¹ას-823-1038-08 20 მარტი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება “ე.-ე”
წარმომადგენელი _ ვ. ტ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჯ.-ი”
წარმომადგენელი _ ე. ნ-ია, ზ. ს-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 დეკემბერს ღია სააქციო საზოგადოება “ე.-ეს” წარმომადგენელმა ვ. ტ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ჯ.-ის” მიმართ და მოითხოვა ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის გამო (რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არამართლზომიერი გამოყენება) მოპასუხისათვის ყველა გამოსახულების, ეტიკეტის ანაბეჭდის, შეფუთვის, სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო რადგან სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, ამ საქონლის განადგურებაც სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე. მოსარჩელემ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელით ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მის სასარგებლოდ 160000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქ. ალექსეევკაში, ... ქ.¹2-ში მდებარე ღია სს “ე.-ე” ამზადებს და სარეალიზაციო ქსელში უშვებს მაიონეზს “ს.-ს”, რომლის სასაქონლო ნიშანი დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოში და ძალაშია 2004 წლის 9 ივლისიდან 10 წლის ვადით. აღნიშნული პროდუქცია დამსახურებული პოპულარობით, ხოლო ღია სს “ე.-ეს” სასაქონლო ნიშანი კარგი რეპუტაციით სარგებლობს, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც, რაც განპირობებულია მისი მაღალი ხარისხით.
2007 წლის ივნისის თვიდან სავაჭრო ქსელში გამოჩნდა მაიონეზ “ს.-ს” თავისი შეფუთვით იდენტური მაიონეზი, რომლის მწარმოებელი, როგორც შეფუთვაზეა მითითებული, არის 2006 წლის აპრილის თვეში ქუთაისში რეგისტრირებული შპს “ჯ.-ი”. მის შეფუთვაზეც დატანილია პრაქტიკულად იგივე სასაქონლო ნიშანი, რაც ღსს “ე.-ეს” მაიონეზზე, შეფუთვაც იდენტურობამდე მსგავსია თავისი სავაჭრო კაზმულობითა და პროდუქტიც იგივეა. თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისაგან თანხმობა ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ არ აქვს.
2006 წლის 19 დეკემბერს სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოებული მაიონეზი საკვები ღირებულებისა და ცხიმიანობის მიხედვით, ერთი მესმედით ჩამოუვარდება ღსს “ე.-ეს” მიერ წარმოებულ მაიონეზის საკვებ ღირებულებას, რის გამოც შელახულია მოსარჩელის რეპუტაცია. აღნიშნულის გამო, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, იძულებული გახდა 2006 წლის ნოემბრიდან გაეწია დამატებითი ხარჯები და შეეცვალა შეფუთვა, რომელსაც გააჩნდა დამატებითი ახლებური წარწერა გაყალბების გაძნელებისათვის, აწარმოებდა აქტიურ და ძვირადღირებულ სარეკლამო კომპნიას, რაც თავისთავად მოითხოვდა ზედმეტ ხარჯებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღსს “ე.-ეს” წარმომადგენელმა ვ. ტ-ძემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება “ე.-ეს” წარმომადგენელ ვ. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რუსეთის ფედერაციაში მდებარე ღია სააქციო საზოგადოება “ე.-ე” ამზადებს და სარეალიზაციო ქსელში უშვებს მაიონეზ “ს.-ს”, რომლის სასაქონლო ნიშანი დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოში (¹...) და ძალაშია 2004 წლის 9 ივლისიდან 2014 წლის 9 ივლისამდე;
შპს “ჯ.-ი” რეგისტრირებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ, აწარმოებს არაჟანისა და მაიონეზის გამოშვებას და საზოგადოებამ 2006 წლის 31 აგვისტოს დაარეგისტრირა მეწარმე სუბიექტის სტანდარტი მტს ...-001-2007 მაიონეზები “ს.-ა” და “ბ.-ი”;
შპს “ჯ.-ის” დირექტორმა ზ. ს-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტს” და მოითხოვა ეცნობებინათ იყო თუ არა რეგისტრირებული, ან სარეგისტრაციოდ შეტანილი სასაქონლო ნიშნად “ს.-ა”, განცხადებასთან ერთად წარადგინა მაიონეზის ეტიკეტი; აღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ “საქპატენტის” 2007 წლის 24 აპრილის წერილით დადგენილ იქნა, რომ შპს “ჯ.-ის” მიერ მითითებული ეტიკეტის იდენტური გამოსახულება არ იყო რეგისტრირებული, მსგავსი ნიშანი შეტანილი იყო თავად შპს “ჯ.-ის” მიერ და განაცხადი გაუქმებულ იქნა 2006 წლის 14 ივლისს საფასურის გადაუხდელობის გამო;
2007 წლის 16 იანვარს იმერეთის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს “ჯ.-ის” ხელმძღვანელ პირთა მიმართ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, რაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2007 წლის 29 მაისის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით ქმედების არარსებობის გამო, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს “ჯ.-ი” ღსს “ე.-ეს” სასაქონლო ნიშანს არ იყენებდა. აღნიშნული დადგენილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ;
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სასაქონლო ნიშნის მითვისების ფაქტი, შპს “ჯ.-ისა” და ღსს “ე.-ეს” მიერ წარმოებული მაიონეზების იდენტურობა, მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების დარღვევა, რის გამოც “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ღსს “ე.-ეს” წარმომადგენელმა ვ. ტ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით ღსს “ე.-ეს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სასაქონლო ნიშნის მითვისების ფაქტი და განსაკუთრებული უფლების დარღვევა მოპასუხის მხრიდან, ასევე მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა თუ რა სახის ზიანი მიიღო მოსარჩელემ და რაში გამოიხატებოდა ზიანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ღია სააქციო საზოგადოება “ე.-ეს” წარმომადგენელმა ვ. ტ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, “სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტები, არსობრივად არ დაეყრდნო მას, არ გაიზიარა სამართალდარღვევის ფაქტი, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნისა, სასამართლომ არ გაიზიარა სასაქონლო ნიშნების “ს.-ა” “ს.-ს” მსგავსების ფაქტი, არ ჩათვალა საქონელი ანუ “მაიონეზი” და “მაიონეზი” იდენტურებად, არც მსგავსებად.
კასატორის აზრით, ასევე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2009 წლის 20 მარტს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
· ღსს ,,ე.-ეს” სასაქონლო ნიშნის ,,ს.-ა” მსგავს ნიშანს ,,ს.-ს” შპს ,,ჯ.-ი” ამჟამად არ იყენებს და არც მომავალში გამოიყენებს.
· შპს ,,ჯ.-ის” მიერ ღსს ,,ე.-ეს” სასარგებლოდ 2009 წლის 30 მარტამდე გადახდილი იქნება 3000 (სამი ათასი) ლარი ღსს ,,ე.-ეს” წარმომადგენლის ვ. ტ-ძის ანგარიშზე 55701944 ... ბანკის ცენტრალურ (...-ის) ფილიალში, კოდი: 220101830, თბილისი, ...-ის 11.
· გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადახდილ იქნება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებილ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, თვლის რომ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
· ღსს ,,ე.-ეს” სასაქონლო ნიშნის ,,ს.-ა” მსგავს ნიშანს ,,ს.-ს” შპს ,,ჯ.-ი” ამჟამად არ იყენებს და არც მომავალში გამოიყენებს.
· შპს ,,ჯ.-ის” მიერ ღსს ,,ე.-ეს” სასარგებლოდ 2009 წლის 30 მარტამდე გადახდილი იქნება 3000 (სამი ათასი) ლარი ღსს ,,ე.-ეს” წარმომადგენლის ვ. ტ-ძის ანგარიშზე 55701944 ... ბანკის ცენტრალურ (...-ის) ფილიალში, კოდი: 220101830, თბილისი, ...-ის 11.
· გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადახდილ იქნება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებილ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით.
2. მოცემულ საქმეზე, მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.