ას-828-1191-06 26 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
კასატორი – შპს ჰ...ი” (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი _ ა. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “გ...ი” (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი:
სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებულ სარჩელში _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “გ...ს” დირექტორმა 2005 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამმართველოს მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... დეპარტამენტისათვის კატარღის ღირებულების 72 000 ლარის დაკისრება. შემდგომში მან დააზუსტა სასარჩელო განცხადება და ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროსათვის. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამმართველომ 2000 წლის 5 ივნისს თხოვნით მიმართა სამმართველოსათვის გადაეცა მათ საკუთრებაში არსებული კატარღა “ა...ი” და აიღო ვალდებულება, რომ კატარღის ღირებულებას გადაიხდიდა მათ მიერ წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად. იმავე წლის 7 ივნისის სამმართველოს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე აღნიშნული კატარღა გადასცეს და საბალანსო მონაცემების შესაბამისად გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა კატარღის ღირებულების 72 000 ლარის განაღდებაზე. აღნიშნული თანხა არ არის განაღდებული, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. როგორც შემდგომ გაირკვა აჭარის არ ... სამმართველოს ყოფილმა უფროსმა თ.ი-მა აღნიშნული კატარღა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით გადასცა ფირმა “ჰ...ს”, რაზეც მითითებულია ბათუმის საქალაქო პროკურატურის 2004 წლის 6 აპრილის ¹121 დადგენილებაში.
შპს “ჰ...ს” დირექტორმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “გ...სათვის” 10000 აშშ დოლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... დეპარტამენტმა შპს “ჰ...ს” სარგებლობისათვის გადასცა კატარღა “ა...ი” ავარიულ მდგომარეობაში. კატარღის შპს “ჰ...სათვის” გადაცემისას შედგა კატარღის მდგომარეობის დეფექტური აქტი, სადაც ჩამოთვლილია ის ნაკლოვანებები, რომლებიც გააჩნდა კატარღას. კატარღის შპს “ჰ...ზე” გადმოცემის შემდგომ შპს “ჰ...ს” მიერ მოხდა მისი შეკეთება, რის შემდგომაც საჭიროების მიხედვით მას პერიოდულად იყენებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... დეპარტამენტი. შეგებებული სარჩელის ავტორმა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შპს “ჰ...ს” მიერ კატარღის რემონტისთვის გაწეულია ხარჯები, რამაც გაზარდა კატარღის ღირებულება მასზე გაწეული ხარჯების პროპორციულად. შესაბამისად, ამით მისი მესაკუთრე გამდიდრდა და სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად მას უნდა დაეკისროს კატარღის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა დ მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება, რამაც შეადგინა 10000 აშშ დოლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განჩინებით საქმეში არასათანადო მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროს ნაცვლად საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩართული იქნა შსს “ჰ...ი” და მასვე წარედგინა სასარჩელო განცხადება და თანდართული საქმის მასალები. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შეცვლისა და ნასყიდობის ფასის გადახდის ნაცვლად ნივთის დაბრუნების მოთხოვნის ნება დაერთო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს “გ...ს” სარჩელი მთლიანად დაკმაყოფლდა; შპს “ჰ...ს” დაეკისრა კატარღის “ა...ი” ¹... მესაკუთრისათვის შპს “გ...სათვის” დაბრუნება; შპს “ჰ...ს” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “გ...ს” შპს “ჰ...ს” სასარგებლოდ დაეკისრა 17347 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ...ს” დირექტორმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. შპს „ჰ...ს“ შეგებებული სარჩელი შპს „გ...სათვის“ 17 847 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ... დეპარტამენტის თავმჯდომარემ თ. ი-მა 2000 წლის 7 ივნისს ყოფილ თანამშრომელზე რ. შ-ე გასცა მინდობილობა შპს „გ...საგან“ 72 000 ლარად ღირებული კატარღა „ა...ს“ მისაღებად. მანვე იმავე წლის 5 ივნისს წერილით მიმართა ფირმა „გ...ს“ დირექტორს ა-ს, რომლითაც ადრესატს სთხოვდა შპს „გ...ს“ ბალანსზე რიცხული კატარღა „ა...ს“ გადაცემას, წერილის ავტორის მითითებით ღირებულების ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით უნდა მომხდარიყო და აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... საბჭოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლომ ს.ფ. 35-ზე წარმოდგენილ ცნობასა და საქმეში წარმოდგენილ ბათუმის საქალაქო პროკურატურის 2004 წლის 6 აპრილის სისხლის სამართლის არ აღძვრის დადგენილებაზე მითითებით ჩათვალა, რომ თ.ი-მა უფლებამოსილების გადამეტებით, თვითნებურად, უკანონოდ გადასცა კატარღა შპს “ჰ...ს”. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან კატარღის გადაცემის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2002 წელს და მისი კუთვნილება სადავო გახდა 2004 წელს, ნივთის გადაცემის მომენტისათვის შპს “ჰ...ი” ნივთს მართლზომიერად ფლობდა და იგი სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერი მფლობელია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოება ვერ გახდება მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მხოლოდ კეთილინდისიერი მფლობელობა არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა შპს “გ...ს” გამდიდრების ფაქტის დადასტურება. ეს გარემოება კი სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგან ნივთის ღირებულება იმ პერიოდისათვის, როცა იგი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა შეადგენდა 72000 ლარს, ხოლო მისი ამჟამინდელი ღირებულება 30000-35000 ლარია, გამდიდრების ფაქტი იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს ნივთი დაუბრუნდა არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნივთის მესაკუთრე არ გამდიდრებულა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჰ...ს” წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ჰ...ს” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “ჰ...ი” კეთილსინდისიერ მფლობელად იქნა მიჩნეული, მაგრამ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა შპს “ჰ...ს” მიმართ სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით მინიჭებული უფლება, ასევე არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ჰ...ს” კატარღა გადაეცა ავარიულ მდგომარეობაში, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. შპს “ჰ...ს” მიერ გარემონტებული იქნა კატარღა, გაწეული ხარჯების ოდენობა დადგენილია ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით. შპს “ჰ...ს” კატარღისაგან მისი კეთილსინდისიერი მფლობელობის პერიოდში რაიმე შემოსავალი არ მიუღია და შპს „ჰ...ი“ საფუძვლიანად იქნა აღიარებული ორივე ინსტანციის სასამართლოში კეთილსინდისიერ მფლობელად. სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ჩათვალა, რომ შპს „გ...ი“, მიუხედავად იმისა, რომ მას გადაეცა შპს „ჰ...ს“ მიერ დანახარჯებ გაწეული კატარღა არ გამდიდრებულა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მოსაზრება წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მოთხოვნებთან. კასატორმა მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ჰ...ს“ გადაეცა უვარგისი, სარემონტო კატარღა, რომ კატარღის ღირებულება შპს „ჰ...ზე“ გადაცემისას იყო მისი ამჟამინდელ ღირებულებაზე ნაკლები და კატარღის ღირებულების შემცირება არ მომხდარა შპს ჰ...ს“ მფლობელობის დროს და კატარღის ღირებულების შემცირება მოხდა ... დეპარტამენტის მფლობელობის პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია თუ რატომ უნდა დაკისრებოდა სამოქალაქო წესით შპს „ჰ...ს“ ზიანის ანაზღაურება, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მას რეალურად დააკისრა სააპელაციო სასამართლომ, როდესაც მას უარი უთხრა ხარჯების ანაზღაურებაზე. კასატორის მითითებით, შპს “ჰ...მა” ნივთის კეთილსინდისიერად ფლობისას ნივთის გასაუმჯობესებლად გადაიხადა 17 847 ლარი და დანახარჯის პროპორციულად გაზარდა ნივთის ღირებულება, შესაბამისად გამდიდრდა დანახარჯგაწეული ნივთის მიმღები მესაკუთრე, რომელიც ვალდებულია აუნაზღაუროს ხარჯების გამწევს მისი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული დანახარჯები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რის შედეგადაც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ შპს “ჰ...ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კატარღა “ა...ი” შპს “გ...ს” საკუთრებაა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „ჰ...ი“ კეთილსინდისიერ მფლობელად მიიჩნია, მაგრამ ვინაიდან მას თავიდანვე არ ჰქონდა სადავო ნივთის ფლობის უფლება, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის ნაწილის საფუძველზე მას, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს დაავალა მოსარჩელე შპს „გ...ს“ სასარგებლოდ კატარღა „ა...ს“ დაბრუნება (ს.ფ. 93). შპს „გ...ს“ დირექტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ შპს „ჰ...ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება კატარღა “ა...ს” შპს “გ...სათვის” დაბრუნების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ჰ...ი“ არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ შემძენადაა მიჩნეული, თვით სააპელაციო სასამართლომაც ჩათვალა, რომ შპს „ჰ...ი“ ნივთის გადაცემის მომენტისათვის მას მართლზომიერად ფლობდა და იგი სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერ მფლობელად მიიჩნია (ს.ფ. 150). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს „ჰ...ს“ მხოლოდ კეთილსინდისიერი მფლობელობა არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ კეთილსინდისიერებასთან ერთად სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა შპს „გ...ს“ გამდიდრების ფაქტის დადასტურება (ს.ფ. 151). საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება. ამ ნორმის თანახმად კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს „ჰ...ს“ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას ამ ნორმის თანახმად უნდა დაედგინა შპს “ჰ...ს” მიერ ამ ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა, ასევე გამოერკვია სადავო კატარღის სარგებლობისას ხომ არ ჰქონდა ადგილი გაწეული ხარჯების კომპენსირებას.
საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ჰ...ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.