Facebook Twitter

ას-827-1190-06 29 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – გ. სუპატაშვილი

კასატორები _ გ. კ-ი, ნ. პ-ა (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს-ი» (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ვ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ კერძო არბიტრაჟის განკარგულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს « ....... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის», ნ. პ-ასა და გ. კ-ის მიმართ არბიტრაჟის განკარგულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2005 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიიღო შპს « ......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» ამავე წლის 25 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც ნ. პ-ასა და გ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს «ს-ის» კუთვნილ ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹63-ში მდებარე ¹45/155 საცხოვრებელ სახლ «ბ-ის» იმ ნაწილს, რომელიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. არბიტრაჟის აღნიშნული განკარგულება და, შესაბამისად, მის საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელიც უკანონოა, ვინაიდან «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონი არბიტრაჟის მიერ პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ აქტებს შორის, რომელთა აღსრულებაც ამ კანონით ხდება, კერძო არბიტრაჟის განკარგულება მითითებული არ არის.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო განკარგულება კანონიერია. უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ კერძო არბიტრაჟს პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება არ გააჩნია, ვინაიდან «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონი და არბიტრაჟის დებულების 21-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს «ს-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს «ს-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულება გაუქმდა, ხოლო მის საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 25 ნოემბერს შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» მიერ გამოტანილ იქნა განკარგულება, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა რა ნ. პ-ასა და გ. კ-ის მოთხოვნა მოპასუხის _ შპს «ს-ის» მიმართ პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹63-ში მდებარე ¹45/155 საცხოვრებელი სახლი «ბ-ის» ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფართებს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განკარგულება კანონდარღვევით მიღებული სასამართლო აქტია და უნდა გაუქმდეს. პალატამ იხელმძღვანელა «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის პირველი მუხლით, 18-ე მუხლის მესამე ნაწილით, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ............. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით და არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, დაედო ყადაღა, რის უფლებასაც მას დებულების 21-ე მუხლი აძლევდა. პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული დებულების 21-ე მუხლი არ ითვალისწინებს საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების წესს, არამედ შესაძლებლობას იძლევა საარბიტრაჟო სასამართლომ ერთ-ერთი მხარის შეამდგომლობისას განკარგულებით დაადგინოს მეორე მხარის მიმართ დავის საგნის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება, თუმცა აქვე განსაზღვრავს ამ ღონისძიების გატარების პროცესუალურ წესს, კერძოდ, არბიტრაჟმა საკუთარი ინიციატივით ან მხარის თხოვნით უნდა მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების მისაღებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არბიტრაჟის დებულება «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონს არ ეწინააღმდეგება, რადგან დებულება უფლებას აძლევს არბიტრაჟს დაადგინოს დავის საგნის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება, ხოლო ზემოხსენებული კანონის 23-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, თუ როგორ წესრიგდება აღნიშნული საკითხი არბიტრაჟის მიერ, კერძოდ, მას არ შეუძლია მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე დადგენილების მიღება. სასამართლომ ჩათვალა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე შპს «ს-ის» სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. პალატამ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებაა, იგი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტი და ამ აქტისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის კანონშესაბამისობა არ შეიძლება იყოს უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე სარჩელის დავის საგანი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე შემუშავებულ რეკომენდაციას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ-მა და ნ. პ-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: განსახილველი შემთხვევა ეხება არა ნივთმტკიცების უზრუნველყოფას, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახეს _ ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენებას. სასამართლომ არასწორად განმარტა «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონი და არ მიუთითა კონკრეტულად რომელი ნორმითაა აკრძალული კერძო არბიტრაჟის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიების გამოყენება, ხოლო ამგვარი ნორმის არარსებობის პირობებში გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა სასამართლოს აღნიშნული დასკვნა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონს არ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მითითებული კანონის 2.1, 2.9, 3-ე და 23-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, კერძო არბიტრაჟი, თავისი დებულების 21-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე დაედო ყადაღა ქონებაზე, ვინაიდან ამავე კანონის 23-ე მუხლში დაწესებული შეზღუდვები ქონებაზე ყადაღის დადებაზე არ ვრცელდება. ამასთან, «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის 2.8 მუხლის მიხედვით არბიტრაჟმა ნივთმტკიცების უზრუნველსაყოფად უნდა მიმართოს სასამართლოს, ხოლო სხვა შემთხვევებში ასეთი პროცესუალური პროცედურა არა თუ გათვალისწინებული არ არის, არამედ აკრძალულია კიდეც. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 28 აპრილისათვის შპს «ს-ი» არასათანადო მხარე იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა, ვინაიდან ბათუმის მთავრობის 2005 წლის 5 აპრილის ¹55 დადგენილებით კონკურსი გამოცხადდა სადავო ტერიტორიის შეძენაზე და გაიმარჯვა შპს «ს-მა». ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის ¹114 დადგენილებით ამავე მთავრობის 2005 წლის 17 ივნისის ¹120 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2006 წლის 3 ივლისის ¹189 დადგენილებით გამოცხადებულ ახალ კონკურსში გაიმარჯვა შპს «ა-მა», რომელიც საჯარო რეესტრის 2006 წლის 22 ნოემბრის ¹4063 ცნობის თანახმად, 2006 წლის 26 სექტემბრიდან რეგისტრირებულია სადავო ქონების მესაკუთრედ. ამდენად, 2006 წლის 15 აპრილიდან შპს «ს-ი» დაყადაღებული ქონების მესაკუთრე აღარ იყო და მის მიმართ არანაირი იურიდიული ინტერესი არ უნდა ჰქონოდა. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს არ მიაწოდა, რითაც შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა იგი და შედეგად მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ისა და ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სარჩელი შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები სწორად არის დადგენილი, მაგრამ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი _ «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის 23-ე მუხლი, რაც უფლებამოსილს ხდის საკასაციო სასამართლოს, საქმეზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 25 ნოემბერს შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» მიერ გამოტანილ იქნა განკარგულება, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა რა ნ. პ-ასა და გ. კ-ის მოთხოვნა მოპასუხე შპს «ს-ის» მიმართ პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹63-ში მდებარე ¹45/155 საცხოვრებელი სახლი «ბ-ის» ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფართებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს « ....... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» დებულება «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონს არ ეწინააღმდეგება, რადგან დებულება უფლებას აძლევს არბიტრაჟს დაადგინოს დავის საგნის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება, ხოლო ზემოხსენებული კანონის 23-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, თუ როგორ წესრიგდება აღნიშნული საკითხი არბიტრაჟის მიერ, კერძოდ, მას არ შეუძლია მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე დადგენილების მიღება.

«კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟი საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს გამოიტანოს დადგენილება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მითითებულ ნორმაში საუბარია მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე, რაც თვისობრივად განსხვავდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმისათვის მნიშვნელობის ფაქტების დადგენის მიზნით ხორციელდება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. ამდენად, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა და სარჩელის უზრუნველყოფა განსხვავებული ცნებებია, შესაბამისად, ორივე შემთხვევაში განსხვავებული საპროცესო მოქმედებებია შესასრულებელი. უზრუნველყოფის ამ ღონისძიებათა კანონში ნებისმიერი კონტექსტით მითითება პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნეს გაგებული და მათი განმარტება თვისობრივი ნიშნით იგივეობაზე, დაუშვებელია.

რაც შეეხება საკითხს, უფლებამოსილი იყო თუ არა შპს « ........... მუდმივმოქმედი არბიტრაჟი», რომ დაეკმაყოფილებინა მხარის მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ, დადებითი პასუხი უნდა გაეცეს. საარბიტრაჟო წესით კერძო სამართლებრივი დავებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი იხილავს რა თავისი დებულების საფუძველზე, ამ დებულებით მოწესრიგებულია სარბიტრაჟო პროცედურები. მოცემულ შემთხვევაში დავის განმხილველი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება ითვალისწინებდა დავის საგნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ, შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» დებულების 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით, არბიტრაჟმა შეიძლება განკარგულებით დაადგინოს მეორე მხარის მიმართ, დავის საგნის უზრუნველსაყოფად, ზომების მიღება. ამავე დებულების მესამე ნაწილის მიხედვით, არბიტრაჟი უფლებამოსილია, დაადგინოს უზრუნველყოფის ნებისმიერი გონივრული ღონისძიება, საკუთარი შეხედულებისამებრ. ამდენად, .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გაცემული სადავო განკარგულება არბიტრაჟის კომპეტენციის ფარგლებშია და იგი კანონდარღვევით მიღებულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი კერძო არბიტრაჟს პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლებას არ აძლევს და ასეთი უფლებამოსილება მხოლოდ საერთო სასამართლოებს გააჩნიათ.

საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ამგვარ პროცედურულ აკრძალვას დასახელებული კანონი არ შეიცავს. ამასთან, აღნიშნული კანონი მოწოდებულია, რომ მოაწესრიგოს პირებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავების გადაწყვეტის წესი, თუ ეს დავა მხარეთა შეთანხმებით გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს კერძო არბიტრაჟს. ამდენად, კომერციული დავების გადასაწყვეტად საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას დავის გადაწყვეტა ალტერნატიული გზით _ საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ხორციელდება, რა დროსაც მხარეთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილი დაცვის იგივე გარანტია უნდა არსებობდეს, რაც საერთო სასამართლოებში მსგავსი დავების განხილვისას. სწორედ ეს მოსაზრება უდევს საფუძვლად უფრო ხელსაყრელ ორგანოდ არბიტრაჟის მიჩნევისას მხარეთა გადაწყვეტილებას. ამ მიზნით არბიტრაჟი კანონისა და დებულების ფარგლებში უფლებამოსილი და ვალდებულია, გამოიყენოს დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ზომები. სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება ზემოთ მითითებულ დასაბუთებას, ასევე გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალის) მიერ შემუშავებულ მოდელურ კანონს «საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის შესახებ» (1985 წლის 21 ივნისი), რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონში ყველა სამართლებრივი სისტემის მიერ მათ აღიარებაზეა გათვალისწინებული. სანიმუშო კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარის თხოვნით გამოსცეს განკარგულება ამა თუ იმ მხარის მიერ დავის საგნის მიმართ უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიებების გატარების შესახებ, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს მხარისაგან წარმოადგინოს ასეთი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით შესაბამისი უზრუნველყოფა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ისა და ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სარჩელს შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულების გაუქმების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

გ. კ-ისა და ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

შპს «ს-ის» წარმომადგენლის სარჩელი შპს « .......... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.