ას-82-428-07 24 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ა...” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სს „ა...ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 3 იანვარს სასამართლოში აღძრა სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული სარჩელის განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლომაც და უზენაესმა სასამართლომაც გამოიყენეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტი. სასამართლომ არ აღიარა კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მუშებსა და მოსამსახურეებს დათხოვნის საქმეთა გამო შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. სს „ა...ს“ ადმინისტრაციამ სამუშაოდან დაითხოვა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. შრომითი ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ინიციატივით შესაძლებელია საწარმოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის დროს, სს „ა...ს“ ქვემდებარე წარმოებაში, კერძოდ, კაპროლაქტამის წარმოებაში კი არ მომხდარა ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია.
მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე მ. კ-მა მოითხოვა სს „ა...ს“ 2001 წლის 16 ოქტომბრის ¹266, 8 დეკემბრის ¹290 და 14 დეკემბრის ¹323, 2002 წლის 10 იანვრის ¹07, 8 თებერვლის ¹32 და 12 მარტის ¹58\კ ბრძანებების გაუქმება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27-30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა, ხოლო სარჩელი სს „ა...ს“ 2001 წლის 16 ოქტომბრის ¹266, 8 დეკემბრის ¹290 და 14 დეკემბრის ¹323, 2002 წლის 10 იანვრის ¹07, 8 თებერვლის ¹32 და 12 მარტის ¹58\კ ბრძანებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27-30 იანვრის გადაწყვეტილება.
ზემოთ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2007 წლის 26 თებერვლის, 12 მარტისა და 8 მაისის განჩინებებით მ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 211-212). 2007 წლის 26 თებერვლის, 12 მარტისა და 8 მაისის განჩინებებით მ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ.216-217, ს.ფ.221-223, ს.ფ.236-237). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე მ. კ-ს გაეგზავნა 2007 წლის 12 თებერვალს, 26 თებერვალს, 20 აპრილსა და 10 მაისს (ს.ფ. 213, ს.ფ.218, ს.ფ.231, ს.ფ.238); კასატორს განჩინების ასლები ჩაჰბარდა 2007 წლის 19 თებერვალს, 3 მარტს, 24 აპრილსა და 14 მაისს (ს.ფ.214, ს.ფ.219, ს.ფ.232, ს.ფ.239); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 21 მაისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.