როცა შეაღწია, უკვე გამოტანილი იყო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.300-302). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ შპს “ .. .. ..” წარმომადგენელი 11.30 საათის ნაცვლად, გამოცხადდა 12.59 საათზე. ამას ადასტურებს მის მიერ შეტანილი განცხადება. სასამართლოში, მართალია, დაკეტილი იყო შესასვლელი კარი, მაგრამ მეორე შესასვლელიდან შესვლას არ სჭირდებოდა ამდენი დრო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შპს “ .. .. ..” გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და სწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “ .. .. ..” სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.