ას-822-1037-08 20 იანვარი, 2009 წ. ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე, ლ. ტ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე ე. ტ-იანის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ლ. ტ-შვილს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 3600 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2008 წლის 15 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მისი ოჯახი რეგისტირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უმუშევარია და ვერ შეძლებს საკასაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდას. კასატორმა განცხადებით მოითხოვა საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. ტ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 3 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2008 წლის 10 ნოემბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე, ვინაიდან იგი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას და ამჟამად მიმდინარეობს მისი რეიტინგის ქულის დათვლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ლ. ტ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 3 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2008 წლის 2 დეკემბერს კასატორმა კვლავ მიმართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი რეგისტირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენთიფიკაციო კოდით 110117900487 და მიღებული აქვს სარეიტინგო ქულა 14020.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ლ. ტ-შვილის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა 7 დღით და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 3 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან ცნობა იმის შესახებ, რომ იგი იღებს საარსებო შემწეობას. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 217-219).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ ი. უ.-ს გაეგზავნა 2008 წლის 9 დეკემბერს (ს.ფ. 220-221), რომელიც მათ პირადად ჩაჰბარდათ 2008 წლის 13 დეკემბერს. კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია (ს.ფ. 222-223).
2008 წლის 23 დეკემბერს ლ. ტ-შვილმა საკასაციო პალატას მიმართა შუამდგომლობით საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-49-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, გადადების ან შემცირების საფუძვლები მოცემულ საქმეზე არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-49-ე, 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ტ-შვილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.