¹ას-828-1043-08 27 მარტი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ძე
წარმომადგენელი _ გ. კ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ია
წარმომადგენელი _ ა. ბ-ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ნათესაური კავშირის დადგენა და მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 6 ივლისს დ. გ-იამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. გ-ძისა და ქ. ბათუმის ნოტარიუს ხ. კ-შვილის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ მ. ჟ-ენტთან ნათესაური კავშირი დადგენა, კერძოდ, რომ მ. ჟ-ენტი არის დედამისი და, შესაბამისად, თავად წარმოადგენს მისი პირველი რიგის მემკვიდრეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-იას სარჩელი დაკამყოფილდა, დადგინდა ნათესაური კავშირი მოსარჩელესა და მ. ჟ-ენტს შორის მასზედ, რომ აწ გარდაცვლილი მ. ჟ-ენტი იყო მოსარჩელე დ. გ-იას დედა და დ. გ-ია აღიარებულ იქნა აწ გარდაცვლილი მ. ჟ-ენტის პირველი რიგის მემკვიდრედ.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. კ-შვილის ქალიშვილობის გვარია ჟ-ენტი, რომელიც 1952 წლის 8 ივნისიდან მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ა. მ-შვილთან, დასტურდება ქორწინების მოწმობით და მხარეებიც ადასტურებენ; აღნიშნული ქორწინებიდან მ. ჟ-ენტს შეეძინა შვილი _ გ. მ-შვილი, მოპასუხე ნ. გ-ძის მეუღლე;
მ. ჟ-ენტის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ... ¹47-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად;
მ. ჟ-ენტი გარდაიცვალა 2006 წლის 21 აპრილს, მანამდე გარდაცვლილი იყო მისი მეუღლე _ ა. მ-შვილი. გარდაცვალებიდან რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა მისი შვილი გ. მ-შვილი, რომელსაც დედის სამკვიდრო არ გადაუფორმებია;
მოსარჩელე დ. გ-ია, რომლის ქალიშვილობის გვარია კ-შვილი, დაიბადა 1943 წლის 20 თებერვალს და მისი მშობლები იყვნენ შ. კ-შვილი და მ. კ-შვილი, რაც დასტურდება დაბადების სააქტო ჩანაწერითა და დაბადების მოწმობით;
სასამართლომ, სრს ზესტაფონის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილების 2007 წლის 10 ივნისის ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-იას მშობლების ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული;
საქმეში არსებული მასალების, მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მოწმეების განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დედის მ. კ-შვილის ქალიშვილობის გვარი იყო ჟ-ენტი; ხოლო დ. კ-შვილი რომ დ. გ-იაა, აღნიშნული დადასტურდა ბადრი გ-იასთან მისი ქორწინების მოწმობით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე აწ გარდაცვლილი მ. ჟ-ენტის შვილი იყო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. გ-ია აწ გარდაცვლილი დედის მ. ჟ-ენტის პირველის რიგის მემკვიდრე იყო, რაც სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მემკვიდრედ აღიარებასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2008 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ დ. გ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაგებელი, ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, დ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მ. კ-შვილი და მ. ასული ჟ-ენტი ერთი და იგივე პიროვნება იყო და დ. გ-ია, იგივე დ. კ-შვილი კი მისი შვილი და მართებულად აღიარა იგი დედის პირველი რიგის მემკვიდრედ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. გ-ძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაედგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მაშინ, როდესაც არსებობდა სააქტო ჩანაწერი, ვინაიდან აღნიშნა, რომ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი არ დაუდგენია. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ დ. გ-იას დაბადების პრიოდისათვის (1943 წელი), მეუღლეები ხშირად ქორწინების რეგისტრაციას არ ახდენდნენ, თუმცა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მეუღლის გვარსაც იღებდნენ. მსგავსი ურთიერთობები შემდგომ დარეგულირდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 10 ნოემბრის ბრძანებულებითა და სსრკ იუსტიციის სახალხო კომისრის 1944 წლის 26 ნოემბრის დირექტიული წერილით, შესაბამისად, მიუხედავად არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა, მ. ჟ-ენტი იწოდებოდა ასევე მ. კ-შვილად, ანუ მას მიღებული ჰქონდა მეუღლის გვარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რის გამოც საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ გააუქმა მის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხის განმარტებაზე დაყრდნობით, რომ გზავნილის მიღებაზე მისი ხელმოწერა არ ყოფილა, რაც არ დადასტურებულა საფოსტო გზავნილზე ფოსტის მიერ გაცემული ცნობით, ანუ სასამართლოს არ ჰქონია უტყუარი მტკიცებულება, რომ გზავნილი მოპასუხეს არ ჩაჰბარებია, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები; სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოკვლეულ ფაქტებს და ისე დაადგინა მ. კ-შვილისა და მ. ჟ-ენტის პიროვნების იგივეობა და რა მტკიცებულებათა ერთობლიობის აზრს დაეყრდნო არ დაუსაბუთებია. ამასთან, კასატორის განმარტებით, იგი ასაჩივრებდა მოსარჩელესა და მ. ჟ-ენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე სააქტო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ, ხოლო მოწმეთა ჩვენებები არ იყო უტყუარი მტკიცებულება და სასამართლო ამ კავშირის დადგენით გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე და 313-ე მუხლებით დადგენილ წესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოწმეების განმარტებების, აგრეთვე სრს ზესტაფონის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილების, დაბადების სააქტო ჩანაწერის შპს „ბ.-ის“ მიერ გაცემული ცნობებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილად ცნო დ. გ-იასა და მ. ჟ-ენტს შორის ნათესაური კავშირი, კერძოდ დადგენილად ცნო, რომ მ. ჟ-ენტი დ. გ-იას დედაა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებზეც არ იმსჯელა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლებოდა სადავო ფაქტის დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრეს. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლში მითითებული მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
პირთა შორის ნათესაური კავშირის არსებობის შესახებ განცხადების განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულება, ვინაიდან ასეთი ფაქტების დადგენისას გარკვეული სახის მტკიცებულებებით კანონი არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ასეთი ფაქტები დასტურდება მხოლოდ სააქტო ჩანაწერით. პირთა შორის ნათესაური კავშირი, ჩვეულებრივ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით შესრულებული სათანადო ჩანაწერით დასტურდება, მაგრამ ნათესაური კავშირის დადგენის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას, როდესაც გარკვეული პირის დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლის ან შვილის მონაცემები შეცდომითაა მითითებული ან ამა თუ იმ მიზეზის გამო არ არის დაცული (შემონახული) რომელიმე პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ჟ-ენტი და შ. კ-შვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. 1943 წელს შეეძინათ მოსარჩელე დ. კ-შვილი. მიუხედავად არარეგისტრირებული ქორწინებისა მ. ჟ-ენტს მიღებული ჰქონდა მეუღლის გვარი და შესაბამისად დ-ს დაბადების სააქტო ჩანაწერის დედის გრაფაში შეცდომით დედად ჩაიწერა – მ. კ-შვილი.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნათესაური კავშირის დადგენით სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა ამ კავშირის დადგენას და პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობას (ს.ფ. 1-2).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.