ას-826-1112-09 4 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარის ფ.გ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, გ. ყ-ძის სარჩელის გამო ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ისა” და თ. ც-იას მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარის ფ.გ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარე ფ.გ-იანს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 7 ოტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ საფუძვლით, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 13 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ. 143). განჩინების ასლი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარის მოადგილე გ.მ-ელს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 20 ოქტომბერს (ტ. II, ს.ფ.144), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2009 წლის 28 ოქტომბერს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარე ფ.გ-იანმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2009 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო მან კი საკასაციო პალატას განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მიმართა 28 ოქტომბერს, ანუ საპროცესო ვადის 1 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე კასატორის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხამაგობა “ვერა-99-ის” თავმჯდომარის ფ.გ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.