№74აგ-16 12 სექტემბერი, 2016 წელი
მ. რ., 74აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე,
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ რ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე რ. მ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რ. მ-ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის განაჩენით რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე–4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობითად. მსჯავრდებულ რ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 18 მარტიდან. რ. მ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2014 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 18 მარტამდე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ სოსო ფაცაციას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2016 წლის 27 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. მ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. მ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის განაჩენებით მსჯავრდებულ რ. მ-ს დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნების ასაკში და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.
5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენებით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე