Facebook Twitter

საქმე №80აგ-16 10 ნოემბერი, 2016 წელი

გ. ს., 80აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 10 ივნისის ჩათვლით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით ს. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 11 თვე, 15 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 11 თვე, 15 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ს. გს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 თებერვლიდან.

4. 2016 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ ს. გ-ის ადვოკატმა თ. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქ სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ს. გ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ს. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. ადვოკატმა თ. პ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ს. გ-ის მთლიანად გათავისუფლება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ს. გ-ის საქმესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მისჯილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, უნდა შეეცვალოს არასაპატიმრო სასჯელით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ს. გ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეეცვალოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით - 120 საათი, რაც პირობით არ იქნეს გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 11 თვე, 15 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 120 საათი და 1 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 120 საათი და 1 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე