საქმე №73აგ-16 თბილისი
მ-ი ქ. 73აგ-16 13 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ქ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ქ. მ-ი, - დაბადებული 19.. წლის ….. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 21 სექტემბრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ქ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ქ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ (2013 წლის 23, 24 და 25 აგვისტოს ეპიზოდებში) და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას დაუდგინდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ქ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 25 აგვისტოდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით ქ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდში) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ქ. მ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 6 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 25 აგვისტოდან 2014 წლის 5 მარტის ჩათვლით.
4. 2016 წლის პირველ თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ქ. მ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ ქ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი მსჯავრიდან ამოერიცხა 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში გამართლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. მ-მ და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის ….. მარტს დაბადებულმა ქ. მ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრისა და 2014 წლის 6 მარტის განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა 2013 წლის 10, 23, 24 და 25 აგვისტოს - სრულწლოვანმა, 19 წლის ასაკში.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ ქ. მ-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება დამთავრებულია. ამასთან, მსჯავრდებული ქ. მ-ი საქმის არსებითი განხილვის დროს სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.
7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით, - რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განაჩენი შეიცვალა და 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევ ქ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდში) წარდგენილი მსჯავრიდან ამოერიცხა 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში გამართლდა, - საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და ქ. მ-ს მიმართ გაავრცელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
9. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის საფუძველზე ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
10. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.
11. ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 19.. წლის ….. მარტს დაბადებულმა ქ- მ-მ ჩაიდინა 2010 წლის 7 სექტემბერს - არასრულწლოვანმა, 16 წლის ასაკში და სასჯელი 2013 წლის 10, 23, 24 და 25 აგვისტოსთვის (იმავე მუხლით ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროისათვის) უკვე მოხდილი ჰქონდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრისა და 2014 წლის 6 მარტის განაჩენებით ქ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) მსჯავრი წარედგინა 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ქურდობისთვის ნასამართლობის გამო, რომელიც გაუქარწყლდა სასჯელის მოხდისთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის როგორც 2013 წლის 28 ნოემბრის, ასევე 2014 წლის 6 მარტის განაჩენებიდან ქ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის 2013 წლის 10, 23, 24 და 25 აგვისტოს ეპიზოდებში წარდგენილი მსჯავრიდან 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის - არაერთგზისობის ამორიცხვისა და ამ ნაწილში მისი გამართლების შესახებ.
13. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ქ. მ-ს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით 2013 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდისათვის დადგენილი მსჯავრიდან ამოურიცხა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და გაამართლა ამ ნაწილში, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მისთვის 2013 წლის 23, 24 და 25 აგვისტოს ეპიზოდებისათვის წარდგენილი მსჯავრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (არაერთგზისობის) ამორიცხვისა და ამ ნაწილში გამართლების შესახებ არ უმსჯელია.
14. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენიდან ქ.მ-ს (2013 წლის 23, 24 და 25 აგვისტოს ეპიზოდებში) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი მსჯავრიდან უნდა ამოერიცხოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში უნდა გამართლდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
15. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
16. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ქ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ქ. მ-ს (2013 წლის 23, 24 და 25 აგვისტოს ეპიზოდებში) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი მსჯავრიდან ამოერიცხოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა) და ამ ნაწილში გამართლდეს;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი