¹ას-829-1192-06 28 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქ.¹63-ში მდებარე საერთო მფლობელობაში არსებული სახლიდან კუთვნილი 1/9 წილის გამოყოფა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელე მ. გ-ს რეალურად საკუთრებაში გამოეყო ქ.ბათუმში, ... ქ.¹63-ში მდებარე სახლის საერთო საკუთრებიდან მისი იდეალური 1/9 წილი, რის შემდგომაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2005 წლის 12 აპრილს ა. ქ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ა. ქ-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ა. ქ-მ კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე და მისი გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი თავისი შინაარსით მიიჩნია სააპელაციო საჩივრად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის – მ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარ; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინება.
2006 წლის 5 ივლისს ა. ქ-მ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე პალატის 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინება.
ა. ქ-მ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა. ქ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა. ქ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 177-179). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ა. ქ-ს (ს.ფ. 180), რაც 2007 წლის 5 იანვარს პირადად ჩაჰბარდა მას (ს.ფ. 181). საკასაციო პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით ა. ქ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა (ს.ფ. 184-185). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორსა და მის წარმომადგენელს ვ. ხ-ს (ს.ფ. 186-187). განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ა. ქ-ს 2007 წლის 31 იანვარს, ხოლო და მის წარმომადგენელს ვ. ხ-ს 2007 წლის 30 იანვარს (ს.ფ.188-189). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.